აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში პირველი ფინანსური სანქციები გამოაცხადა. სანქციები ირანული ნავთობის ჩინეთში ტრანპორტირებაში ჩართულ საერთაშორისო ქსელის წინააღმდეგ არის მიმართული. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული ქსელი პასუხისმგებელია ასობით მილიონი დოლარის ღირებულების მილიონობით ბარელი ირანული ნედლი ნავთობის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადაზიდვაზე.
ნავთობის გადაზიდვები ხორციელდება ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სანქცირებული ერთეულის, Sepehr Energy Jahan Nama Pars-ის სახელით. სანქციები შეეხო პირებსა და კომპანიებს ჩინეთში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
გარდა ამისა, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბლოკირების სანქციები დააწესა ორ ტანკერზე—პანამის დროშის ქვეშ მცურავ CH Billion-სა და ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავ Star Forest-ზე—ირანული ნავთობის ჩინეთში ტრანსპორტირებაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს გემები ტვირთავენ ირანულ ნედლ ნავთობს ჩინეთის საცავებიდან. აღნიშნული ქმედებები ირანის სამხედრო ძალებისთვის ნავთობის გაყიდვების გზით სარგებლის მოტანის სქემის ნაწილია.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტემი ბრიუსმა, ხაზი გაუსვა, რომ სანქციების მიზანია “უკანონო ფინანსური წყაროების ჩახშობა”, რომლებიც ირანის შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულ ჯგუფებს, მათ შორის ჰამასსა და ჰეზბოლას, აფინანსებენ.
“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, რათა რეჟიმი პასუხისგებაში მივცეთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისა და ბირთვული იარაღის წარმოების მცდელობისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ სამყაროს,”—განაცხადა ბრიუსმა.
მიმდინარე მონაცემებით, ირანის ნავთობის ექსპორტმა 2024 წლის პირველ კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ექსპორტის უმეტესი ნაწილი ჩინეთში განხორციელდა. The Economist-ის 2024 წლის ოქტომბრის გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წელს ირანის ნავთობისა და პეტროქიმიური პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 70 მილიარდ დოლარს აღწევდა.
ჩინეთში ირანული ნავთობის იმპორტის ზრდა მიანიშნებს, რომ ჩინელი მყიდველებისთვის ირანული ნავთობის შეძენით მიღებული ეკონომიკური სარგებელი აღემატება აშშ-ის სანქციების რისკებს. ირანული ნავთობი ხშირად ბაზრის ფასებზე იაფად იყიდება და, გავრცელებული ცნობებით, ფასდაკლებით ვრცელდება. ეს მოცემულობა ირანულ ნავთობს ჩინეთისთვის სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და რუსეთის ნავთობზე უფრო მიმზიდველს ხდის.
ირანული ნავთობის უმეტესობას ჩინეთში მცირე, ნახევრად დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ე.წ. “teapots”-ები ყიდულობენ. ეს ქარხნები “რთულად აღმოსაჩენია და არ არის დაკავშირებული აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან,” რაც ზღუდავს სანქციების ეფექტურობას. ამასთან, სავაჭრო კომპანიები იყენებენ უკანონო ტაქტიკებს, როგორიცაა ირანული წარმოშობის ნავთობის ხელახალი მარკირება და ტანკერების მარშრუტების გაყალბება.
“ირანის რეჟიმი კვლავ კონცენტრირებულია ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე, რათა დააფინანსოს ბირთვული პროგრამის განვითარება, სასიკვდილო ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება, ასევე რეგიონალური ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა,”—განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
“შეერთებული შტატები მტკიცედ ებრძვის ირანის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ამ მავნე საქმიანობის დაფინანსებას ისახავს მიზნად,”—დასძინა მან.