14 აპრილს, პეკინში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერებასა და ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სი ძინპინმა მხარეებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის არის ვაჭრობა, ახალი ენერგეტიკა, ჭკვიანი ეკონომიკა, კულტურა, განათლება, კვლევა და სპორტი. ამასთან, პეკინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ესპანეთთან ერთად მრავალმხრივობისა და გაეროზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვისთვისაც არის მზად.
ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა 19 შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტები ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ თანამშრომლობას მოიცავს. ამასთან, გაფორმდა რამდენიმე პროტოკოლი, რომლებიც ესპანური პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოებას ითვალისწინებს. თანამშრომლობის მიმართულებებს შორის დასახელებულია ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ბიომრავალფეროვნება და საუნივერსიტეტო კვლევა.
ამასთან, მადრიდმა ჩინეთთან ვიზიტი სავაჭრო ურთიერთობების დაბალანსების საკითხის წინ წამოსაწევადაც გამოიყენა. მთავრობის განცხადებით, მადრიდს პეკინთან არა მხოლოდ მჭიდრო, არამედ უფრო ჯანსაღი და დაბალანსებული ეკონომიკური ურთიერთობა სურს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უკვე მიღწეულმა შეთანხმებებმა ესპანური ექსპორტის ზრდას შეუწყო ხელი, ხოლო ახალი პაკეტი ჩინეთის ბაზარზე წვდომის კიდევ უფრო გაფართოებას და ინვესტიციების წახალისებას უნდა დაეხმაროს. სანჩესმა ჩინელ ინვესტორებს მოუწოდა, ესპანეთში ისეთი პროექტები განახორციელონ, რომლებიც ადგილობრივ დასაქმებას, ცოდნის გადაცემასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
პედრო სანჩესის 11-15 აპრილის ვიზიტი ჩინეთში იმ დროს გაიმართა, როდესაც დასავლეთის არაერთი ქვეყანა, უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროში არსებული უთანხმოებების მიუხედავად, პეკინთან ურთიერთობების დაბალანსებას ცდილობს. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა დასავლელ პარტნიორებში მზარდ უკმაყოფილებას იწვევს და რიგ ქვეყნებს საგარეო-ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს.
ავტორი: მარიამ სიმსივე




