ევროკავშირის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული; ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობაში შემჩნეულ ჩინურ კომპანიებს სანქციებს უმზადებს

ევროკავშირისა და ჩინეთის ოფიციალური პირები  ჩინურ ელექტრომობილებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფების ალტერნატივებს განიხილავენ.  ევროკავშირის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ საკითხის მყისიერი გადაწყვეტის პერსპექტივა არ ჩანს.

ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარემ ბერნდ ლანგემ პარასკევს გერმანიის მაუწყებელს მიანიშნა, რომ 27 ქვეყანას შორის შეთანხმება, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ტარიფების სხვა ზომით ჩანაცვლების შესახებ, დასრულებულ სახეს უახლოვდება. 

Reuters-ი იუწყება, რომ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, რომლებიც მოლაპარაკებების მგრძნობიარე ხასიათის გამო ანონიმურად საუბრობდნენ, უარყვეს ლანგეს განცხადება. მათ განმარტეს, რომ დისკუსიები გრძელდება და მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ხელს უშლის გარიგების დადებას. 

ტარიფებთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებს წინ უსწრებდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრა გასულ კვირას, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში. შეხვედრაზე სი ძინპინმა ისაუბრა ჩინეთის მზადყოფნაზე ითანამშრომლოს გერმანიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფების საკითხს ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე. სი ძინპინის თქმით, ტარიფები პეკინსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო კონფლიქტის რისკებს ზრდის. 

წევრი ქვეყნებისგან საჭირო მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესების 5 წლიანი გეგმა 2024 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.   ტარიფები, სავარაუდოდ, გაიზრდება ამჟამინდელი 10%-დან 45%-მდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.  

ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ჩინეთი „ინტენსიურად იმუშავებენ” ტარიფების გაზრდით შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. საპასუხოდ, ჩინეთის კომერციის სამინისტრომ დაგმო გადაწყვეტილება, როგორც “არასამართლიანი” და “არაგონივრული”, მაგრამ აღიარა საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესაძლებლობა.

გადაწყვეტილება ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე მაღალი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა ერთსულოვანი. გერმანია, რომლის საავტომობილო ინდუსტრია დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთში ექსპორტზე, ეწინააღმდეგებოდა ტარიფებს. ევროკავშირის ბევრმა წევრმა  სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. თუმცა საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა მხარი დაუჭირეს იმპორტის გაზრდილ გადასახადებს. ტარიფების შესახებ წინადადების დაბლოკვა შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 27-დან  15 წევრი ქვეყნის კვალიფიციური უმრავლესობა არ დაუჭერდა მხარს.

ორ ბლოკს შორის მზარდი სავაჭრო დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის მხრიდან ისმის მოწოდებები თანამშრომლობისკენ.  ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირიმა ერთმანეთი  პარტნიორებად უნდა აღიქვან და არა მოწინააღმდეგეებად. მან ორივე მხარეს მოუწოდა იფიქრონ ერთმანეთის პერსპექტივიდან და ეძიონ პარტნიორობის გზები. 

მცდელობის მიუხედავად, ცხადია, რომ ევროკავშირის ზომები ჩინეთის წინააღმდეგ არ შემოიფარგლება მხოლოდ იმპორტის გადასახადების გაზრდით გარკვეულ სექტორებში. ორშაბათის მდგომარეობით, Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი აპირებს სანქციების დაუწესოს რამდენიმე ჩინურ ფირმას, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებს უკრაინაში გამოყენებული თავდამსხმელი დრონების შექმნაში ეხმარებოდნენ. 

Scroll to Top