სამოქალაქო იდეას განცხადება 2023 წლის 11 აგვისტოს მინისტრ ქარსელაძის მიერ გაკეთებული რამდენიმე კომენტარის შესახებ

პირველ რიგში, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ სამოქალაქო იდეა საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ანტი-კორუფციული მონიტორინგისა და საქართველოში უცხო ქვეყნების გავლენების, მათ შორის ეკონომიკური გავლენების პრევენციის შესახებ მუშაობს. ჩვენი საქმიანობის 6 წლის მანძილზე მონიტორინგისა და კვლევების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში არსებული ჩინური კომპანიები და მათ მიერ შესრულებული ან ვერ შესრულებული საქმიანობაა. შესაბამისად, ბევრი საკითხი, რომელზეც მინისტრი ქარსელაძე საუბრობდა, სწორედ ჩვენი ანგარიშებიდან გაიგო საზოგადოებამ. იმისათვის, რომ არავინ შევიდეს შეცდომაში და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, აუცილებლად მიგვაჩნია წინამდებარე განცხადებით შევეხმიანოთ მინისტრის განცხადებებს.

ჩვენ პოლიტიკურ დებატებში არ ვმონაწილეობთ, შესაბამისად დღეს მინისტრ ქარსელაძის განცხადებების მხოლოდ იმ ნაწილს ვეხმიანებით, რომლებიც  სხვადასხვა დროს ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშებში იყო ასახული და ჩვენს კომპეტენციაში შემავალ საკითხებს შეეხება. კერძოდ, ეს გახლავთ საერთაშორისო აუდიტის მოთხოვნა და ქვეყანაში სახელმწიფო კონტრაქტების მინიჭების პროცესში მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების შექმნა.

აუდიტი:
მინისტრმა ბევრი ისაუბრა მონიტორინგის სისტემაზე, ასევე აუდიტის მექანიზმებზე, რომელსაც „დიდი ოთხეულის“ კომპანია უწევს რიკოთის პროექტს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განცხადებები მნიშვნელოვანია, მას არაფერი აქვს საერთო ჩვენს მოთხოვნასთან, ვინაიდან ჩვენ უკვე წლებია, არა ფინანსურ, არამედ გარემოსდაცვით საერთაშორისო აუდიტს ვითხოვთ. რადგან იმის მიუხედავად არსებობს თუ არა საფუძვლიანი და დასაბუთებული ბრალდებები კორუფციად საშიში გარიგებების შესახებ, უპირველესი და უმწვავესი საკითხი რიკოთის შემთხვევაში მისი უსაფრთხოებაა.

დღეს საქართველოს წინაშე მდგომი მთავარი გამოწვევა და ამოცანაა სრულიად ერთმნიშვნელოვანი გარანტიების არსებობა, ამ ნამდვილად უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის უსაფრთხოების შესახებ. ყველაფერი სხვა გარკვეულწილად მეორეხარისხოვანია. ასეთი გარანტიების შექმნა კი მხოლოდ დანოუკიდებელი საერთაშორისო გარემოსდაცვითი მონიტორინგის მექანიზმის გამოყენებით არის შესაძლებელი.

მიუხედავად ბატონი ქარსელაძის ნახევარ საათიანი მონოლოგისა, რაც საზოგადოებასთან კომუნიკაციის მცდელობად უნდა შეფასდეს (11 აგვისტოს მედია მონოლოგი თავისთავად უკვე დადებითი მოვლენაა. კაბინეტებში დამალვის ნაცვლად ამგვარი ახსნა-განმარტებების კეთების საჭიროების გაცნობიერება მისასალმებელია), მას არავითარი ვალდებულება ინფორმაციის საჯარობააზე და პროცესის გახსნილობაზე არ აუღია. მართალია ჩვენ მოვისმინეთ, რომ გზების დეპატამენტი 24 საათიან მონიტორინგს ახორციელებსო, მაგრამ ამ მონიტორინგის შედეგებს დღის სინათლე არ უნახავს.

მინისტრის სიტყვების დამაჯერებლობისთვის, და რაც უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების სიმშვიდისთვის უკიდურესად აუცილებელია ყველა სიტყვის ინფორმაციული და ფაქტობრივი დადასტურება.

მონიტორინგის შედეგები რომელზეც მინისტრი საუბრობს, რეგულარულად უნდა ქვეყნდებოდეს და ექსპერტებისა და დაინტერესებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

სანქციები:
უკიდურესად მანიპულაციური და მდარე ხარისხის პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებას ჰქონდა ადგილი მინისტრის მხრიდან სანქციების საკითხზე საუბრისას. დავიწყოთ მის მიერ ნათქვამი ნახევარსიმართლით, მან აღნიშნა ტენდერები მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარდა, რასაც ჩვენც ვადასტურებთ, თუმცა ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება როგორ იმარჯვებენ ასეთ ტენდერებში ყველაზე უფრო საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიები.

რა გვითხრა მინისტრმა?
1. სანქციებით შეზღუდვა არ არის მის მიერ ჩამოთვლილი, სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის გადამწყვეტი, ბევრი დოკუმენტიდან არც ერთში ვალდებულებად;
2. ჩემებს გადავამოწმებინე და 2023 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით არც ერთი კომპანია არ არის სანქცირებულიო.

პრობლემა რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ დაადასტურა მინისტრმა – საქართველოს ხელისუფლებისთვის, სანქცირების ისტორია არ არის შემაფერხებელი ფაქტორი. უფრო მეტიც, არც შესყიდვების ახალ კანონში, რომელიც პარლამენტმა 2023 წელს მიიღო, საერთაშორისო სანქციების ან საერთაშორისო შავი სიების საკითხი მოხსენიებულიც კი არ არის, არც ერთი კომიტეტისგან არავითარი პასუხი არ მიგვიღია ჩვენს მიერ წარდგენილ ცვლილებებზე, შეთავაზებებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითების გაზიარების  აუცილებლობაზე.

სრულიად გაუგებარია რაში სჭირდებოდა მინისტრს 10 აგვისტოს მონაცემების გადამოწმება რიკოთზე სამუშაოებით დაკავებულ ჩინურ კომპანიებთან მიმართებაში, თუ არა მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სინამდვილეში ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ გახლავთ კომპანიების რეპუტაცია, მანამდე განხორციელებული სამუშაოები და სანქციების/შავი სიების საკითხი კონტრაქტის მინიჭებამდე.

1) კომპანია Sinohydro ამ თვალსაზრისით, აბსოლუტური რეკორდსმენია. კომპანია საქართველოში 2013 წლიდან საქმიანობს სხვადასხვა სექტორებსა და სფეროებში: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებიდან – გზების მშენებლობამდე. შესაბამისად საქართველოს მთავრობისგან მიღებული აქვს მრავლობითი ლიცენზიები და კონტრაქტები.
სწორედ იმ პერიოდში როდესაც საქართველოს მთავრობა კომპანიას კონტრაქტებსა და ლიცენიზიებს აძლევდა (2013-2019 წ) – მსოფლიო ბანკმა კონგოში, მალიში, ყირგიზეთში, ფილიპინებსა და მალაიზიაში, ასევე აფრიკის ქვეყნებში თაღლითური და კორუფციული პრაქტიკის გამო Sinohydro Corporation Limited-ის სანქცირება მოახდინა, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შავ სიაში ყავდათ შეყვანილი. კომპანიას საერთაშორისო მედია „კორუფციის ძეგლს“ უწოდებს მალაიზიაში მრავლობითი სკანდალების გამო. 2019 წელს სომხეთში დაპატიმრების ორდერები გაიცა ყალბი კონტრაქტების გაფორმების გამო სინოჰიდროს პროექტზე ტალიმ-გიუმრის გზის მშენებლობისთვის.
შეგახსენებთ ეს ის კომპანიაა, რომლის წინააღმდეგაც საქართველოს მთავრობას რამდენიმეჯერ თავად მოუწია საჯარიმო სანქციების გამოყენება გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო. თუმცა 2020 წელს 25 დეკემბერს კვლავ გამოჩნდა ახალ ამბებში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
„საქართველოს მთავრობა ჩინურ კორპორაცია “სინოჰიდროსთან” აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის კიდევ ერთ კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების ღირებულება 264,992,488 ლარი იქნება და მის ფარგლებში ჩინურმა კორპორაციამ ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის (კმ 7+700 – კმ 14+060) მონაკვეთი უნდა ააშენოს. „

12 აგვისტო, 2023, თბილისი

Scroll to Top