საქართველოს „ვალი” და ამერიკა

საქართველოს ხშირად რუსეთის „ახლო სამეზობლოში“ ამერიკის პროექტს უწოდებენ. მართლაც, თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებს გეოპოლიტიკური  ქარტეხილები არ შეხებია; ის ერთგვარ განყენებულ, დამოუკიდებელ კონსტანტად ჩამოყალიბდა იმ ფონზე, როცა ბაქოს, ერევნის, კიევის, თეირანისა და ანკარის  ურთიერთობები აშშ-თან მრავალ გამოცდას გადიოდა. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგებს ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში ყოველდღიურად ვხედავთ. საქართველოს ინსტიტუტები, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, მოდერნიზებული თავდაცვისა თუ განათლების სისტემა, პოლიტიკური   და  ეკონომიკური რეფორმები სწორედ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამსახურებაა. ამ პარტნიორობას საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ დღეებში ჩაეყარა საფუძველი, როცა თბილისის ქუჩები ჯერაც დენთის სუნით იყო გაჟღენთილი.

საბჭოთა იმპერიაში ქართველები ჩაგრული უმცირესობა ვიყავით, შეერთებული შტატების სახით კი ისეთი მოკავშირე შევიძინეთ, რომელიც ჩვენს სურვილებსა და მისწრაფებებს არ ზღუდავდა. ხშირად ამბობენ, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც იდეაზე აღმოცენდა და არა  საერთო წარმომავლობასა და კულტურაზე. „ეს ჩვენთვის თავისთავადი ჭეშმარიტებაა”, – აცხადებს-ხოლმე პრეზიდენტი ბაიდენი. თვითრეალიზაციისა და ოცნებების ახდენის ამერიკული იდეა ყველას ეკუთვნის. საკუთარი „ამერიკული ოცნების” ასრულებისათვის ბრძოლა იქ ყველას შეუძლია.

მახსენდება ედუარდ შევარდნაძის სიტყვები: „ის, რომ საქართველომ შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანა საბჭოთა კავშირის დაშლა და ქაოსი და დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნა,და საერთოდ გადარჩა როგორც სახელმწიფო, სწორედ ამერიკის დამსახურებაა“. მართლაც, ამერიკის დახმარებას საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. 1990-იანებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ამერიკა „პოსტსაბჭოთა ევრაზიასთან“ კავშირებს აყალიბებდა, ამ დაინტერესებას დიდი იმედით შევყურებდით. დახმარების პაკეტები ამერიკული მასშტაბებისათვის მოკრძალებული იყო, თუმცა მათ უდიდესი ეფექტი ჰქონდა. მსოფლიოს ამ ნაწილში დახარჯული ყოველი მილიონი ამერიკის მიერ თითოეულ ჩვენგანზე აღებულ გეოპოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნიშნავდა. შეერთებული შტატები გვეხმარებოდა, რათა ჩვენი მიზნებისათვის თავადვე მიგვეღწია (როგორც ელჩი დეგნანისაგან შევიტყვე, აშშ-მა საქართველოს თითქმის 6 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია, სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად).

მახსენდება, 1998 წელს, ელჩის რანგში, სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით, ვაშინგტონში უზბეკეთისათვის ამერიკის მთავრობის დახმარების  პირველი, 31-მილიონიანი პაკეტის დამტკიცების საზეიმო ცერემონიას დავესწარი. ღონისძიებას რიჩარდ მორნინგსტარი მასპინძლობდა, რომელიც იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველი და პოსტსაბჭოთა სივრცის ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების დახმარების საკითხებში სახელმწიფო მდივანი გახლდათ. ცერემონიის საპატიო სტუმარი მაშინდელი პირველი ლედი, ჰილარი კლინტონი იყო.  მორნინგსტარმა ცერემონია მოკლე და ემოციური სიტყვით გახსნა. ამას მოჰყვა პირველი ლედის გამოსვლა, რომელმაც ამერიკის ძლიერებასა და გულუხვ დახმარებაზე ისაუბრა. ბუნებრივია, მთავარი მომხსენებელი უზბეკეთის ელჩი და ჩემი ახლო მეგობარი, სოდიკ საფოევი იყო.  მოულოდნელად, რიჩარდ მორნინგსტარმა ცერემონიაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა მე მთხოვა. დიპლომატებს მოუმზადებლად გამოსვლა არ გვიყვარს, მაგრამ უარის თქმა, ჩემი მხრიდან, არადიპლომატიური და არამეგობრული იქნებოდა.

სოდიკის მსგავსად,  აშშ-ის მთავრობას გულუხვი დახმარებისათვის მადლობა გადავუხადე და პირად ნაწილზე გადავედი. პირადი, ამ შემთხვევაში, პოლიტიკურზე იყო გადაჯაჭვული. ვისაუბრე ჩემს ვაჟზე, ნიკაზე, რომელიც 1994 წლიდან (როდესაც აშშ-ში ჩავედით) ერთი რიგითი ამერიკელი გარეუბნელი მოზარდივით იზრდებოდა და ვაშინგტონის საშუალო სკოლაში მალე გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებდა. აშშ-ის მრავალმილიარდიან დახმარებას, რომელმაც, ფაქტობრივად, ახლადშექმნილ საქართველოს რესპუბლიკას ჩაუყარა საფუძველი, ნიკას ამერიკული გამოცდილებაც დავუმატე. მაინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ჩვენი შვილების ან მათი მომდევნო თაობა, ოდესმე ამერიკის ვალი გადაეხადა. ვისურვე, ჩვენი ქვეყანა მალე ქცეულიყო კანონის უზენაესობისა და შეუქცევადი დემოკრატიის მქონე, შეძლებულ, ფეხზე მყარად მდგარ, ნამდვილ სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელსაც ვალების გადახდის უნარი შესწევს. ვთქვი, რომ ჩემი შვილის „გაამერიკელების” არასოდეს შემშინებია; ამერიკულმა გამოცდილებამ მას ბევრი რამ შესძინა და არც ქართველობა წაურთმევია.

მაშინ, დასკვნით სიტყვაში აღვნიშნე, რომ ნიკას და ჩვენი კოლექტიური „ვალი” არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მორალურიც არის. ამერიკელი გადასახადის გადამხდელების გულუხვობა მათი ეროვნული და პიროვნული თვისებაა. ვაშინგტონი იმ ქვეყნის დედაქალაქია, რომელსაც საკუთარი მისია აქვს და რომლისთვისაც „უცხოელი” არავინაა. ჩემმა გამოსვლამ მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით, რიჩარდ მორნინგსტარისაგან მიღებულმა მადლობის წერილმა დამარწმუნა, რომ სიტყვის წარმოთქმა მოუმზადებლადაც შემძლებია. მინდა ვთქვა, რომ ამ სიტყვებს არც ახლა დაუკარგავთ მნიშვნელობა. საქართველოს „ვალი” ამერიკის მიმართ რიცხვებით ვერასოდეს გაიზომება. ის ისეთივე შეუფასებელია, როგორც ნიკას ამერიკული გამოცდილება, რომელიც დღეს მისი ქართველობის ნაწილია.

Scroll to Top