რამდენიმე დღის წინ, ცენტრალური აზიის რეგიონი მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში მოექცა, სი ძინპინის ისტორიული ვიზიტის გამო, რომელიც მისი პირველი პოსტ პანდემიური ვიზიტია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. მისი მოგზაურობა ცენტრალურ აზიაში ყაზახეთით დაიწყო, სადაც ის 14 სექტემბერს გაემგზავრა და შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჯომარტ ტოკაევს, ვიცე-პრემიერთან, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ნურ-სულთანის მერთან ერთად, მხარეებმა ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სავაჭრო საკითხები განიხილეს და არაერთი ახალი ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ. ორმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ყაზახეთი მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეტენზიებს ტაივანზე და „ერთი ჩინეთის პრინციპის“ ერთგული რჩება. “ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში (30 წელი), ჩვენ დავამყარეთ ძლიერი სახელმწიფოთაშორისი კავშირები. გულწრფელად მადლობას გიხდით ყაზახეთის ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი საერთაშორისო ინიციატივების მხარდაჭერისთვის”, – განუცხადა ტოკაევმა ჩინეთის ლიდერს. იმავე დღეს, ყაზახეთის ლიდერისთვის მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ, სი ძინპინი უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე დასასწრებად გაფრინდა. ორმხრივი შეხვედრები გამართა რამდენიმე ლიდერთან, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი უზბეკეთის პრეზიდენტს შავკათ მირზიოევს შეხვდა, რათა ყაზახეთის მსგავსად, დაეცვა მათი გრძელვადიანი პარტნიორობა და ერთობლივი მომავალი, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. უზბეკეთის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი მტკიცე და ცალსახა მხარდაჭერა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ, რომელიც ტაივანში მის ძირითად ინტერესებს უკავშირდება. 16 სექტემბერს, ჩინეთის ლიდერი შეხვდა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს და “ორმხრივი პოლიტიკური ნდობა” გამოუცხადა. იმავე დღეს, სი ძინპინმა ასევე გამართა ორმხრივი მოლაპარაკებები ირანის პრეზიდენტ, ებრაჰიმ რაისთან. ირანის პრეზიდენტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის დახმარებით, აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებზე თავის არიდების სურვილი გამოთქვა. თავად სიმ აღნიშნა, რომ მათი ყოვლისმომცველი პარტნიორობის ზრდის მოლოდინშია და მხარდაჭერა გამოუცხადა „ირანს მისი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების დაცვაში“.
თუმცა, საინტერესოა იმის ცოდნა, თუ რატომ აირჩია ჩინეთის ლიდერმა კონკრეტულად ცენტრალური აზია, როგორც მისი პირველი დანიშნულების ადგილი, ორწლიანი საყოველთაო კარანტინის შემდეგ. გასაკვირი არ არის, რომ მის საქციელს უფრო ფართო და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და მისი პარტიისთვის. სის გზავნილი იყო ლაკონური და მკაფიო, და გულისხმობდა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც რუსეთის როლი ცენტრალურ აზიაში მცირდება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მზად არის რეგიონში წამყვანი გლობალური ძალის როლი შეასრულოს, ხოლო ჩინეთის ლიდერის ვიზიტი კი სწორედ ამ მიზნის დადასტურებაა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო ამბიციები ყოველთვის მიზნად ისახავდა ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებით ქვეყნების ჩინეთთან დაკავშირებას. 2013 წლიდან, “ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა” (BRI) სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ქვეყნებს წყნარი ოკეანის სამხრეთიდან აზიის გავლით ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აფრიკაში სხვადასხვა სავაჭრო გზებით აკავშირებს. თავისი ვიზიტით სიმ სახელმწიფოებს გლობალური ინიციატივისადმი ჩინეთის ერთგულებისა და მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციების გარანტია მისცა. ცენტრალურმა აზიამ და განსაკუთრებით ყაზახეთმა BRI-ის ფარგლებში, ცხრაწლიანი ორმხრივი თანამშრომლობის განმავლობაში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თავად რეგიონი კი წარმოადგენს ე.წ. “კარიბჭეს”, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ევროპასთან აკავშირებს. გასაკვირი არ არის, რომ დაძაბული გარემოებებით სავსე სამყაროში, ჩინეთი არ კარგავს ინტერესს ცენტრალური აზიის მიმართ და ყოველთვის მზადაა გააფართოვოს თავისი გავლენა რეგიონში. თავად ცენტრალური აზია, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა. რეგიონში ნაკლებად გამოვლინდა ძალაუფლებისთვის მნიშვნელოვანი კონკურენცია. შესაბამისად, ჩინეთი აღიქვამს ამ რეგიონს, როგორც თავისი კომპანიებისთვის და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ ჰაბს.
მეორე მხრივ, ცენტრალური აზიის ქვეყნების მოლოდინები, რომ სი ძინპინთან შეხვედრა არის ურთიერთგაგების, ნდობის გაღრმავებისა და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გამყარების გამოძახილი, ასევე გამართლდა სის პირველი და ისტორიული ვიზიტით კოვიდ-19 პანდემიის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი მჭიდროდ არის დამოკიდებული მოსკოვზე, ხოლო თავად რუსეთი კი ჩართულია უკრაინასთან ომში, სანქცირებულია სრულიად დასავლეთის მიერ (და არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების, არამედ წამყვანი აზიის დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ), მისი გავლენა კი რეგიონულ დონეზე იკლებს, ცენტრალურმა აზიამ შესაძლოა მომავალში რუსეთის ეფექტურ ალტერნატივად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა განიხილოს, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. აქედან გამომდინარე, ცენტრალური აზიის ლიდერების მიერ სის ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები და მათი გადარჩენის საერთო მოლოდინები ასახავს ამ სტრატეგიულ განზრახვას. იმავდროულად, ჩინეთის ლიდერმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი, რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შესახვედრად გამოიყენა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და პარალელურად ტაივანის საკითხზე მეტი მხარდამჭერის პოვნას ცდილობს, სი ძინპინმა პირობა დადო, რომ მზადაა იმუშაოს პრეზიდენტ პუტინთან და განაგრძოს მათი საერთო ინტერესების გატარება დასავლეთის წინააღმდეგ, რადგან პეკინი და მოსკოვი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას აღიქვამენ, როგორც რეგიონში შეერთებული შტატების ალიანსების საპირწონეს. „ჩინეთი მზადაა რუსეთთან ერთად შეითავსოს დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოს სახელი და წამყვანი როლი შეასრულოს სოციალური არეულობით შეძრწუნებულ სამყაროში სტაბილურობისა და პოზიტიური ენერგიის შესატანად“, – შეხვედრისას განუცხადა სიმ პუტინს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ჩინეთის საჯაროდ გამოცხადებული თავშეკავებულობის პოლიტიკისა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე, მან შეხვედრამდეც განაგრძო ფარული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა კრემლთან. რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის პოზიცია უფრო გასაგები რომ გავხადოთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ის ადანაშაულებს არა რუსეთს, არამედ აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს (ნატო), რომლებმაც, ჩინეთის აღქმის თანახმად, მოახდინეს პროვოცირება და მანიპულირება დაპირისპირებულ მხარეთა შორის უკვე არსებული დაძაბული სიტუაციით. ამ შეხვედრაზე სი ძინპინმა გაიმეორა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოზიცია და პუტინისგან მოითხოვა იმის გარანტია, რომ ომი კიდევ უფრო არ დააზიანებს რეგიონულ უსაფრთხოებას. მიუხედავად ამისა, 21 სექტემბერს, პუტინის და სი ძინპინის პირისპირ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, პრეზიდენტმა პუტინმა რუსი სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ხოლო მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დედაქალაქში პირველი გაწვევის ცენტრის შექმნა დაანონსა იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც რუს ჯარისკაცებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ. უცნობია სი ძინპინთან შეხვედრა და ჩინეთის ლიდერის მიერ გამოთქმული „მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა“ მოიცავდა თუ არა რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ნარატივს, დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ფონზე. თუმცა, პუტინის შემდგომი ქმედებები, რა თქმა უნდა, იძლევა ამის ვარაუდის საფუძველს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმავე დღეს ჩინეთის ლიდერმა, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას სამხედრო მზადყოფნისკენ მოუწოდა ტაივანთან მიმართებაში სიტუაციის ესკალაციის გამო.
აღსანიშნავია, რომ საგარეო ინტერესებს თან ახლავს სის პირადი ზრახვები და ამბიციები. 2022 წლის 16 ოქტომბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ეროვნული კონგრესი შეიკრიბება პეკინში, სადაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პარტიის უმაღლეს ხელმძღვანელობას აირჩევენ. კონგრესი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ამჟამინდელი ლიდერი, სი ძინპინი, სავარაუდოდ, მესამე ვადით დარჩება ქვეყნის სათავეში, არღვევს “seven up, eight down” წესს, რომლის მიხედვითაც, 68 წლის და ზემოთ მყოფი ლიდერები თანამდებობას ტოვებენ, ხოლო სი ძინპინმა უკვე გადააჭარბა ასაკობრივ ზღვარს. ექსპერტები ვარაუდობენ, მიუხედავად ამ პოლიტიკური ტრადიციისა, სი უკვე ემზადება მესამე ვადისთვის, ვინაიდან მისმა მმართველობამ მკვეთრად შეცვალა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური ლანდშაფტი. მისი ვიზიტი ცენტრალურ აზიაში კონგრესამდე დაიგეგმა, იმის დასამტკიცებლად რომ მაოს შემდეგ ჩინეთის ყველაზე გავლენიანი ლიდერია, და ეფექტურად ხელმძღვანელობს ანტიდასავლურ სახელმწიფოთა ალიანსს.