ვანგ ი მიუნხენში: ჩინეთის მთავარი გზავნილები

2026 წლის 13 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენცია გაიხსნა, რომელიც 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა. ღონისძიების ფარგლებში, 14 თებერვალს გამართულ სესიაზე ,,დიალოგი ჩინეთთან’’, სიტყვით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი გამოვიდა, რომელმაც გამოსვლის შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა საერთაშორისო წესრიგისა და გლობალური მმართველობის საკითხებზე პეკინის ხედვა წარადგინა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა.

გაერო-ცენტრული წესრიგი, ანტიბლოკური რიტორიკა და „ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი“

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვანგ ი-მ გლობალური სტაბილურობის ეროზიის მთავარ მიზეზებად ,,ერთპიროვნული ქმედებები’’ და ძალაზე დაფუძნებული წესრიგი დაასახელა, რომელსაც ,,ჯუნგლების კანონი’’ უწოდა. მისი შეფასებით, კაცობრიობა მშვიდობისა და განვითარების თვალსაზრისით ,,ახალ გზაჯვარედინზე’’ აღმოჩნდა.

მინისტრის გამოსვლის ცენტრალური თემა გლობალური მმართველობის რეფორმა იყო, რომელიც გაეროს გაძლიერებით უნდა განხორციელდეს, რადგან მისი დასუსტება მსოფლიოს ძალაზე დაფუძნებულ სისტემაში დააბრუნებს.

კრიზისის მიზეზად მინისტრმა ,,ცივი ომის მენტალიტეტი’’ და ბლოკური დაპირისპირება დაასახელა, ხოლო ალტერნატივად ინკლუზიურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელსაც ,,ჰარმონია ერთგვაროვნების გარეშე’’ უწოდა.

მინისტრის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია ,,ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი’’ იყო, რაც მრავალპოლარულ სისტემასა და სახელმწიფოების თანასწორ მონაწილეობას გულისხმობს. ვანგ ი-ს თქმით, მსოფლიო აღარ უნდა იმართებოდეს რამდენიმე ძლიერი სახელმწიფოს მიერ, რადგან ,,მრავაპოლალურ სამყაროში’’ საერთაშორისო საკითხებზე გადაწყვეტილებები კოლექტიურად უნდა იქნეს მიღებული.

ვანგ ი-მ გააკრიტიკა ერთპიროვნული სანქციები და საერთაშორისო წესების განსაზღვრა ცალკეული ძალების მიერ, ხოლო გამოსავლად საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული კოლექტიური კონსულტაციები დაასახელა.

გლობალური მმართველობის სისტემაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი უნდა ასახავდეს ძალთა განახლებულ ბალანსსა და განვითარებადი ქვეყნების მზარდ როლს, რაც საერთაშორისო ინსტიტუტებში მათი წარმომადგენლობის ზრდასა და მეტად სამართლიანი წესრიგის ფორმირებას გულისხმობს.

ტაივანი – ჩინეთის მთავარი აქცენტი მიუნხენის კონფერენციაზე

კონფერენციაზე ვანგ ი-მ ტაივანის საკითხზე პეკინის პოზიცია გააჟღერა და აღნიშნა, რომ იგი ჩინეთის სუვერენიტეტთან დაკავშირებული ,,არასაკამათო’’ საკითხია და ერთ-ერთ მთავარ დაძაბულობის წყაროდ რჩება. მისი თქმით, კუნძულისადმი გარე მხარდაჭერამ შეიძლება ჩინეთის მიერ განსაზღვრული ,,წითელი ხაზები’’ გადაკვეთოს.

ვანგ ი-ს განცხადებით, ტაივანის საკითხი ჩინეთის სამოქალაქო ომის შედეგია და პეკინი მას ,,შიდა საქმედ’’ მიიჩნევს. მისი თქმით, გაერთიანება დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან, ხოლო ტაივანის დამოუკიდებლობისკენ მიმართული ნაბიჯები ან მისი ჩინეთის შეკავების ინსტრუმენტად გამოყენება რეგიონულ სტაბილურობას დააზიანებს.

Reuters-ის ცნობით, ვანგმა ტაივანის ირგვლივ დაძაბულობა იაპონიასაც დაუკავშირა და ტოკიოს პოლიტიკა რეგიონული არასტაბილურობის ხელშემწყობ ფაქტორად დაასახელა.

ტაივანის მთავრობამ აღნიშნულ განცხადებებს უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინ ჩია-ლუნმა პეკინის პოზიცია უარყო, ჩინეთი რეგიონული უსაფრთხოების საფრთხედ მოიხსენია და გააკრიტიკა გაეროს პრინციპებზე აპელირება იმ ფონზე, როცა კუნძულის მიმართ სამხედრო ზეწოლა იზრდება. მისი თქმით, ტაივანის მომავალი თავად მისმა მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს.

განცხადებები აჩვენებს, რომ პეკინსა და თაიფეის შორის უთანხმოება ტაივანის სტატუსზე უცვლელია. საკითხი კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება რეგიონულ უსაფრთხოებასა და სახელმწიფოთა ურთიერთობებში.

ჩინეთი გლობალურ კონფლიქტურ კერებში დიალოგის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას

ვანგ ი-მ მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაზე პეკინის პოზიცია წარადგინა ღაზის, ირანისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებით და სტაბილურობის გზად დიალოგი, შუამავლობა და პოლიტიკური რეგულირება დაასახელა.

ღაზაში მიმდინარე ომზე საუბრისას ვანგმა განაცხადა, რომ ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას ტერიტორიის აღდგენა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება უნდა მოჰყვეს. მისი თქმით, კონფლიქტის გადაწყვეტა ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობაა.

ირანთან დაკავშირებით ვანგმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება რეგიონული სტაბილურობა დააზიანოს და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დაძაბულობა შესაძლოა ენერგეტიკულ, უსაფრთხოების და დიპლომატიურ სფეროებზეც აისახოს, რის გამოც პეკინი სანქციებისა და სამხედრო ზეწოლის ნაცვლად დიალოგსა და კრიზისის პოლიტიკური გზით მართვას ემხრობა.

ვანგ ი-მ უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,დიალოგის კარი საბოლოოდ გაიხსნა’’. მან მხარეებს ,,ყოვლისმომცველი, მდგრადი და სავალდებულო’’ შეთანხმებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ მხოლოდ ისეთი შეთანხმება შეძლებს ევროპის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფას, რომელიც კონფლიქტის ძირეულ მიზეზებსაც მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ პეკინი საკუთარ თავს ნეიტრალურ მხარედ წარმოაჩენს, კრიტიკოსები ამ პოზიციას ეჭვქვეშ აყენებენ, რუსეთთან მისი მჭიდრო ურთიერთობის გამო.

,,პარტნიორები, არა მეტოქეები’’

ვანგ ი-ს გამოსვლა პეკინის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს ასახავდა – გლობალური მმართველობიდან აშშ-თან ურთიერთობებსა და ევროპასთან თანამშრომლობამდე.

მან ჩინეთის მე-15 ხუთწლიანი გეგმის დაწყება განვითარების ახალ ეტაპად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მოდერნიზაცია მშვიდობიან გზას ეფუძნება და მიზნად ისახავს როგორც ეროვნული კეთილდღეობის, ისე გლობალური სტაბილურობის ხელშეწყობას.

ჩინეთსა და ევროპას შორის ურთიერთობებზე საუბრისას ვანგ ი-მ აღნიშნა, რომ ორივე მხარე მრავალპოლარულ სამყაროში ,,აუცილებელი პოლუსებია’’ და მათი თანამშრომლობა გლობალური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ როცა დაპირისპირება ეკონომიკურ და უსაფრთხოების რისკებს ზრდის.

მინისტრის თქმით, ჩინეთი ევროკავშირს სისტემურ მეტოქედ არ განიხილავს და მხარს უჭერს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ვაჭრობის, ტექნოლოგიების, კლიმატისა და გლობალური მმართველობის სფეროებში, რაც ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება.

აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური და ტექნოლოგიური გამიჯვნა კონფლიქტის რისკს ზრდის, რაც არავის ინტერესებში არ შედის. მისი შეფასებით, ურთიერთობების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, აირჩევს თუ არა ვაშინგტონი თანამშრომლობას კონფრონტაციის ნაცვლად, და ამ კონტექსტში დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

საბოლოოდ, მინისტრის თქმით, საერთაშორისო სისტემის ,,სწორი კურსი’’ გაეროს როლის გაძლიერებას გულისხმობს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენში, Hotel Bayerischer Hof-ში გაიმართა. ფორუმი ტრადიციულად წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას, სადაც მსოფლიო ლიდერები და ექსპერტები თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს განიხილავენ.

ავტორი: მარიამ სიმსივე

Scroll to Top