ეშმაკი დეტალებშია – დისკუსია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე

7 აგვისტოს სამოქალაქო იდეამ უმასპინძლა ონლაინ შეხვედრას „ეშმაკი დეტალებშია – დისკუსია საქართველო – ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე,“ სადაც საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოს მიერ ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებასთან დაკავშირებულ რისკებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ:

გლენ ტიფერტი – ჰუვერის ინსტიტუტის მკვლევარი, ჩინეთის გლობალური ბასრი ძალა პროექტის თანათავმდჯომარე;
მარტინ ჰალა – სინოპსის-ის დამფუძნებელი და დირექტორი;
ლაურა ჰარტი -სეიფგარდ დიფენდერის კამპანიის დირექტორი;
მარიეკე ოლბერგი– გერმანიის მარშალის ცენტრის აზიის პროგრამის უფროსი მკვლევარი;
მოდერატორი თინათინ ხიდაშელი – სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე.

როგორც ცნობილია, საქართველოს მიერ ჩინეთთან ხელმოწერილი დოკუმენტი, პოლიტიკის, ეკონომიკის, ხალხთაშორის-კულტურული ურთიერთობების და საერთაშორისო სფერობში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. შესაბამისად, დისკუსიის მიზანს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის არსის, მისი პერსპექტივებისა და რისკების გარკვევა წარმოადგენდა.
ქვემოთ გთავაზობთ შეხვედრაში მონაწილე ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების  შეჯამებასა და ძირითად დასკვნებს:

ამგვარი სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიზანი, წესებზე დაფუძნებულ გლობალურ პოლიტიკაში, ჩინეთისთვის დაუსჯელი ოპერირების შესაძლებლობების შექმნაა. მცირე სახელმწიფოები, რომლებიც გაეროს სისტემაში ხმის უფლებით სარგებლობენ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ამ უფლებას კარგავენ და  მისი პოზიციების ავტომატური გამხმოვანებლები ხდებიან, სანაცვლოდ იმავეს ვერ იღებენ. ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს დასავლური საერთაშორისო წესრიგის ალტერნატივა შექმნას. ამისთვის ის იყენებს ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა:

  • ერთი სარტყელი ერთი გზა 2013 წლიდან
  • გლობალური განვითარების ინიციატივა 2021 წლიდან
  • გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა 2022 წლიდან
  • გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა 2023 წლიდან

აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივების ღია მხარდაჭერა, რომლებიც (როგორც წესი) ასახულია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტებში და მათ შორის დევს საქართველოსთან გაფორმებულ შეთანხმებაშიც, ჩინეთს საშუალებას აძლევს მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება არსებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ და იზრდება იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც ხელს აწერენ ანტი ჰეგემონურ განწყობებსა და მიესალმებიან მულტიპოლარიზმს.

მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობის გაფორმების საწყის ეტაპზე, მასში იშვიათად ჩანს კონკრეტული შინაარსი, ჩინეთი თანდათანობით ზრდის მოთხოვნებსა და წნეხს უმცროსი პარტნიორების მიმართ. საქართველოს შემთხვევაშიც, ამ ეტაპზე, არ არის განსაზღვრული სპეციფიკური მოქმედებათა კურსი, რომელსაც ჩინეთი ჩვენგან მოელის, მათ შორის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებითაც. თუმცა, არსებობს რისკები, რომ ჩინეთი გაზრდის პოლიტიკურ წნეხს, რათა აიძულოს საქართველო ნატოს თუ რომელიმე სხვა დასავლური ინსტიტუტის წინააღმდეგ მოქმედებები. შესაბამისად, შეთანხმების ხელმოწერით, საქართველო თმობს ძალიან ბევრს, იღებს ჩინეთისთვის საკვანძო ყველა გლობალურ ინიციატივაში მონაწილეობის ვალდებულებას და სანაცვლოდ იღებს, პრაქტიკულად არაფერს.

გლობალური საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედებების უზრუნველყოფის გარდა, არსებობს კონკრეტულ სახელმწიფოებთან დაკავშირებული ინტერესები. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტები (ანაკლია და ფოთი); ქვეყნის, როგორც უსაფრთხო სავაჭრო ალტერნატივის როლი, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს; ჩინური კომპანიების მსუყე კონტაქტები ინფრასტრუქტურის სფეროში და სხვა. ხსენებულ სფეროებში ჩინეთის უკვე არსებული გავლენების ფონზე, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება, საქართველოს ჩინეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას გამოიწვევს. ეს ყოველივე განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც არ არსებობს მსგავსი ეკონომიკური ბერკეტებისგან გათავისუფლების საერთაშორისო ლეგალური მექანიზმები. საქართველოს მიერ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებია. ორივე ეს ქვეყანა ესწრაფვის ლიბერალური მსოფლიო წესრიგის რევიზიას. მიუხედავად, იმისა რომ მათ შორის რჩება მნიშვნელოვანი განსხვავებები, დასავლეთის წინააღმდეგ ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ, რაც კარგად ჩანს უკრაინაში მიმდინარე ომში, ჩინეთის გაცხადებული „ნეიტრალიტეტის“ მიუხედავად.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა, მაგალითად, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივაში ჩინეთის მიერ გაჟღერებული ისეთი თეზისი, როგორიცაა „განუყოფელი უსაფრთხოება.“ ეს ცნება საბჭოთა კავშირში და წარმოიშვა გულისხმობს, რომ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის სუვერენიტეტის დარღვევა შეიძლება გამართლდეს მაშინ, თუ დამრღვევის სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები საფრთხის ქვეშ დადგება. შესაბამისად, „განუყოფელი უსაფრთხოების“კონცეფცია რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის ლეგიტიმაციის ჩინურ ვარიანტს წარმოადგენ.

შეიძლება ითქვას, რომ  ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მიმართულია საქართველოს პოტენციალის – გახდეს ნატოსა და ევროკავშირში წევრი ერთადერთი კავკასიური ქვეყანა წინააღმდეგ. საქართველო შუაში დგას როგორც გეოგრაფიულად (მნიშვნელოვან როლს თამაშობს შუა დერეფნის ინიციატივაში), ასევე გეოპოლიტიკურად (მიისწრაფვის გაწევრიანდეს დასავლურ ალიანსებში, ევროკავშირსა და ნატოში). ამდენად, იმ დროს როცა რუსეთსა და ჩინეთს შორის ძალთა ბალანსი იცვლება დასავლური სანქციებისა და უკრაინაში ომის ფონზე  დასუსტებული რუსეთის გამო, ჩინეთმა,  შესაძლოა უფრო მტკიცე პოლიტიკა გაატაროს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამიტომ, ჩინეთი შეეცდება საქართველო ჩამოაშოროს დასავლურ ტრაექტორიას და დააახლოოს იგი საკუთარ ორბიტასთან.

საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შეთანხმება ძალიან ჰგავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ვითარებას და ისეთ ინიციატივას, როგორიცაა მაგალითად 16+1. მაშინ, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს სურდა გაეძლიერებინა პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა ჩინეთთან ხელს აწერდა შეთანხმებებს ჩინეთთან პრაქტიკულად ისე რომ არ იცოდა მათი გრძელვადიანი შედეგი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამ  შეთანხმებების დიდი ნაწილი არ განხორციელებულა, ან უარყოფითი შედეგები მოჰყვა.

სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სცენარით პარალელურად თამაში შეუძლებელი ხდება, რაც კარგად გაიაზრეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა, თუმცა საქართველოსთვის მათ შეცდომები, გაკვეთილი არ აღმოჩნდა.

დასავლური მიდგომების გადააზრების კარგი მაგალითია იტალია, რომელიც  2019 წლიდან არის „ერთი სარტყელი ერთი გზა პროექტის ნაწილი,“ რამაც იტალიას სარგებელი არ მოუტანა, სამაგიეროდ შეარყია მისი როგორც სანდო პარტნიორის სტატუსი G7-ში, ევროკავშირსა და ნატოში. ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ იტალია პროექტიდან გასვლას ცდილობს, თუმცა არსებული შეთანხმება არ ითვალისწინებს ანულირების მექანიზმებს და ამიტომ პროექტის დატოვების შემთხვევაში, ქვეყანას მნიშვნელოვანი საფასურის გადახდა მოუწევს.

იაზრებს თუ არა ზემოჩამოთვლილ რისკებს საქართველოს ხელისუფლება, რა მოტივი ამოძრავებთ მას? არადემოკრატიული მთავრობები, განსაკუთრებული ცდუნებით უყურებენ ჩინურ ინვესტიციებს. ვინაიდან, მათ შეუძლიათ ააშენონ პორტები, გზატკეცილები და განახორციელონ სხვადასხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და შესაბამისად მოსახლეობას გარკვეული სერვისი მიაწოდონ, რომლის ელექტორალურ ხმებში კონვერტირებას ხელისუფლება შეეცდება. ამასთან, გაუმჭვირვალე ჩინური კაპიტალი, კორუფციული გარიგებებისთვის ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს, რითაც პირადი მიზნების სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დამყენებელი ადგილობრივი ჩინოვნიკები სარგებლობენ.

Scroll to Top