შეუძლია თუ არა რუსეთს მეტი მეგობრისა და მხარდაჭერის პოვნა უკრაინის წინააღმდეგ ომში? ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია და რეაქციები

რუსეთის უკრაინაში შეჭრა შუა აზიის სახელმწიფოებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბუნებრივია, მათი ყურადღება მიპყრობილი იყო 2022 წლის დასაწყისში, ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე, სამოქალაქო წინააღმდეგობის ცენტრალური აზიისათვის უჩვეულოდ მძლავრ ტალღასა და ყაზახეთში რუსულ-ბელორუსიული ერთობლივი სამხედრო შენაერთების შესვლაზე, როდესაც რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მსოფლიო შეძრა.

უფრო მეტიც, ცენტრალური აზიის სამი ქვეყანა, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, სომხეთთან და ბელორუსიასთან ერთად, უსაფრთხოების/სამხედრო ალიანსის (CSTO) წევრები არიან, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. სწორედ აღნიშნული ალიანსის დროშის ქვეშ მოქმედებდნენ ალმაატასა და ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში შესული
რუსულ-ბელორუსიული სამხედროები 2022 წლის დასაწყისში. შესაძლოა მოსკოვის სწორედ ამგვარი სწრაფი რეაგირების შედეგი იყო, CSTO -ს წევრი ქვეყნებისგან სამხედრო სფეროში, მყისიერად ღია მხარდაჭერის მიღების მოლოდინი უკრაინაში აგრესიის შემდეგ, რაც საბედნიეროდ არ გამართლდა.

მოსკოვთან ახლო კავშირების მიუხედავად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ეროვნული მთავრობების რეაქციები და პოლიტიკური განცხადებები, სრული დუმილიდან მშვიდობისკენ მოწოდებამდე მერყეობს და მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში, განსხვავდება თავად ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვადასხვა წარმომადგენლის პოზიციებიც. პრეზიდენტ პუტინის მიერ, დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფობად აღიარებამ და უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმამ, ცენტრალური აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში, განსაკუთრებით იქ, სადაც
ანგარიშგასაწევი ეთნიკურად რუსი უმცირესობები ცხოვრობენ, ერთმნიშვნელოვნად შფოთი გამოიწვია და უსაფრთხოების რისკები გაზარდა.

Scroll to Top