თინათინ ხიდაშელი

თინათინ ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარეა. იმავდროულად იგი კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს მოწვეული პროფესორია. თინათინ ხიდაშელი განათლებით იურისტია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ასევე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურა პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალობით. იყო ადამიანის უფლებათა სამართლის სკოლის სტიპენდიატი ჯორჯ ვაშინგტონის სამართლის სკოლაში და იელის უნივერსიტეტის „World Fellows Program“-ის რჩეული. სხვადასხვა დროს არჩეული იყო ქ. თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტში, სადაც ხელმძღვანელობდა საპარალამენტო საგამოძიებო კომისიას და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს; იყო ქვეყნის თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი. თავისი კარიერის დასაწყისიდან, 15 წლის განმავლობაში იგი ადამიანის უფლებების ადვოკატი და სამოქალაქო აქტივისტი იყო. 1994 წელს კოლეგებთან ერთად დააფუძნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. იყო პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის საბჭოს წევრი. არასამთავრობო სექტორში საქმიანობის პერიოდში თინათინ ხიდაშელი იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტი და მრჩეველი. არჩეული იყო წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) აღმასრულებელი საბჭოს წევრად. თინათინ ხიდაშელს აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისაგან მიღებული აქვს „თავისუფლებისთვის მებრძოლის ჯილდო“ და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის „გავლენის ჯილდო“ განსაკუთრებული პროფესიული მიღწევებისთვის.

Scroll to Top