კონსტიტუცია, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტია ხანგრძლივი, სტაბილური ფუნქციონირების, გამართული ინსტიტუციური მმართველობის და ქვეყნის განვითარების პოლიტიკური არჩევანის შესახებ.
თუკი დარღვეულია კონსტიტუციის პოლიტიკურ-სამართლებრივობის რომელიმე კომპონენტი ის არ მუშაობს.
თუ კონსტიტუცია არ მუშაობს და ქვეყანაში წესრიგს ვერ ადგენს, მაშინ ქვეყანა გარანტირებულად მიექანება ქაოსისკენ.
a. კონსტიტუცია ხანგრძლივი მოქმედების დოკუმენტია. შესაბამისად, ნებისმიერი საკონსტიტუციო რეფორმა წარმატებულია მხოლოდ ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად. დემოკრატიულ ქვეყნებში პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკურმა ძალებმა იციან რომ არჩევნების გზით ისინი იცვლებიან, კონსტიტუცია კი უნდა დარჩეს. შესაბამისად კონსტიტუციას წერენ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის და არა საკუთარი ძალაუფლების მუდმივობისთვის და ეძებენ კონსენსუსს.
b. კონსტიტუციის სტაბილურობა ქვეყნის სტაბილურობის ერთადერთი გარანტია. ინსტიტუციურ სტაბილურობას მოაქვს გრძელვადიანი ხედვა, გრძელვადიანი დაგეგმვა და შესაბამისად სტაბილური განვითარება.
c. სახელმწიფოს სუვერენიტეტი და საგარეო პოლიტიკური არჩევანი, უსაფრთხოების არქიტექტურა, ქვეყნის სოციალური კურსი, ინსტიტუციური მოწყობა, ძალაუფლების ვერტიკალური და ჰოლიზონტალური დანაწილება, ბალანსის და კონტროლის მექანიზმები და პლურალიზმი — ეს არის ის ძირითადი კომპონენტები რომელზეც ქვეყანა უნდა შეთანხმდეს და აშენოს სახელმწიფო. სხვა ყველაფერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები და კოდექსები მოერევა, რომელიც შეიძლება კონკრეტული გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის გემოვნების მიხედვით იცვლებოდეს.
საქართველოს გამოცდილება ადასტურებს, რომ სწორედ პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობის გამო, შესაბამისი უმრავლესობით მოსულმა ყველა ხელისუფლებამ კონსტიტუცია საკუთარ თავზე, და შესაბამისად საკუთარი ძალაუფლების მუდმივობაზე მოირგო.
ჩვენივე ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ ეს საკუთარი ძალაუფლების განგრძობითობაზე მოჭრილ-მოქარგული კონსტიტუცია არც ერთს გამოადგა, და მოვლენების განვითარებამ უცებ უსარგებლო, გაუგებარ, ბუნდოვან აქტად აქცია რასაც შემდეგ მოსულნი უპირისპირდებიან და ქვეყანა ახალი ჭრა-კერვის პროცესში შედის.
გარდამავალი, გნებავთ ჰიბრიდული, გნებავთ ჯერ კიდევ პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის, რომელიც განგრძობითი ოკუპაციის რეჟიმში ცხოვრობს და რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ძალიან მწირი გამოცდილება აქვს, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმავე მიზეზების გამო რაც ზემოთ ჩამოვთავლეთ: უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, ინსტიტუციური სტაბილურობისთვის, გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის, საერთო ეროვნული ღირებულებითი სიმყარისთვის, საგარეო პოლიტიკური არჩევანისა და სოციალური სისტემის სტაბილურობისთვის, და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი წინაპირობისთვის რომლის გარეშეც სახელმწიფო ვერ ყალიბდება, და რის გამოც საქართველომ, განსხვავეით ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისგან დღემდე ვერ მოახერხა პოსტ-საბჭოთას იარლიყის მოხსნა.
საქართველოში დღემდე განხორციელებულ ყველა საკონსტიტუციო რეფორმას კონკრეტული მიზეზი და მახასიათებელი ქონდა. 2004 წლის რეფორმა გამოწვეული იყო პრეზიდენტის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის სურვილით რევოლუციურ ტალღაზე მოსული პრეზიდენტი სააკაშვილის მხრიდან, 2010 წლის რეფორმის მიზანი პრეზიდენტის ხარჯზე პრემიერის გაძლიერება იყო, ვინაიდან იგივე პრეზიდენტი სააკაშვილი თავისთვის ახალი როლის მორგებით იყო დაინტერესებული, 2017 წლის რეფორმის მამოძრავებელი კი, როგორც ჩანს მოქმედი პრეზიდენტის დასუსტება, მაგრამ უფრო მეტად, მომავალში ხალხის მიერ ასარჩევი ნებისმიერი პრეზიდენტის უკონტროლობის შიშია. სახელისუფლებო ძალის გათვლა კი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში მისი მუდმივობის მოლოდინი და შესაბამისად, დისკომფორტის ნებისმიერი ცენტრის დასუსტებიაა. სწორედ ანალოგიური ამოცანის შესრულებას ემსახურება ქვეყანაში პარალელურად მიმდინარე თვითმმართველობების დასუსტების ან სრულად გაქრობის მცდელობა.
ძალიან მოკლედ შემოთავაზებული საკონსტიტუციო მოდელის ერთ ძალიან კონკრეტულ ასპექტზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების შემოთავაზებულ სტრუქტურაზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.
დასაწყისშივე ცალსახად უნდა ითქვას, დემოკრატიული სახელმწიფოები ამ თვალსაზრისით სრულიად განსხვავებულ და მრავალფეროვან მოდელებს იცნობს. ნატოსა და ევროკავშირის წევრებ სახლემწიფოებში გვაქვს მონარქიები, ძლიერი საპრეზიდენტო, მთლიანად საპარლამენტო და შერეული მმართველობის სახელმწიფოები.
თავისთავად დემოკრატიის ნიშანი არსად, არც ერთ ვითარებაში არ არის ერთი ფაქტორი. მაგალითად თუ ხალხის არჩეული პფეზიდენტი გყავს აუცილებლად დემოკრატიაა და სხვა. სისტემის სტაბილურობა და დემოკრატიულობა მტავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ უპირველესად იმაზე
– როგორია ქვეყანაში პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულების, ურთიერთკონტროლის ხარისხი;
– კონსტიტუციური მოდელი შესაძლებელია გახდეს ერთპიროვნული, უპასუხისმგებლო მმართველობის საწყისი თუ არა?
– კონსტიტუციური მოდელი კრიზისის დროს მართვისა და გადაწყვეტილების მიღების მკაფიო, ერთმნიშვნელოვან სისტემას გვთავაზობს თუ არა? და სხვა.
მთავარი და გადამწყვეტი ორი ძირითადი ფაქტორია
1. ანგარიშვალდებულება / უკონტროლო ძალაუფლების შეუძლებლობა
2. გადაწყვეტილების მიღების, პასუხისგმებლობის სიცხადე და არაბუნდოვანება
კიდევ ერთხელ, ეს ორი ფაქტორი განსაკუთრებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია განგრძობითი ოკუპაციის, არგმოცხადებული ომის პირობებში მცხოვრები ქვეყნისთვის.
რატომ არ ვარგა შემოთავაზებული მოდელი
1. დაუშვებელია კონსტიტუციაში არსებობდეს დებულება, რომელიც არაიდენთიფიცირებული, დაუდგენელი მმართველობისა და დაქვემდებარების შეიარაღებულ ძალების შექმნის შესაძლებლობას იძლევა;
პროექტის ჩანაწერში ვკითხულობთ “საქართველოს ჰყავს სამხედრო და სხვა შეარაღებული ძალები”.
გარდა იმისა რომ შემოდის “სხვა შეიარაღებული ძალების” ძალიან საშიში დებულება, იქვე ირკვევა რომ “სამხედრო ძალების სტრუქტურას”, მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს პრეზიდენტი, თუმცა არაფრია ნათქვამი სხვა შეიარაღებული ძალების ფორმირების პროცესში სახელისუფლებო შტოების ფუნქციებზე.
2. დაუშვებელია კონსტიტუციაში სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ არსებობდეს ბუნდოვანი, უფრო მეტიც კონფლიქტური დებულებები. მეტი სიცხადისთვის, შემოთავზებული მოდელით:
ა. მუხლი 70. სამხედრო ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს პრემიერ მინისტრის ბრძანებით.
ბ. მუხლი 72. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლიც შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად.
გ. მუხლი 72. გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის, აგრეთვე ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ.
დ. მუხლი 72. საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სახედრო ძალების გამოყენება დაუშვებელია პარლამენტის თანხმობის გარეშე.
ეს არის დებულებები, რომელიც შეიარაღებული ძალების გამოყენებას “აწესრიგებს” შემოთავაზებულ მოდელში. რას ვიგეთ ამ დებულებებით, რა მოდელს გვთავაზობს მმართველი პარტია? კონსტიტუცია არ იძლევა პასუხს არც ერთ არსებით კითხვაზე და ტოვებს ძალაუფლებით მანიპულირების უზარმაზარ სივრცეს.
ა. ვინაიდან ირკვევა რომ საგანგებო და საომარი მოქმედების დროს სამხედრო ძალების გამოყენების უფლება ექსკლუზიურად პრემიერს აქვს, გაუგებარია რა გადაწყვეტილებებს იღებს თავდაცვის მინისტრი, რომელი მდგომარეობის დროს? თუმცა პროექტში წერია, რომ მისი ბრძანებით მოქმედებენ სამხედრო ძალები, არ წერია როდის, რა ვითარებაში. (ისევ და ისევ არაფერია ნათქვამი სხვა შეიარაღებულ ძალებზე)
ბ. 72-ე მუხლის შესაბამისად პრეზიდენტი იღებს გადაწყვტილებას სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ, მთავრობის წარდგინებით რაც პარლამენტს წარედგინება, თუმცა იმავე 72-ე მუხლის შესაბამისად პრემიერი იღებს იგივე გადაწყვეტილებას რაც პარლამენტის დამტკიცებას არ საჭიროებს, საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს.
გაუგებარი რჩება თუკი პრეზიდენტია მთავრსარდალი (შემოტავაზებული პროექტის 49-ე მუხლი), მაგრამ საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების გამოყენებაზე პარლამენტის და პრეზიდენტის გარეშე პრემიერი იღებს გადაწვეტილებას, ასევე პრემიერის ბრძანებით მოქმედებენ სამხედრო ძალები, მაშინ რა ფუნქცია აქვს პრეზიდენტს, და რისთვის გვჭირდება ეს ინსტიტუტი 49-ე მუხლით დადგენილი სტატუსით? რა ფუნქციის მატარებელია, იმავე 72-ე მუხლის დებულება რომ პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო ძალების გამოყენებაზე და პარლამენტში წარადგენს ამ გადაწყვტილებას?
არსებული რეალობის გათვალისწინებით ვიღებთ რეალობას, რომ ჩვენი სამხედრო ძალების მხოლოდ საერთაშორისო მისიაში გამოყენების შემთხვევაში ერევა პრეზიდენტი და პარლამენტი ამ პროცესში. სხვა ყველა შემთხვევში ორივე პრეზიდენტიც და პარლამენტიც ამოვარდნილია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემიდან.
3. ეროვნული თავდაცვის საბჭოს მოდელი რომელიც შემოთავაზებულ პროექტშია არაფრის მომცემი, სრულიად სიმბოლური ორგანოა, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებსა და ამოცანებს გასცეს პასუხი. პრობლემა კი მრავალმხრივია:
ა. კონსტიტუციის შემოთავაზებულ მოდელში არაფერია ნათქვამი მუდმივმოქმედ ორგანოზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ამოცანებზე იქნება პასუხისმგებელი. პირობითად დღევანდელი უშიშროების საბჭოს ამოცანის მატარებელი. იმის მიუხედავად, ეს ფუნქცია პრეზიდენტთან დარჩება თუ პრემიერთან უმნიშვნელოვანესია არსებობდეს ორგანო, სადაც თავს იყრის ინფორმაცია, მუშავდება ინფორმაცია, სადაც თავს იყრიან შესაბამისი პასუხისმგებლობის მატარებელი თანამდებობის პირები, მიმდინარეობს ინფორმაციისა და დამოკიდებულებების მუდმივი გაცვლა-გამოცვლა, არსებობს სივრცე უწყვეტი კომუნიკაცისაა და კონსენსუსისთვის, შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილებები.
ბევრ დემოკრატიებში უშიშროების საბჭოს შემადგებლობაში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებიც კი შედიან სწორედ თემის ზეპარტიულობის გამო და კონსენსუსის უზრუნველყოფის მიზნით.
არ მეგულება დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მსგავსი თემები კონსტიტუციით არ არის რეგულირებული.
ბ. დღევანდელი ვითარებაში, ჰიბრიდული ომის გამოწვევების დროს, როდესაც საქართველო ყოველდღიურად გამოუცხადებელი ომის პირობებში ცხოვრობს, როდესაც ჩვენი ტერიტორიების მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამალებული მცდელობაა რუსეთის მხრიდან, კიბერ შეტევები მომძლავრებულია და მთელი დატვირთვის მუშაობს რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანა სრულაიდ გაუგებარია ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვიუნარიანობისათვის საერთო კოორდინაციის ორგანოს მხოლოდ გამოცხადებული, კონვენციური ომის პირობებში ვქმნიდეთ.
ანუ, თავისთვად ამგვარი კოორდინაციის აუცილბელობა აღიარებულია, თუმცა კანონმდებელი ომს, დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის მახასიათებლებით უდგება.
შემოთავაზებული მოდელი არა მარტო გაუმართავია და არ იძლევა გადაწყვტეტილებების მიღების სისტემის დანახვის, ან უსაფრთხოების ერთიანი არქიტექტურის ანიდან ჰოემდე დანახვის შესაძლებლობას, არამედ იგი ეწინააღმდეგება რეალობას რომელშიც საქართველოა დღეს – განგრძობითი ოკუპაციის, მიმდინარე საომარი მდგომარეობის რეალობას, რომელიც 24 საათიან კოორდინაციას და შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს.