ამერიკული სანქციების ფონზე ჩინეთ-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობების რეკორდული მაჩვენებლები

2024 წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსეთში ჩინური იმპორტისა და ექსპორტის ღირებულებამ 2024 წელს 1.75 ტრილიონი იუანი ( $237 მილიარდი) შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ჩინეთ-რუსეთის ორმხრივმა ვაჭრობამ 2024 წელს 244,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 4 მილიარდით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, ჩინეთ-რუსეთის ვაჭრობის იუანში დენომინირებული ღირებულება 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 2,9%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა ბევრად ნელი იყო, ვიდრე 2023 წელს. ამასთან, ჩინური პროდუქციის მიწოდება რუსეთისთვის 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, იუანის კუთხით 5%-ით გაიზარდა, რაც მკვეთრად ჩამორჩება 2023 წლის 53,9%-იან ზრდას.

ჩინეთისა და რუსეთის ასეთი მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ამერიკისთვის უკვე დიდი ხანია ყურადღების საგანია. ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში ბაიდენმა მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ჩინეთსა და სი ძინპინს აუცილებლად მოუწევდათ პასუხისგება იმის გამო, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთს დიდ დახმარებას უწევდნენ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მთავარ გამოწვევას ერთმანეთისთვის ანგარიშსწორებისა და გადახდის გზებზე შეთანხმება წარმოადგენს. ამის მიუხედავად, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ 2024 წელს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერობამ აქამდე არნახულ დონეს მიაღწია, რაც მან დადებით პროცესად შეაფასა. პუტინისთვის საახალწლო მილოცვაში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მსგავი პოზიცია დააფიქსირა  და განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი ყოველთვის „ხელიხელჩაკიდებულები“ მიიწევდნენ წინ სწორი მიმართულებით. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-მ ასევე გაავრცელა დეკემბერში მოსკოვის ელჩის პეკინში ვიზიტის დროს გაცემული დაპირება, რომლის მიხედვითაც სი ძინპინი 2025 წელს რუსეთს ესტუმრება.

ჩინეთსა და რუსეთს შორის გაძლიერებული ვაჭრობა განპირობებულია დასავლეთის მხრიდან რუსეთისკენ მიმართული სანქციებით. როგორც აშშ-ში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, The Conference Board-ის ჩინეთის ცენტრის ხელმძღვანელი ალფრედო მონტუფარ-ჰელუ აცხადებს, რუს მომხმარებლებს დასავლეთის სანქციების გამო შიდა ბაზარზე ასარჩევად ნაკლები ალტერნატივა აქვთ, რაც ზრდის მოთხოვნილებას ჩინური საქონლის მიმართ. მისი წინასწარმეტყველებით, ამ ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობა 2025 წელსაც გაგრძელდება, რადგან ჩინეთი უფრო და უფრო დიდი ბაზარი ხდება რუსული ექსპორტისთვის, ჩინური პროდუქცია ავსებს იმ დანაკლისს, რაც რუსულ ბაზარს დასავლური ქვეყნებისგან პროდუქციის შეზღუდული მიწოდებით წარმოექმნება.

თუმცა ამ ორმხრივ ვაჭრობას 2025 წელს დიდი გამოცდა ელის. 10 იანვარს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა. ეს სანქციები მიმართულია რუსეთის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის, „გაზპრომ ნეფტისა“ (Gazprom Neft) და „სურგუტნეფტეგაზის“ (Surgutneftegaz) წინააღმდეგ. ასევე, მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების შესამცირებლად 183 გემი გამოცხადდა დაბლოკილ საკუთრებად. შტატებში თვლიან, რომ სწორედ ენერგეტიკული ინდუსტრიაა კრემლის მთავარი შემოსავლის წყარო, რითაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაფინანსებას ახერხებს.

აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა მოლარაპაკებების დროს ჩინეთის ვიცე-პრემიერი ჰე ლიენგი გააფრთხილა, რომ ჩინური კომპანიები მიიღებდნენ შესაბამის რეაქციასა და შედეგებს, თუ ისინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მატერიალურ დახმარებას გაუწევენ.

ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა კუი დონგშუმ ჩინურ მედიას განუცხადა, რომ 2025 წელს რუსეთში მანქანების ექსპორტი შეიძლება შემცირდეს კიდეც, რაც სწორედ გადასახადების გაზრდითაა გამოწვეული.

Scroll to Top