ზურაბ აგლაძე „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელია. ამავე დროს არის პროექტების, ავანი ჰესისა და ხრამის კასკადის მენეჯერი. GIPA-ში კითხულობს კურსებს „კონფლიქტოლოგია“ და „საქართველოს სამეზობლოს გეოპოლიტიკა“. მას 18-წლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვის, საგანმანათლებლო სფეროსა და მენეჯერულ საქმიანობაში.
ზურაბ აგლაძე იყო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრის სწრაფი რეაგირების ბატალიონის, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ასეულისა და სპეციალური ოპერაციების სკოლის საბჭოს თავმჯდომარე, მეთაურობდა მე-16 სამთო მსროლელ ბატალიონს, ქვეითთა მე-2 ბრიგადას. იყო საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ერაყში. მეთაურობდა ქვეითთა მე-5 ბრიგადას, იყო სახმელეთო ჯარების სარდალი, წვრთნების, დოქტრინებისა და განათლების სარდალი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ხელმძღვანელობდა კომპანია „Dexus“-ის ჯგუფის უსაფრთხოებას.
ზურაბ აგლაძემ დაამთავრა გაერთიანებული სამხედრო აკადემია ბაკალავრის ხარისხით; საბერძნეთში გაიარა სამშვიდობო ოპერაციების მომზადებისა და დაგეგმვის კურსი; აშშ-ში, ფორტ ბენინგში – მსუბუქ ქვეითთა ოფიცრის საბრძოლო კურსი, რეინჯერების კურსი და საპარაშუტო სადესანტო სკოლა; აშშ-ში სწავლობდა სამეთაურო საშტაბო კოლეჯში; დაამთავრა აშშ-ს არმიის ომის კოლეჯი და მიიღო მაგისტრის ხარისხი სტრატეგიასა და უსაფრთხოებაში. აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დოქტორის ხარისხი ენერგოუსაფრთხოებაში.