ევროკავშირი, ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ადგილობრივ წარმოებას აძლიერებს

4 მარტს ევროპის კომისიამ სამრეწველო პოლიტიკის ახალი წინადადება წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას და ჩინეთიდან იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. ინიციატივას „სამრეწველო დაჩქარების აქტი“ (Industrial Accelerator Act (IAA) ეწოდება.

კანონპროექტის მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებსა და სუბსიდიების პროგრამებში მონაწილეობას გეგმავენ, უნდა ჰქონდეთ ადგილობრივად წარმოებული კომპონენტების განსაზღვრული წილი. მოთხოვნები განსაკუთრებით შეეხება მწვანე ტრანზიციის სექტორებს, როგორიც არის ფოლადი, ალუმინი, ცემენტი, ქარის ტურბინები და ელექტრომობილები, სადაც ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი გლობალური მიმწოდებელია.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ინიციატივის მიზანია ევროპის სამრეწველო პოტენციალის გაძლიერება, ეკონომიკური დამოუკიდებლობის ზრდა და მწვანე ტექნოლოგიების შიდა წარმოების წახალისება.

პროექტმა წევრ ქვეყნებსა და ბიზნესში განსხვავებული შეფასებები გამოიწვია. მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ,,ადგილობრივი შინაარსის’’ პოლიტიკა უკვე არსებობს აშშ-ში, ჩინეთში, ბრაზილიასა და ინდოეთში, რაც ხელს უწყობს შიდა წარმოების დაცვას და განვითარებას, ამიტომ ევროკავშირმაც კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და სტრატეგიული სექტორების გაძლიერების მიზნით ანალოგიური მიდგომა უნდა გამოიყენოს.

კრიტიკოსების შეფასებით, მკაცრმა რეგულაციებმა შესაძლოა გააღრმავოს სავაჭრო უთანხმოებები პარტნიორ ქვეყნებთან და ნეგატიურად აისახოს საინვესტიციო გარემოზე, მათ შორის შეამციროს უცხოური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობები.

აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკაში არსებით ცვლილებად განიხილება, განსაკუთრებით ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების კონტექსტში. დღეს ევროკავშირის მწვანე ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი ნაწილი  ჩინურ იმპორტზეა დამოკიდებული, რაც საკითხს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, საბოლოო კანონმდებლობის შინაარსი და მისი პრაქტიკული განხორციელების მექანიზმები განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ევროკავშირი სამრეწველო მდგრადობისა და ეკონომიკური ავტონომიის გაძლიერებას ისე, რომ პარალელურად სავაჭრო ურთიერთობები პეკინთან არ გამწვავდეს.

კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება ევროპის პარლამენტსა და წევრ სახელმწიფოებს შორის. სწორედ ამ პროცესში გამოიკვეთება, რა მიმართულებით განვითარდება ევროკავშირის ეკონომიკური სტრატეგია გლობალური კონკურენციისა და გეოეკონომიკური ცვლილებების პირობებში.

Scroll to Top