ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა გააძლიერებს სამხედრო წვრთნებს და მიიღებს მკაცრ ზომებს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა თაივანისთვის 11.1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვის პაკეტი დააანონსა – ამგვარი გარიგება ყველაზე მასშტაბურია აშშ-თაივანის ურთიერთობების ისტორიაში.
თაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეთავაზებული პაკეტი მოიცავს რვა სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას, მათ შორის, HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, ჰაუბიცებს, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Altius-ის ტიპის კამიკაძე-დრონებს (loitering munitions) და სხვა სამხედრო აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილებს.
ხაზგასასმელია, რომ იარაღის პაკეტი ჯერ კიდევ საჭიროებს აშშ-ის კონგრესის მხრიდან დამტკიცებას. თუმცა, ვინაიდან თაივანი იქ ფართო ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს, გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გამარტივდება.
პენტაგონის მიერ გავრცელებულ ცალკეულ განცხადებებში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული მხარდაჭერა ასიმეტრიული თავდაცვის გაძლიერებას ემსახურება, რომელიც შედარებით მცირე, მობილურ და ტექნოლოგიურად ეფექტურ შეიარაღებაზეა დაფუძნებული. ვაშინგტონში სწორედ ამგვარ მიდგომას მიიჩნევენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ გარანტორად. მეტიც, მათი შეფასებით, სამხედრო ტექნიკის მიწოდება თაივანს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და „სარწმუნო თავდაცვითი შესაძლებლობების“ შენარჩუნებაში ეხმარება, რაც ჩინეთის გავლენის შეკავების კონტექსტში პირდაპირ ეხმიანება შეერთებული შტატების ეროვნულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. ყოველივე ეს ამ თვეში გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც აისახა, სადაც თაივანის სტრატეგიული მნიშვნელობა ახსნილია, როგორც გეოგრაფიული კვანძი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ორ განსხვავებულ სამხედრო-სტრატეგიულ სივრცედ ყოფს.
შორეულ აღმოსავლეთში მიმდინარე მილიტარიზაციის უკეთ გასააზრებლად, მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ თაივანის პრეზიდენტის მიერ გასულ თვეში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც კუნძული 2026–2033 წლებისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებით თავდაცვის ბიუჯეტს გამოყოფს. ლაი ჩინ-თემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეროვნულ უსაფრთხოებაში კომპრომისისთვის ადგილი არ არსებობს.“
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარიგებებზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ და მომავალ წელს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაგეგმილმა ვიზიტმა რეგიონში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, პრაქტიკული ნაბიჯები საპირისპიროს აჩვენებს. რესპუბლიკელები გეგმავენ თაივანისთვის იარაღის გაყიდვების გაზრდას იმ დონემდე, რომელიც ტრამპის პირველი ვადის მაჩვენებლებსაც კი გადააჭარბებს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა თითქმის 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის წლიურ თავდაცვის პოლიტიკის კანონპროექტს. დოკუმენტი 1 მილიარდი დოლარით აფინანსებს თაივანის უსაფრთხოების თანამშრომლობის ინიციატივას და ამერიკულ ძალებს ანიჭებს უფლებამოსილებას, გააგრძელონ სამხედრო წვრთნები კუნძულზე.
ამავე დროს, თაივანის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა კატეგორიულად უარყოფს პეკინის სუვერენიტეტის პრეტენზიებს და აცხადებს, რომ კუნძულის მომავალზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ თაივანის მოსახლეობის პრეროგატივაა. ამის მიუხედავად, ჩინეთი კვლავ უარს ამბობს ლაი ჩინ-თესთან მოლაპარაკებებზე, ვინაიდან მას „სეპარატისტად“ მოიხსენიებს და კუნძულზე კონტროლის დასამყარებლად არც სამხედრო ძალის გამოყენებას გამორიცხავს.
ავტორი: სესილი ადამია




