ეთნიკური მრავალფეროვნება ევროინტეგრაციის დღის წესრიგში

საზაფხულო სკოლის მთავარი ამოცანა, საქართველოს მოქალაქეების (მიუხედავად ადამიანების ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა) ერთიან სამოქალაქო ერად ფორმირების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, 6 დღის განმავლობაში, თქვენთან ერთად, შევეცდებით ვიმსჯელოთ მრავალფეროვან საკითხებზე: ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებზე, მის პოლიტიკაზე უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გასაძლიერებლად, საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, განვიხილოთ თუ როგორ და რა ფორმით მუშაობს/ვრცელდება დეზინფორმაცია საქართველოს რეგიონებში, როგორი უნდა იყოს უმცირესობების ინტერესების დაცვაზე მორგებული ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკა, რა პრაქტიკა აქვს განვითარებული ქართულ სასამართლოს ამ კუთხით და ა.შ.

ჩვენი მთავარი მიზანია, თქვენთან ერთად, განვიხილოთ ქვეყანაში არსებული ყველა გამოწვევა და ერთად ვიპოვნოთ მათი გადაჭრის გზები, პასუხები სხვადასხვა კითხვაზე. ვისაუბროთ საქართველოში მოღვაწე იმ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის განვითარებაში და იმსახურებენ დაფასებას.

საქართველოს მსგავსი მრავალეთნიკური და მულტირელიგიური ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ უმცირესობის წარმომადგენლებმა იგრძნონ თავი ერთიანი სახელმწიფოს ნაწილად, არამედ, უმრავლესობის წარმომადგენლებსაც სრულად ჰქონდეთ გაცნობიერებული ქვეყნის განვითარებაში, ყველა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლის წვლილი და დამსახურება. არსებითად არასწორი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სწორედ იმ ღრმად ფესვგადგმული ნარატივის არსებობა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მხოლოდ ეთნიკურად ქართველების „შექმნილი“ ქვეყანაა. ამგვარი მიდგომა, სხვა პრობლემებთან ერთად, რომლებიც უკვე სახელმწიფოს პოლიტიკაში გამოიხატება, იწვევს ეთნიკური ჯგუფების ერთმანეთისგან დაშორებას და იზოლაციას.

სწორედ ამ თემებზე ვიმსჯელებთ საზაფხულო სკოლაში და თქვენთან ერთად, თავისუფალ და საინტერესო გარემოში, სასიამოვნოდ გავატარებთ ზაფხულის ცხელ დღეებს.

საზაფხულო სკოლის დღის წესრიგი და ბიოგრაფიები ?

Scroll to Top