
სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში – „დემოკრატიის დაცვა საქართველოში: სამოქალაქო საზოგადოების ხმა და დასავლური სოლიდარობა“, რომელიც გაიმართა რიგის კონფერენცია 2025-ის ფარგლებში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და დამოუკიდებელი ხმების მიმართ მზარდ ზეწოლაზე.


თინათინ ხიდაშელმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობასა და დემოკრატიული სივრცის შესანარჩუნებლად მიმდინარე ბრძოლაზე. მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო გამძლეობისა და საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე განხორციელებული ზეწოლისა, სამოქალაქო საზოგადოება კვლავ რჩება ქვეყნის დემოკრატიის მთავარ დამცველ ძალად.
