კონფერენცია – უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან
27/05/2023
15 ივნისს, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამოქალაქო იდეა“, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) და დემოკრატიის ინდექსი – საქართველო ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია – უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან.
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო დიალოგისა და დისკუსიის სივრცის უზრუნველყოფა, საქართველოსთვის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ:
წლის ბოლომდე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე;
ივლისში დაგეგმილი, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მოლოდინებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პოლიტიკური პარტიების და საქართველოს სამოქალაქო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელმა – თინათინ ხიდაშელმა, ხოლო კონფერენცია გახსნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში – პაველ ჰერჩინსკიმ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა 2 პანელური დისკუსია:
საქართველოს გამოწვევები ევროინტეგრაციის გზაზე – არის თუ არა გატარებული რეფორმები საკმარისი?
პანელის მომხსენებლები:
მარკოს გრანადოს გომესი – საქართველოში ესპანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ესპანეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა 2023 წლის 1 ივლისიდან – 31 დეკემბრამდე.
დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (2012 – 2016 წწ);
თამარ ხულორდავა – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016 – 2019 წწ);
სერგი კაპანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016 – 2020);
ვანო ჩხიკვაძე – ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.
მოდერატორი – თამარ ხიდაშელი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, დირექტორი.
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტიდან ვილნიუსში?
პანელის მომხსენებლები:
ანდრიუს კალინდრა – ლიეტუვას ელჩი საქართველოში;
რიინა კალიურანდი – ესტონეთის ელჩი საქართველოში;
თეონა აქუბარდია – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ლევან დოლიძე – საქართველოს ელჩი ნატოში (2013-2014).
მოდერატორი – ეკატერინე ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, თავმჯდომარე.
კონფერენცია “უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“
კონფერენცია “უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“
ჩვენი მიზანია, მიმდინარე ომისა და საქართველოს მიერ ევროკავშირის კითხვარის შევსების პარალელურად, მხარი დავუჭიროთ დიალოგს და წავახალისოთ დისკუსია. ჩვენ გთავაზობთ, ერთად ვიმსჯელოთ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე, გავაანალიზოთ მისი გავლენა საქართველოზე და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. წამოჭრილი საკითხების ფართო საჯარო განხილვა მოგვცემს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ საქართველოს მომავალი. ჩვენ გვსურს, ერთად შევკრიბოთ ყველა დაინტერესებული მხარე: მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოება და ერთი ქოლგის ქვეშ გავაერთიანოთ უკვე არსებული სხვადასხვა სადისკუსიო ფორმატები.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ რუსული აგრესია უკრაინაში პრინციპულად აშორებს ჩვენს პოლიტიკურ ელიტებს. გარკვეული დაჯგუფებები მასიურად ეწევიან რუსულ პროპაგანდას, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ განსაკუთრებით, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გაერთიანება. ვლადიმერ პუტინის წარმოუდგენელი ბოროტება უკრაინაში საქართველოზეც ზემოქმედებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენ გვჯერა, რომ ახლა ის დროა, როდესაც ყველაზე ლეგიტიმური შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებიც კი უნდა შეწყდეს და პრიორიტეტად იქცეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა მსოფლიოში თითქმის მთელი ცივილიზებული სამყარო გააერთიანა და გახსნა კარი უსაფრთხოების სრულიად ახალი სისტემებისთვის, რაც ინტეგრაციისა და თანამშრომლობის სულ სხვა ხედვას და შესაძლებლობებს გულისხმობს. მოცემულობაა, რომ საქართველო, რომელიც თავის მხრივ არის რუსული აგრესიის მსხვერპლი, ამ ახალი რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის ცენტრშია.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის კითხვარის მიღება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ის ამ შეცვლილი დინამიკის მხოლოდ ერთი მტკიცებულებაა. დისკუსიის მეშვეობით, გთავაზობთ, აღმოვაჩინოთ, გავაანალიზოთ და ვიმსჯელოთ ევროპასთან ინტეგრაციის მთავარ არსზე ფორმალური პროცედურების მიღმა. საჭიროა მტკიცედ შევთანხმდეთ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომელსაც თანამედროვე, ევროპული საქართველო უნდა ეფუძნებოდეს. ანალოგიურად, 104 წლის წინ, როდესაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა გააოცეს მსოფლიო ლიბერალური დემოკრატიის მიმართ მათი სიმამაცითა და ერთგულებით, დღევანდელ ქართულ ელიტებს სჭირდებათ თავისუფლების პრინციპების, დემოკრატიის, სამართლიანობის, სოლიდარობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების გაძლიერება და ერთგულება.
კითხვარის შევსებისა და მისი ბრიუსელში გაგზავნის შემდეგ, საჭიროა დაისვას კითხვა, თუ რატომ მივისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ და როგორ უნდა შევცვალოთ ის განსხვავებები, რომლებიც არსებობს ფურცელზე აღწერილ საქართველოსა და რეალურს შორის.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: სამოქალაქო იდეა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) და დემოკრატიის ინდექსი – საქართველო.