პროექტის – „ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის სამოქალაქო მონიტორინგი – ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში“, გიზიარებთ დემოკრატიის ვირტუალური აკადემიის მიერ მომზადებულ მედიამონიტორინგის ანგარიშს.
განხორციელებული მედიამონიტორინგი მიზნად ისახავდა შეგვესწავლა:
✓ თუ რა სიხშირითა და ტონით (პოზიტიური/ნეგატიური/ნეიტრალური) აშუქებდა სატელევიზიო და ონლაინმედია 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს;
✓ შეინიშნებოდა თუ არა სატელევიზიო და ონლაინ მედიასაშუალებების მხრიდან მიკერძოება რომელიმე საკითხისადმი, ან – პოზიციისადმი; დაცული იყო თუ არა ბალანსი თითოეული პრიორიტეტის გაშუქების პროცესში;
✓ დაცული იყო თუ არა ბალანსი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების პოზიციების საზოგადოებამდე მიტანის პროცესში და სხვა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა 4 ტელეარხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქშოუების, ასევე, სამი საინფორმაციო სააგენტოს მონიტორინგი.
მონიტორინგის პერიოდი: 3 თვე / 2022 წლის 1 ოქტომბრიდან – 30 დეკემბრამდე.
მონიტორინგის ძირითადი მიგნებები:
✅ მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 12 რეკომენდაციიდან ყველაზე რეზონანსული ხასიათის ქართული მედიასაშულებებისათვის „დეოლიგარქიზაციის“ საკითხი და „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე მუშაობის გაშუქება აღმოჩნდა. აღნიშნული საკითხი ყველაზე ხშირად და განსხვავებული ინტერპრეტაციით გააშუქა სხვადასხვა მედიასაშუალებამ.
✅ სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების და ხელისუფლების პოზიციის სასარგებლოდ არის მიკერძოებული, მეორე ნაწილი კი – ოპოზიციის; ტელეკომპანია „იმედმა“ ფართოდ გააშუქა ევროკავშირის რეკომენდაციების თემა. თუმცა, თავად საკითხი ტელემაყურებლისთვის მრავალმხრივი და დაბალანსებული ფორმით არ მიუწოდებია. არხი ტენდენციური იყო ხელისუფლების მიმართ და, შესაბამისად, საკითხი ხელისუფლების პოზიციის მხარდამჭერ ტონში შუქდებოდა. ოპოზიცია კი ნახსენები იყო მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში და ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მთავარ ხელისშემშლელ აქტორად.
✅ „ტელეკომპანია პირველმა“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის თემა გააშუქა დაბალი ინტენსივობით და ცალმხრივად, სამართლიანობა მოითხოვს დავაზუსტოთ რომ ხელისუფლების, მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანიაში სტუმრობაზე. არხს, კონკრეტულად, თოქშოუებში ჰქონდა მხოლოდ ოპოზიციის მოსაზრებები, ხელისუფლების პოზიციას კი მაყურებელს საინფორმაციო გამოშვებებში სთავაზობდა, თუმცა ნეგატიურ კონტექსტში. „ტელეკომპანია პირველი“ ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკულია და ხელისუფლების ევროინტეგრაციის პოლიტიკა შეფასებული იყო, როგორც უარყოფითი და ქვეყნის წინსვლაში ხელისშემშლელი.
✅ ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ 12 – პუნქტიანი გეგმის გაშუქებისას უფრო დაბალანსებული და ნეიტრალური ტონით გამოირჩეოდა. აშუქებდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებებს. თუმცა, ნიუსების უმრავლესობა ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელთა ზედაპირული განცხადებები იყო. საკითხების გაშუქებისას არხზე არ შეიმჩნეოდა მიკერძოება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ.
✅ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო კანდიდატის სტატუსის მიღებას და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მაუწყებელს შედარებით ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ, ნეიტრალურად გაშუქების მცდელობები ჰქონდა, თუმცა, ხელისუფლების პოზიციის მიმართ ტენდენციურობით და ლოიალური განწყობებით გამოირჩეოდა. ასევე, უფრო ხშირად უთმობდა დროს ხელისუფლების წარმომადგენელების პოზიციას, როგორც მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ისე პოლიტიკურ თოქ – შოუებში.
✅ ონლაინმედიაში ნაკლებად იგრძნობოდა მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია, სატელევიზიო მედიასთან შედარებით. თუმცა, შერჩეული სამი სააგენტოდან ერთი – pia.ge გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ ლოიალური განწყობით, დადებითი გაშუქების ტონით, ხოლო tabula.ge ნაკლებ ინტერესს იჩენდა ზოგადად, პროცესის გასაშუქებლად და უფრო მეტად, გამოირჩეოდა გაშუქების ნეგატიური ტონით. რაც შეეხება interpressnews.ge–ს აშუქებდა ყველა მხარის თითქმის ყველა ნიუსს. გაშუქების ტონი უმეტესად ნეიტრალური, თუმცა ზედაპირული იყო;
✅ ონლაინმედიის ყველაზე დიდ გამოწვევად 12 რეკომენდაციაზე მუშობის პროცესის ზედაპირული გაშუქება გამოიკვეთა; მონიტორინგისთვის შერჩეული საინფორმაციო სააგენტოები ვერ ახერხებდნენ საკითხების სიღრმისეულად და მრავალმხრივად გაშუქებას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან კოორდინაციით.
სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ?