დაძაბულობა აშშ-ჩინეთს შორის ფენტანილის საკითხის გარშემო

16 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, „ფენტანილით ლეტალური ვაჭრობის“ ყველა ფორმის შეჩერების შესახებ (HALT Fentanyl Act). აქტი მიემართება ბოლო წლებში ამერიკის საზოგადოების წინაშე არსებულ მწვავე პრობლემას – ფენტანილით ვაჭრობისა და ფენტანილით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას. მხოლოდ 2023 წელს, ფენტანილმა 76 282 ამერიკის მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია. შესაბამისად, ამ საკითხის მოგვარება ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

თუმცა, ფენტანილის საკითხი ამერიკის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს გასცდა და ჩინეთთან დაძაბულობაში გადაიზარდა. 2025 წლის თებერვალში, დონალდ ტრამპმა ჩინეთს 10 %-იანი ტარიფები დაუწესა. სავაჭრო შეზღუდვების დაწესების მიზეზად კი, ამერიკის პრეზიდენტმა დაასახელა პეკინის ხელის შემწყობი როლი ფენტანილის წარმოებასა და გავრცელებაში. კერძოდ, თებერვალში, მან სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი: „ამ ნარკოტიკული საშუალებების დიდ ნაწილს, დიდწილად ფენტანილის სახით, ჩინეთი აწარმოებს და ავრცელებს“.

16 ივლისს, აქტის ხელმოწერის შემდეგ, ტრამპმა აღნიშნა, რომ ფენტანილით ვაჭრობის ხელშეწყობით მიყენებული ზარალის სანაცვლოდ, ჩინეთი ამჟამად ამერიკას, ტარიფების გამო, მილიარდობით დოლარს უხდის. ამასთან, პრეზიდენტის განცხადება პოზიტიური გზავნილებითაც გამოირჩეოდა. მან აღნიშნა, რომ ჩინეთი ფენტანილის საკითხის მოსაგვარებლად „დიდ ნაბიჯებს“ დგამს და სავარაუდოდ, „ჩინეთი საბოლოოდ სიკვდილით დასჯის“ იმ ადამიანებს, რომლებიც ფენტანილს აწარმოებენ.

დონალდ ტრამპის კომენტარის საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა აღნიშნა, რომ „ფენტანილი აშშ-ის პრობლემაა და არა ჩინეთის“. შესაბამისად, განცხადების მიხედვით, ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ამერიკას ეკისრება.

„ამერიკამ უგულებელყო ჩინეთის კეთილი ნება და მაინც დააწესა ფენტანილის ტარიფები ჩინეთზე, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ჩინეთ-ამერიკის დიალოგსა და ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაზე და მნიშვნელოვნად აზიანებს ჩინეთის ინტერესებს. თუ ამერიკას გულწრფელად სურს ჩინეთთან თანამშრომლობა, მან უნდა მიიღოს ობიექტური ფაქტები და ჩინეთთან თანასწორ, პატივისცემასა და ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებულ დიალოგში ჩაერთოს.“ – განაცხადა ლინ ჯიანმა.

Scroll to Top