მასობრივი საპროტესტო ტალღა სერბეთში – სტუდენტები ჩინური კომპანიების მიერ რესტავრირებულ რკინიგზის სადგურთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვენ

თითქმის ორთვიანი უწყვეტი დემონსტრაციების შემდეგ, კვირას, 22 დეკემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ნოემბრის პირველი კვირიდან მომიტინგეები ითხოვენ პრეზიდენტ ვუჩიჩისა და მმართველი „სერბეთის პროგრესიული პარტიის“ გადადგომას. ისინი ამჟამინდელ ლიდერს კორუფციაში, ნეპოტიზმსა და გამჭვირვალობის ნაკლებობაში ადანაშაულებენ. აღნიშნული აქცია იმ საპროტესტო მოძრაობის უფრო გაძლიერებული ნაწილია, რომელიც სერბეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევას, ჯამში, 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ნოვი სადის რკინიგზის სადგური ბოლო წლებში ორჯერ გარემონტდა. პროტესტის მონაწილეების აზრით, პროექტი, რომელშიც ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები მონაწილეობდნენ, უკიდურესად კორუმპირებული ხასიათის იყო.  ჩინურ კომპანიებს შორის იყო China Railway International Co. Ltd. და China Communications Construction Company (CRIC-CCCC) . ჩინური კომპანია CCCC სწორედ ის კომპანიაა, რომელიც არაერთ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, ამის მიუხედავად კი ანაკლიის პორტის მშენებლობაში პოტენციური ინვესტორია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელობით ჩატარებული სარკინიგზო პროექტი თავდაპირველად დაიგეგმა სერბეთის სარკინიგზო ქსელის განახლების მიზნით, რომელიც მთლიანად ფოკუსირებულია ბელგრადის ჩრდილოეთით მდებარე მარშრუტზე. ეს ძალისხმევა მთლიანად დაკავშირებულია ჩინეთის ე.წ. „სარტყლისა და გზის“ („Belt and Road“) პოლიტიკასთან, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის საქონლის ევროპაში იმპორტის ზრდას.

სარემონტო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო, სადგურის სხვადასხვა ნაწილი 2022 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გაიხსნა. თუმცა, რეკონსტრუქცია გაგრძელდა 2024 წლის ივლისამდე, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სადგური „ევროპული სტანდარტებით“ იყო აღდგენილი. ნოვი სადის საინფორმაციო გამოშვება 021-ის ცნობით, რემონტთან დაკავშირებული ძირითადი დოკუმენტები კონფიდენციალური და საიდუმლო იყო.

ჩინური ინვესტიციები სერბეთში – ინფრასტრუქტურის, სამთო მოპოვებისა და სადაზვერვო სფეროებში – ხშირად იყო მოცული დაპირისპირებით: სტანდარტებისა და გამჭვირვალობის შესახებ მუდმივი შეშფოთებით. 2021 წელს გაიცა მშენებლობის ნებართვა ნოვი სადსა და უნგრეთის საზღვარს შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრულად რესტავრაციისთის. ნებართვაში აღნიშნული იყო ნოვი სადის რკინიგზის სადგურის „რეკონსტრუქცია, ადაპტაცია და გაფართოება“, მაგრამ არ იყო მითითებული შენობის ზუსტად რომელ ნაწილებს მოიცავდა ეს სამუშაოები.

დამხმარე დოკუმენტებს შორის იყო პროექტი სახელწოდებით „არქიტექტურული პროექტი ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის მიწისქვეშა გადასასვლელის გაფართოებისა და ადაპტაციისთვის“, თუმცა მასში დამატებითი ნაწილები და აღწერები მითითებული არ იყო.

1 ნოემბრის კატასტროფული მოვლენიდან რამდენიმე დღეში ტრანსპორტის მინისტრმა გორან სევიჩმა, სერბეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიამ, სახელმწიფო ტრანსპორტის ინსტიტუტმა და კონსორციუმმა „China Railway International Co. Ltd. და China Communications Construction Company (CRIC-CCCC)“, რომლებიც ჩართულნი იყვნენ შენობის სარემონტო სამუშაოებში, უარყვეს ბრალდებები და განაცხადეს, რომ ჭერი, რომელიც ჩამოინგრა, მათ მიერ წარმოებული სამუშაოების ნაწილს არ წარმოადგენდა. თუმცა ისინი ტყუილში მალევე ამხილეს. „ტყუილია, რომ ჩარდახზე სამუშაოები არ ჩატარებულა, რადგან ამ მოვლენამდე იგი მინით იყო დაფარული”, – თქვა გეოლოგმა და ინჟინერმა ზორან ჯაჯიჩმა, რომელიც 2023 წლამდე კურირებდა რკინიგზის სადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შიდა პრესისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ CRIC და CCCC ამტკიცებენ, რომ მათ პირდაპირი კავშირი არ ჰქონიათ ამ კონკრეტული ჭერის შეკეთებასთან, სამართლის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ, როგორც ზედამხედველი კონტრაქტორები, ისინი პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ქვეკონტრაქტორების საქმიანობაზე. მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ის შიში და უნდობლობა, რომელიც „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასთან დაკავშირებით ჰქონდათ კრიტიკოსებს. ეს უნდობლობა კი მიმართულია ადგილობრივი ქვეკონტრაქტორებისკენ, რომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხიანობა და უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა.

ვუჩევიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს იმ ისტერიაში, რომელიც ჩინეთის წინაააღმდეგაა მიმართული და ირონიულად დასძინა, რომ მაშინ, ყველა ჩინური კომპანიის წარმომადგენლები უნდა დაიჭირონ.

გაუმჭვირვალობის აღმოსაფხვრელად და მთავარი დამნაშავეების გამოსავლენად აქციის მონაწილეები რეკონსტრუქციული სამუშაოების დოკუმენტების და დეკლარაციების გახსნას, ასევე საქმეზე პასუხისმგებელი პირების შესაბამისად დასჯას ითხოვენ.

Scroll to Top