სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში “საგანგებოობანას ვირუსი “

სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში “საგანგებოობანას ვირუსი “

ზემოთ განხილული შემთხვევები ნათელი მაგალითია იმისა, რომ პანდემიამ გლობალური დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას და თითქმის ყველა სახელმწიფომ განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი ამ კუთხით, თუმცა მთავრობათა ქმედებები მიმართული იყო არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისკენ, არამედ ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლადაც, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. 2020 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.35 თეთრით გაუფასურდა შედეგად ერთი დოლარის ღირებულებამ 3.3332 ლარს მიაღწია. ევროსთან მიმართებით კი კურსი 5.2 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.88 ლარი გახდა.

დიდ სურათზე დაკვირვება საშუალებას იძლევა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები სრულფასოვნად შეფასდეს. დღეს უკვე ერთმნიშვნელოვნია, რომ მათ მიერ გატარებული ღონისძიებები კატასტროფული აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისათვის, რომელიც პანდემიამდეც არ ყოფილა მდგრადი. ნაცვლად იმისა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შემოეთავაზებინათ მოკლე პერიოდზე გათვლილი მოდელი და კონკრეტული სამოქმედო გეგმა უფლებების მინიმალური შეზღუდვით, ქართულმა საზოგადოებამ მიიღო მთავრობის მხრიდან ერთპიროვნულად გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვები. მიუხედავად შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა, მოქალაქეებმა დაკარგეს სტაბილურობის შეგრძნება, რადგან მთავრობას ნებისმიერ დროს შეეძლო ახალი დადგენილებით იგივე ან უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღება. ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტიც, რომ მოახლოებული არჩევნების ან უფრო ზოგადად, საშუალო და გრძელვადიანი გეგმის არ არსებობის გამო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება უარს აცხადებს პარლამენტში და შესაბამისად საჯარო დისკუსიაზე. ამგვარი მიდგომა კი საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ დაბნეულობასა და უპერსპექტივობის განცდას ამძაფრებს.

როგორც ვხედავთ, ძალაუფლების უზურპაციის „ცდუნების“ ფაქტები მრავლადაა როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ძლიერი კონსტიტუციური რეჟიმის შექმნა საკმაოდ რთული გამოწვევაა, რადგან იგი ყოველთვის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევის საფრთხის წინაშე დგას. მისგან დაცული ვერც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აღმოჩნდნენ, როგორც პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითზე ვიხილეთ. შესაბამისად, საჭიროა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპსა და სამოქალაქო უფლებების განხორციელების ინტერესს საგანგებო რეჟიმის პირობებშიც კი. სხვა შემთხვევაში სახელმწიფო აღმოჩნდება პოლიტიკოსების კეთილი ნების ამარა, რამაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარება კატასტროფამდე შეიძლება მიიყვანოს. თუკი არ იქნება გადადგმული შესაბამისი წინდახედული ნაბიჯები, საგანგებო ზომები, როგორც ეს მათ ახასიათებთ, იმაზე მეტ ხანს გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. ვენეციის კომისიის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ყველაზე მძიმე დარღვევებს სწორედ საგანგებო ვითარებების კონტექსტში აქვს ადგილი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადა, რომ 

“უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, მთავრობებს ხშირად უწევთ განსაკუთრებული ზომების მიღება. ამგვარი ზომები ნამდვილად გამონაკლისი ხასიათის უნდა იყოს, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება უგულებელყოს კანონის უზენაესობის პრინციპი, თუნდაც უკიდურეს სიტუაციებში. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც განსაკუთრებული ზომების ბოროტად გამოყენების პრევენციას უზრუნველყოფენ“.

პანდემიის დასრულების შემდგომ, სახელმწიფოები ახალი გამოწვევების წინაშე დადგებიან როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე დემოკრატიული განვითარების კუთხით, ვინაიდან არავინ იცის, თუ რამდენად ადვილად დათმობენ მთავრობები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გაზრდილ უფლებამოსილებებს. „პანდემიასთან “კარჩაკეტილი“ განწყობით ბრძოლამ შესაძლოა „ნაკლებად ღია, ნაკლებად თავისუფალი და ნაკლებად მდიდარი მსოფლიო შექმნას.“

ამ მხრივ განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას, სუსტი დემოკრატიული ტრადიციებისა და მყიფე ინსტიტუტების მქონე ქვეყნები.

angarishi-5-geo

Scroll to Top