პრეზიდენტ პუტინზე ხშირად ამბობენ, რომ ის ძლიერი ტაქტიკოსია, მაგრამ არა სტრატეგიულად მოაზროვნე. აღნიშნული იმგვარად მესმის, რომ თითქოს, მას შეუძლია მაქსიმალურის მიღება დღევანდელი დღიდან და არ აქვს უნარი იწინასწარმეტყველოს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებებს მომავალში. ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ბოლომდე სწორი პოზიცია.
პრეზიდენტი პუტინი სამხედრო ძალებს იმ ერთადერთი მიზნით იყენებს, რისთვისაც ის იღწვის – ისეთი გარემოებების შესაქმნელად, რომლებიც მომავალში მიიყვანენ მოლაპარაკებებამდე. ასე რომ, პუტინი არის სწორედ ისეთი, როგორსაც ჩვენ მას ვქმნით.
თუ ვაშინგტონი, ბერლინი, პარიზი, რომი, ვენა და ლონდონი დაფრთხებიან და თანაც, ამას საჯაროდ დაანახებენ, მაშინ პუტინი მოიპოვებს სტრატეგიულ გამარჯვებას.
მებადება შეკითხვა, მიეცემა თუ არა პუტინის უფლება, უხეში ძალის გამოყენებით, განსაზღვროს ჩვენი მომავალი. პუტინის ფსიქიკური მდგომარეობის განსჯას, რაიმე შედეგი ვერ მოჰყვება. თუ იგი მიიღებდა ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესაძლოა, იგი აღარ ყოფილიყო ასეთი დაუნდობელი დიქტატორი და ამ ფორმით ემართა ქვეყანა. თუმცა, მის ადგილას გამოჩნდებოდა სხვა. ამიტომაც, არცერთ ადამიანს არ უნდა მიეცეს ამდენი ძალაუფლება, რადგან ეს საზიანოა მათი ფსიქიკური მდგომარეობისთვის. მაგრამ ახლა, ეს დისკუსია უსაგნოა. ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი საკითხი: მიეცემა თუ არა შესაძლებლობა, რუსულ დათვს დააშინოს პირველ რიგში, ევროპა ან შესაძლოა, მთელი ე.წ. “კოლექტიური დასავლეთი”.
ვაშინგტონმა უნდა გადახედოს თავის პრიორიტეტებს, რადგან ის, რაც ხდება დღეს, არ არის მხოლოდ გეოგრაფიული, თუნდაც, ის გეოპოლიტიკური პრობლემაა. საკითხი აღარ დგას შენარჩუნდება თუ არა „ატლანტიკის, თუ წყნარი ოკეანეს სივრცეები“, არამედ დარჩება თუ არა რაიმე იმ სისტემისგან, რომელსაც ახლა „გლობალურ მმართველობად“ ვაღიარებთ: ინტერნეტი, საერთაშორისო ბაზარი და ადამიანის უფლებათა რეჟიმები, რომლებიც ნელ-ნელა გადაიქცევა ცალკეულ და შეუთავსებელ ეკოსისტემად, ოღონდ ნორმატიული გარანტიების გარეშე. ჩინეთის მსგავსად არ არსებობს დასავლეთის „დიდი კედელი“, რომ მან თავი შეაფაროს. თუ ვაშინგტონი უკან დაიხევს, ეს იქნება მისი მხრიდან გაკეთებული სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მნიშვნელოვნად შეასუსტებს მის ძალას, და ამას უკვე აღიარება არ დასჭირდება. თუ ვაშინგტონი დღეს თავის სიძლიერეს არ გაუზიარებს ევროპას, მის ხელში არსებული ძალა აღმოჩნდება სრულიად უშედეგო.
ახლა, საჭიროა, დავფიქრდეთ და შევჯერდეთ გავრცელებული მტკიცებითი რიტორიკის შინაარსსა და არსზე: „ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ!“ თუ ეს ასეა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, როგორც უკრაინელებმა. მთავარი კითხვა, რომლებიც უკრაინელებს აწუხებს, არის – კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება მათი ტკივილი და რა დარჩება მათი თავისუფლებისაგან. ურბანულ ცენტრებში ხალხი დარჩება ელექტროენერგიის, კომუნიკაციის და შესაძლოა, საკვების გარეშეც კი. ბავშვები უკრაინაში ვერ იგრძნობენ თავს დაცულად, ვერ ივლიან სკოლაში და მთელი თაობა დაკარგვისა და განადგურების შიშით იქნება შეპყრობილი და ტრავმირებული.
ეს არის შიშის სინდრომი, რომელიც ქართველებმა ძალიან მძაფრად შევიგრძენით და ამიტომაც ვიაზრებთ. თუმცა, ქართველები არ ვართ მარტო: ესტონელები, ლიეტუველები, ლატვიელები, პოლონელები, ჩეხები, სლოვაკები და უნგრელები – ყველა მათგანში ეს შიშის ძალა ღრმადაა გამჯდარი. ევროპელებმა კარგად იციან, როგორი ხარისხის შიში შეუძლია მოგგვაროს რუსულმა ტანკებმა და როგორ ვრცელდება ეს შიში თაობებზე. როგორც იტყვიან, ჩვენ კი, ხაზი უნდა გავავლოთ ქვიშაზე, მოვხაზოთ ზღვარი და როგორც ევროპელებმა, ეს შიშის სინდრომი უკან ჩამოვიტოვოთ.
შიში, მოწევისადმი გამჯდარ ჩვევას ჰგავს, რომლის დათრგუნვის ერთადერთი გზა არის ის, რომ არ დაშინდე, არ შეგეშინდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გამბედაობა, რომ წარმოვიდგინოთ მომავალი შიშის სინდრომის გარეშე, განსაკუთრებით ევროპაში, რადგან სხვა შემთხვევაში ცნება „ევროპა“ თავის მნიშვნელობას დაკარგავს.
გასაგებია, რომ ევროპას ეშინია კიდევ ერთი დამანგრეველი ევროპული ომის პერსპექტივების. მაგრამ შიშის სინდრომი გადამდებია. თუ ევროპა შეუშინდება რუსეთს და ამ შიშის გავლენის შედეგად დასუსტდება და ჩაიძირება, “მშვიდობა” და “ომი” სულ უფრო და უფრო დაემსგავსება ერთმანეთს. რუსეთის ამბიციები „სუნთქვის სიახლოვეს“ ყავდეს მიბმული ე.წ. “ახლო საზღვარგარეთ” უფრო მეტად კვებავს და აღრმავებს ამ შიშს და ეს გამანადგურებელია ყველა ევროპული ქვეყნის დემოკრატიისათვის. რუსეთს შეუძლია შთანთქოს მეტი ქვეყანა, მეტი თავისუფლების შეზღუდოს, მეტი “გარანტიებიც” კი მოითხოვს იმისათვის, რომ კრემლმა უფრო მეტად დააშინოს ევროპა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ რუს ხალხზეც და წინ აღვუდგეთ ჩაგვრას, რადგან, რაც უფრო მეტად იზრდება რუსეთის დომინირება და გავლენა „ახლო საზღვარგარეთში“, იგი დამახინჯებულ წარმოსახვაში სამომავლოდ შეიძლება გადაიზარდოს „შუა საზღვარგარეთშიც“ ან შესაძლოა, უფრო შორსაც.
დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინელებს შიშის დაძლევაში: გულუხვად დაეხმაროს ლტოლვილებს, რომლებმაც არჩიეს ცხოვრება სხვაგან და არა იქ, სადაც ბატონობს შიში; დაეხმაროს იმათ, ვისაც ურჩევნია სიკვდილი, შიშით აღსავსე ცხოვრებას. მათ უნდა მიხედონ საქართველოსაც და — ერთმანეთს — და იპოვონ გზებით ერთად დგომისა ისე, რომ მშვიდობა არ ემყარებოდეს შიშს.
თუ შიში განსაზღვრავს იმის არსს, თუ რას ნიშნავს იყო ევროპელი ან დასავლელი, გამოდის, რომ პუტინის რეჟიმმა გაიმარჯვა. ეს იქნება ყველა დასავლელის დამარცხება, რომელიც 1945 წლიდან მშვიდობისთვის იბრძოდა ატლანტიკის ოკეანის ორივე სანაპიროზე.
თედო ჯაფარიძე არის საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ის ასევე იყო საქართველოს პრეზიდენტის-ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ბლოგი წარმოადგენს მის პირად მოსაზრებებს.