სამოქალაქო იდეას განცხადება – ქართული ოცნების მიერ “ტაივანის აგენტურის გამოვლენის“ ოპერაციის გარშემო აბსურდული აჟიოტაჟის თაობაზე 

პირველ რიგში, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ „სამოქალაქო იდეა“ კვლავაც გააგრძელებს ხელისუფლების მხილებას, რეპუტაციაშელახული, სკანდალებში გახვეული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სანქცირებულ კომპანიებთან კორუფციად საშიში გარიგებების დადების შემთხვევაში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ კომპეტენტურ და ფაქტებით გამყარებულ კვლევებს და შევეცდებით საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას. გასაგებია, რომ მტკიცებულებებისა და რეალური არგუმენტების უქონლობის პირობებში, ქართულ ოცნებას სხვა იარაღი არ აქვს, გარდა პირდაპირი თავდასხმების, მუქარებისა და ტროლების საშუალებით ბინძური კამპანიის წარმოებისა. თუმცა, ვფიქრობთ კარგად იციან, რომ მსგავსი მეთოდებით ჩვენი შეშინება ან გაჩუმება შეუძლებელია.

ჩვენი ორგანიზაციის დასახელებაა – „სამოქალაქო იდეა – ინიციატივა დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკური არჩევანისთვის“. შესაბამისად, ყველა პროექტი და მთელი ჩვენი საქმიანობა, სწორედ ამ დასახელებაში განცხადებულ მიზანსა და ქართველი ხალხის არჩევანს ემსახურება და კრიტიკულად ვუყურებთ და ვაფასებთ ხელისუფლების ნაბიჯებს, რომელიც დასავლეთიდან დისტანცირებასა და ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე ჩატოვებას ემსახურება.

რას ვამბობთ ჩვენ და რას ამბობს ხელისუფლება:

უკვე 7 წელია ფაქტებით, კონკრეტული დოკუმენტებით ვამხელთ ხელისუფლების კორუფციად საშიშ მოქმედებებს და ვამხელთ მათ ტყუილსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.

1. ჩინური კომპანიები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მრავალმილიონიან კონტრაქტებს უფორმებს მთელს მსოფლიოში რეპუტაციაშელახულია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შავ სიებში არიან. ხელისუფლება ამაზე ამბობს რომ ჩვენ ანტი-სახელმწიფო საქმიანობით ვართ დაკავებული. არავითარი პასუხი სანქციადადებულ კომპანიებთან კონტრაქტებზე, მხოლოდ იარლიყების მოკერება.

ასეთი მაგალითი რამდენიმე ათეულია. სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ყველა ფაქტი და მტკიცებულება დადასტურდა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით და პოლიტიკის ცვლილებას მოვუწოდებდით.
ბოლო დროინდელი ისტერიის წინ კი სრულიად უმტკივნეულო ფაქტები გამოვიტანეთ საზოგადოების სამსჯავროზე, რითიც ტყუილებსა და მანიპულაციაში ვამხილეთ.

რატომ გაბრაზდა პარლამენტის სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობა? რატომ ახლა, 2024 წლის იანვარში, როდესაც უკვე 7 წელია „სამოქალაქო იდეა“ ხელისუფლების ჩინურ კომპანიებთან სავარაუდო კორუფციულ კავშირებზე და უშუალოდ პრემიერის პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს.

ამ კითხვაზე მარტივი პასუხია — ანაკლია.

აქვე ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადოთ:

– გაგიკვირდებათ და ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არ აღიარების შესახებ პოზიციას;

– არასოდეს, არც „სამოქალაქო იდეას“ და არც თინათინ ხიდაშელს, ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და ასეთს ვერც ვერასოდეს მოისმენთ;

– გაგიკვირდებათ, და არც თავდაცვის სამინისტროში აღარ ვართ, და შესაბამისად, ის რომ თინათინ ხიდაშელს 8 წლის წინ წვდომა ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან (რომელიც, სხვათაშორის, არანაირად არ არის კავშირში არც ტაივანთან და არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ვინაიდან მაშინ ისინი თავდაცვის სამინისტროს პარტნიორთა რიცხვში არ იყვნენ) შეუძლებელია დღეს, 8 წლის შემდეგ, ჩვენს საქმიანობასთან რაიმე კავშირში იყოს; ამ ფაქტის უკონტექსტოდ გახსენება პროპაგანდის სტანდარტულ მეთოდს წარმოადგენს;

– ჩვენ საგანმანათლებლო საქმიანობითაც ვართ დაკავებული და შეგვიძლია დაინტერესებული დეპუტატები ვამეცადინოთ „ერთი ჩინეთის პოლიტიკასა“ და „ერთი ჩინეთის პრინციპს“ შორის განსხვავებაზე, საქართველოს დასავლელი პარტნიორების პოზიციებზე და აღიარებებზე;

– დიახ, „სამოქალაქო იდეას“ აქვს პარტნიორული ურთიერთობები ტაივანში არსებულ ორგანიზაციებთან. ეს არც ტელეკომპანია „იმედს“ აღმოუჩენია და არც „რუსთავი 2“-ს. ეს ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე დევს სრულიად ღიად და საჯაროდ. ასევე, ჩვენს გვერდზე ამოიკითხავთ, რომ საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორი, რომელსაც 2023 წლის ოქტომბერში თბილისში ვუმასპინძლეთ და 30-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ, ტაივანის დემოკრატიის ფონდიც იყო, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩო დიდი ბრიტანეთის, ასევე პოლონეთის საელჩოს, ვიშეგრადის ფონდთან, გერმანიის ფრიდრიხის ნაუმანის ფონდთან და NED-თან ერთად. მათი დაფინანსება კი შეადგენდა 5 ათას დოლარს.

– ასევე, ჩვენს გვერდზე დევს ინფორმაცია ტაივანში ჩვენი ვიზიტებისა და იქ, ჩვენს მიერ გამართული პანელური დისკუსიების შესახებ. რომ არ დაგზარებოდათ და ცოტათიმეტი წაგეკითხათ ჩვენს გვერდზე, აუცილებლად ნახავდით, რომ 2023 წლის დეკემბერში პირველად არ ვიყავით ტაივანში. თუმცა, აქვე იმედი უნდა გაგიცრუოთ, რომ ტაიპეიში ჩვენს მიერ გამართული ღონისძიებებისთვის დაფინანსება ჩვენი ტაივანელი პარტნიორებისგან არ იყო და მას ამერიკული ორგანიზაცია აფინანსებდა.

– და ბოლოს, ასევე იქვე, ჩვენს გვერდზე ნახავდით, რომ ძალიან დიდ საერთაშორისო პროექტში ვმონაწილეობთ ჩვენს კიდევ ერთ ტაივანელ პარტნიორთან ერთად, სადაც „სამოქალაქო იდეას“, მისი ექსპერტების რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, მსოფლიოს 13 სხვადასხვა სახელმწიფოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ განხორციელებული საქმიანობის კვლევა და ანალიზი აქვს ჩაბარებული.

შეცდომაა – „ტაივანი გაფინანსებთ“, ვინაიდან განსხვავებით ჰოლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მთავრობებისგან, სადაც „სამოქალაქო იდეას“ დაფინანსება საელჩოების, შესაბამისად, პირდაპირ ამ სახელმწიფოებისგან აქვს წლების განმავლობაში, ჩვენ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს გვქონია. ნამდვილად გვქონდა და იმედი გვაქვს მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტაივანიდან, რომლებიც კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და შესაბამისად, ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივების მოწონების შემთხვევაში, დაფინანსებასაც გამოყოფენ.

Scroll to Top