საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები მრავალმხრივ ფორმატში გადავიდა. ქართველი მაღალჩინოსნების ჩინეთში გახშირებულ სტუმრობას, ამჯერად „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაემატა. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პეკინში 18 მაისს გაემგზავრა.
ვიზიტის ძირითადი ნაწილი პეკინში გამართული შეხვედრები იყო, რომლის ფარგლებშიც შალვა პაპუაშვილი პირადად შეხვდა ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო ლეძის.
მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი თემა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და პოლიტიკური დიალოგის გაფართოება იყო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს უკვე აკავშირებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ეკონომიკური ჩარჩოები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, რაც, ოფიციალური შეფასებით, ხელს უწყობს სავაჭრო და ტურისტული ნაკადების ზრდას.
ჩინეთის საინფორმაციო განცხადებებში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „ახალ ეტაპზე“ გადავიდა, ხოლო პეკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. საპასუხოდ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მხარდაჭერას და აქტიურად ჩაერთვება გლობალური განვითარების ინიციატივებში.
პეკინის გარდა, შალვა პაპუაშვილი ეწვია შაანსის პროვინციას, სადაც ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა. შეხვედრებზე განხილული იყო რეგიონული ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხები.
ვიზიტის პროგრამა ასევე მნიშვნელოვანწილად მოიცავდა შეხვედრებს ჩინეთის წამყვან პოლიტიკურ ინსტიტუტებთან. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს (CPPCC) თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს. განხილვის თემა იყო პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და ინსტიტუციური დიალოგის განვითარება.
პარლამენტის თავმჯდომარემ მოხსენება გააკეთა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტშიც. გამოსვლისას მან საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ისტორიულად „აბრეშუმის გზის“ ნაწილია, ხოლო დღეს „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომელიც ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირებს აძლიერებს. სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლების წინაშე გამოსვლისას პაპუაშვილმა მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ქვეყნის როლი საერთაშორისო სატრანზიტო და სავაჭრო პროცესებში.
მედიასთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა ვიზიტის შედეგები შეაჯამა და მის „ისტორიულ მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი. ოფიციალური შეფასებით, ჩინეთის ხელისუფლებასა და თბილისს საერთაშორისო გამოწვევებზე „აბოლუტურად იდენტური მიდგომა“ აქვთ, რაც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემას ეფუძნება.
პაპუაშვილის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველი მაღალჩინოსნების სტუმრობა ჩინეთში ერთჯერად დიპლომატიურ აქტს აღარ წარმოადგენს. ბოლო პერიოდში სხვადასხვა დონის საპარლამენტო კომიტეტებისა თუ მმართველი გუნდის წევრების პეკინსა და ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში გახშირებული ვოიაჟები აჩვენებს, რომ „აღმოსავლური მიმართულება“ საქართველოს მიმდინარე საგარეო–პოლიტიკური სტრატეგიის ერთ–ერთ ყველაზე აქტიურ ვექტორად იქცა.




