კვირის ამბავი: ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (27.10 – 02.11)

საქართველო

საქართველოსა და ჩინეთს შორის სარკინიგზო თანამშრომლობა ღრმავდება

22 ოქტომბერი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე, შეხვდა ქალაქ ჭუჭოუს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს, ხუა იანგს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სარკინიგზო სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ჭუჭოუ ცნობილია როგორც ჩინეთის „ლოკომოტივების დედაქალაქად“. CRRC ZELC (ჭუჭოუს ლოკომოტივების მწარმოებელი კომპანია) 1997 წლიდან აქტიურად არის ჩართული გლობალურ ექსპორტში. მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან სინგაპური, მალაიზია, მაკედონია, თურქეთი, ჩეხეთი, გერმანია, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.

საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსი: „მე და ჩემი ჩინური ამბავი“

30 ოქტომბერი

საქართველოში ჩინეთის საელჩომ დააორგანიზა ესეების კონკურსი – მე და ჩემი ჩინური ამბავი („我和中国的故事“), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები.

საელჩომ გამოაქვეყნა გამარჯვებულთა სია, სადაც წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა სექტორისა და პროფესიის წარმომადგენლები. მათ შორის, პირველ ადგილზე გავიდა ტელეკომპანია “იმედის” ტელეწამყვანი, თამარ ცინცაძე.

ჩინეთის მშვიდობიანი გაერთიანების ხელშეწყობის ეროვნული ასოციაციის პოზიცია თაივანთან დაკავშირებით

საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის მშვიდობიანი ეროვნული გაერთიანების ხელშეწყობის საქართველოს ასოციაციამ, 25 ოქტომბერს, გამოაქვეყნა განცხადება თაივანის განთავისუფლების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად.

ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2001 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში 25 ოქტომბრის საყოველთაო უქმედ გამოცხადება შეწყვიტა. თუმცა, 2025 წელს აღდგა უქმე დღის სტატუსი, რასაც თან ახლდა დღესასწაულის სახელის ცვლილება. წლევანდელი გადაწყვეტილებით 25 ოქტომბერი „თაივანის განთავისუფლების მემორიალურ დღედ“ გამოცხადდა.

ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გაერთიანება არის ისტორიული და სამართლებრივი ფაქტი, რომელიც გარდაუვალია და წარმოადგენს ჩინელი ერის მოთხოვნას. ორგანიზაცია მკაცრად გმობს „თაივანის დამოუკიდებლობის“ მცდელობებს და გარე ძალების ჩარევას. 

აზერბაიჯანი

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტსა და ცინხუას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა

27 ოქტომბერი

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტსა და ჩინეთის ცინხუას უნივერსიტეტს შორის, თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, მოლაპარაკებები გაიმართა.

შეხედრაზე მხარეებმა, სამეცნიერო-კვლევითი ინიციატივების, აკადემიური გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. 

გარდა ამისა, მხარეები, მიმდინარე წლის ივლისში, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების შემდგომ პერიოდში, მიღწეულ შედეგებს გაეცნენ.

აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის „მწვანე ენერგიის განვითარების კუთხით ერთობლივი კვლევითი ცენტრის“ შექმნის საკითხი განიხილეს

27 ოქტომბერი

ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვსა და China Energy Engineering Corporation Limited-ის დელეგაციას შორის შეხედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სამინისტროსა და კომპანიას შორის ენერგეტიკის სფეროში პროექტების განხორციელების საკითხი იქნა განხილული. კერძოდ, აღინიშნა, რომ აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის მიმართულებით China Energy Engineering Corporation Limited-თან ერთობლივი ინიციატივები დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის ელექტროენერგეტიკული დაგეგმვისა და ინჟინერიის ინსტიტუტთან (EPPEI) ერთად განხორციელებული კვლევების მნიშვნელობას. ამასთანავე, მხარეებმა “მწვანე ენერგიის განვითარების კუთხით ერთობლივი კვლევითი ცენტრის” შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

სამინისტროს წარმომადგენელმა, ბილასუვარსა და ნეფტჩალაში ჩინური კომპანიის საქმიანობა, კერძოდ, 760 მეგა ვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის შენება და მისი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, მაღალ დონეზე შეაფასა.

აზერბაიჯანი და ჩინეთი შუა დერეფნის გავლით სატვირთო გადაზიდვების გაზრდის შესახებ შეთანხმდნენ

27 ოქტომბერი

“აზერბაიჯანის რკინიგზების” პრეზიდენტი, როვშან რუსთამოვი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღანელობდა ქალაქ სიანის მერი, იე ნიუ პინინი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შუა დერეფნის შესაძლებლობების გაფართოების და ტვირთების ნაკადის გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანის რკინიგზები და ჩინეთის სიანის ნავსადგური მჭიდროდ თანამშრომლობენ. თანამშრომლობის გასაძლიერებლად, სიანის ნავსადგურში აზერბაიჯანის რკინიგზების წარმომადგენელი დაინიშნა. ამასთანავე, წარმომადგენელს წვდომა მიენიჭა სიანის ნავსადგურის საოპერაციო სისტემაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს, 9 თვის განმავლობაში, აზერბაიჯანის რკინიგზებმა 113 სატრანზიტო მატარებელი მიიღო. აღნიშნული, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 39 %-იან ზრდაზე მიანიშნებს. ანალოგიურად, წინა წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 20 %-ით არის გაზრდილი.  

შეხვედრის ფარგლებში, აზერბაიჯანის რკინიგზებსა და ჩინეთის სიანის ნავსადგურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, გაციფრულების მეშვეობით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და „გზისა და სარტყლის“ ინიციატივის ფარგლებში, შუა დერეფნის მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირების გაფართოებას.

ჩინელი დოქტორანტურების მონაწილეობით, ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი ჩატარდა

28 ოქტომბერი

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტისა და პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორმაგი სადიპლომო პროგრამის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან 32 დოქტორანტი და პროფესორ-მასწავლებლების დელეგაცია აზერბაიჯანს ეწვივნენ.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, “მდგრადი განვითარების მიზნებზე ინჟინერიის გავლენების” შესახებ სამეცნიერო სემინარი ჩატარდა. სემინარს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები და სხვა უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევარები.

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის რექტორმა, იაკუბ ფირიევმა ხაზი გაუსვა პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან დამყარებული თანამშრომლობისა და ბაკალავრიატის დონეზე შექმნილი პირველი ორმაგი სადიპლომო პროგრამის წარმატებებს.

ღონისძიებაზე, პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო დეპარტამენტის პროფესორმა, იუ იემ უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებისა და ორმაგი სადიპლომო პროგრამების შესახებ ისაუბრა. ამასთანავე, შეხვედრაზე, ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტისა და პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სადიპლომო პროგრამის ფარგლებში ჩინეთში მყოფი აზერბაიჯანელი სტუდენტების ვიდეოინტერვიუები წარადგინეს.

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტი ჩინეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე

28 ოქტომბერი

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, რაფიკ აბასოვი დაესწრო “პროფესიონალების საერთაშორისო გაცვლის 23-ე კონფერენციას”, რომელიც ქალაქ შანხაიში ჩატარდა.

კონფერენცია ჩინეთის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს და შანხაის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები პეკინის საერთაშორისო კვლევების უნივერსიტეტი და ჩინეთის რეგიონული კვლევების კონსორციუმი იყო.

კონფერენციაზე განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის როლი კულტურებს შორის განათლების განვითარებაში, კულტურათაშორისი განათლების სისტემებისთვის კადრების მომზადების საკითხი, საინფორმაციო საზოგადოებაში განათლების განვითარების ტენდენციები და სხვა თემები.

აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტი ჩინეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე

28 ოქტომბერი

აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის დელეგაციამ, ჩინეთის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსა და შანხაის მერიის მიერ “მათემატიკა და ხელოვნური ინტელექტის” თემაზე გამართულ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

აზერბაიჯანის უნივერსიტეტის დელეგაცია კონფერენციას შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტისგან მიღებული მოწვევით დაესწრო. კონფერენციის ფარგლებში, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის რექტორმა, გულჩოჰრა მამმადოვმა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების განვითარებაში შინაარსის ხარისხის, მულტიდისციპლინარული თანამშრომლობისა და უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო კავშირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მოგვიანებით, 30 ოქტომბერს, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტს ეწვივნენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაფართოების, ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარებისა და ორმხრივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

ბაქოსა და ქალაქ სიანს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების დამყარების საკითხი განიხილეს

29 ოქტომბერი

ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, რაშად ნაბიევი ჩინეთის ქალაქ სიანის მერს, იე ნიუპინგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის საჰაერო კავშირების დამყარების, ხელოვნური ინტელექტის, გაციფრულებისა და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის ბოლოს, მხარეები, განხილულ თემებზე სამუშაოდ, სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

აზერბაიჯანისა და ჩინეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

29 ოქტომბერი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ლუ მეი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული საჯარო მმართველობის აკადემიას ეწვია.

შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა, ურხან ალაქბაროვმა, აზერბაიჯან-ჩინეთის მეგობრობაზე და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში არსებული კავშირები განიხილეს

29 ოქტომბერი

სახელმწიფო ტურიზმის სააგენტოს თავმჯდომარე, ფუად ნაღიევი აზერბაიჯანში ჩინეთის ელჩს, ლუ მეის შეხვდა.

შეხვედრაზე ფუად ნაღიევმა ორმხრივი ტურისტული კავშირების განვითარების დინამიკაზე და სავიზო შეზღუდვების გაუქმების დადებით შედეგებზე ისაუბრა.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, აღნიშნა, რომ ჩინეთში აზერბაიჯანის ტურიზმის ბიუროს ადგილობრივი ფილიალის გახსნის მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს.

თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მდიდარი ტურიზმის პოტენციალი ჩინელი ტურისტების ყურადღებას იპყრობს და ტურიზმი ქვეყნებს შორის მზარდი თანამშრომლობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. ელჩმა აღნიშნა, რომ ჩინეთი აზერბაიჯანის ტურიზმის სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებითა და შესაძლო პროექტებში მონაწილეობითაა დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-პეკინის მიმართულებით კვირაში სამი, ბაქო-ურუმჩის მიმართულებით კი, ხუთი რეისი ხორციელდება. 2024 წელს, ჩინეთიდან აზერბაიჯანში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 44 798-ს მიაღწია, რაც, წინა წელთან შედარებით, 94 %-იან ზრდაზე მიანიშნებს.

ბაქოს ახალგაზრდულ ცენტრში კონფუცის ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნა

30 ოქტომბერი

ბაქოს ახალგაზრდულ ცენტრში, აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტში მოქმედი კონფუცის ინსტიტუტის ფილიალის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება აზერბაიჯანის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროსა და აზერბაიჯანში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერით დაორგანიზდა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრი, ფარიდ გაიბოვი, აზერბაიჯანში ჩინეთის ელჩი, ლუ მეი და ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ნარგიზ ბაბაევი.

ღონისძიების ფარგლებში, ბაქოს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა, ნარგიზ ბაბაევმა, აზერბაიჯანის მხრიდან კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა, რაფიკ აბასოვმა და ჩინეთის მხრიდან ინსტიტუტის დირექტორმა, ლი ჯიჰუამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთახნმება აზერბაიჯანისა და ჩინეთის ახალგაზრდებს შორის განათლების, კულტურისა და ენის კუთხით გაცვლის გაფართოებას, ერთობლივ პროექტებსა და პროგრამებს ითვალისწინებს.

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩინეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს

30 ოქტომბერი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაცია ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

შეხვედრაზე ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ფიზიკის ინსტიტუტში პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

31 ოქტომბერი

აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ფიზიკის ინსტიტუტსა და ჩინეთის პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის, თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, მხარეებმა მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების, ორმხრივი გაცვლების განხოციელებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გაცვლითი პროგრამების შექმნის საკითხები განიხილეს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის შეხვედრა CEEC International-თან

31 ოქტომბერი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, როვშან ჯავადოვი ჩინური კომპანიის, China Energy International Group Co., Ltd./“CEEC International”-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა, 2025 წლის 8 სექტემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდსა და CEEC International-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, საინვესტიციო შესაძლებლობების განსაზღვრისა და თანამშრომლობის მექანიზმების შესახებ ისაუბრეს.

პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტი აზერბაიჯანში

1 ნოემბერი

პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის პრორექტორმა, გაო ქანგინმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკაზე ისაუბრა.

პრორექტორმა აღნიშნა, რომ მისი უნივერსიტეტის დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტი ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისია.

ვიზიტის ფარგლებში, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის დელეგაცია შეხვდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის, ჰეიდარ ალიევის ფონდის და ხაზარის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. მეტიც, შეხვედრების ფარგლებში ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმები გაფორმდა.

ვიზიტის ფარგლებში, ჩინური მხარის წარმომადგენლები ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტს, ლეილა ალიევს, აღმასრულებელ დირექტორს, ანარ ალაქბაროვსა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, საჰიბა ქაფაროვას შეხვდნენ. მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

გარდა ამისა, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტმა ურთიერთგაგების მემორანდუმები გააფორმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან.

სომხეთი

სომხეთში ჩინეთის ელჩი, ლი სინვეი ერევნის მერ ტიგრან ავინიანს შეხვდა

სომხეთში ჩინეთის ელჩ, ლი სინვეისა და ერევნის მერს, ტიგრან ავინიანს შორის შეხვედრა გაიმართა. ჩინეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ქალაქებსა და ერევანს შორის ბოლო პერიოდში დამყარებულ კავშირებზე. მან აღნიშნა, რომ რეგიონათაშორისი თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორმხრივ ურთიერთობებში. ელჩმა, ასევე, განაცხადა, რომ მხარეებს ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება შეუძლიათ.

მერმა ავინიანმა, თავის მხრივ, გამოხატა მადლიერება, ჩინეთის მხარის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის მხარდაჭერის გამო. მერმა ხაზი გაუსვა ურბანული მენეჯმენტის მოდერნიზაციის სფეროში ჩინეთის მიღწევებს. ავინიანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ჩინური გამოცდილების გაცნობა ხელს შეუწყობს ჩინეთისა და სომხეთის ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორის კავშირებზე დაფუძნებულ მეგობრობასაც.

ტაჯიკეთი

ტაჯიკურმა და ჩინურმა კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

დუშანბეში გაიმართა ავიაკომპანია „Somon Air“-ისა და ჩინური კომპანია Shanghai Haizhu Engineering & Design Group Co., Ltd. (HIZ)-ის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლის შედეგადაც მხარეებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს ტაჯიკეთის საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას.

მოლაპარაკებებისას მხარეებმა განიხილეს ქვეყნის აეროპორტების განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი ჰანგარის პროექტირებისა და მშენებლობის საკითხს. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში იგეგმება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Feasibility Study) მომზადება.

აღსანიშნავია, რომ 2001 წელს დაფუძნებული ჩინური კომპანია HIZ საავიაციო ინფრასტრუქტურის დიზაინისა და მშენებლობის სფეროში ჩინეთის ათ ყველაზე წამყვან კომპანიას შორისაა.

Scroll to Top