რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – გავლენა დემოკრატიასა და დემოკრატიის მხარდაჭერაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

„საერთაშორისო იდეას“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ მრგვალი მაგიდა – „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – გავლენა დემოკრატიასა და დემოკრატიის მხარდაჭერაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებას და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პოტენციური საფრთხეების ანალიზს სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში. გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლებმა ისაუბრეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ეროვნულმა და საერთაშორისო აქტორებმა დემოკრატიის გასაძლიერებლად, მოცემული კრიზისის პირობებში.

მომხსენებლებმა – საქართველოდან, სომხეთიდან და მოლდოვადან მიმოიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო გავლენები, მათი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაზე;

შეაფასეს, თუ რა პოტენციური საფრთხე შეიძლება დაემუქროს განვითარებადი ქვეყნების დემოკრატიებს და განსაზღვრეს ომის მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი შედეგები;

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სასწრაფო განაცხადი გააკეთა, რასაც საქართველოსა და მოლდოვას მხრიდან წევრობაზე განაცხადის გაკეთება მოჰყვა. გაკეთებული განაცხადი კიდევ ერთხელ ავალდებულებს ამ ქვეყნებს და მათ მოქმედ მთავრობებს, ევროპული სტილის დემოკრატიის დამკვიდრებას, სადაც ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცული და უზრუნველყოფილია. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ეს მოვლენები, მაშინაც კი, თუ ევროკავშირში გაწევრიანება შორეულ პერსპექტივად რჩება, სამივე ქვეყნის გადაწყვეტილება ერთგვარი სიგნალია, რომ ისინი ირჩევენ პროდასავლურ კურსს და გამოთქვამენ მზადყოფნას, განახორციელონ ინვესტიციები დემოკრატიულ სამყაროში. თუ ამ დამანგრეველი ომისგან რაიმე დადებითი შედეგის პოვნა შეიძლება, ეს შეიძლება აღნიშნული ფაქტი იყოს.

Scroll to Top