ჩინეთის მესამე ავიამზიდი, „ფუძიანი“, ექსპლუატაციაში შევიდა.

ჩინეთის უახლესი და ყველაზე მძლავრი ავიამზიდი, „ფუძიანი“, ოფიციალურად ჩაეშვა ექსპლუატაციაში, რაც პეკინისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია გლობალურ საზღვაო ძალებში პოზიციის გასამყარებლად და საზღვაო უპირატესობის კუთხით, შეერთებულ შტატებთან დასაწევად. „ფუძიანი“ ჩინეთის მესამე და ყველაზე მოწინავე ხომალდია, რომელიც აღჭურვილია ელექტრომაგნიტური კატაპულტებით (EMALS). ეს ინოვაციური ტექნოლოგია თვითმფრინავებს საშუალებას აძლევს, აფრინდნენ უფრო მძიმე შეიარაღებითა და საწვავის დატვირთვით, რათა მტრის სამიზნეებს უფრო დიდი მანძილიდან დაარტყან, რაც მას უფრო მძლავრს ხდის, ვიდრე ჩინეთის პირველი ორი, რუსული დიზაინის ავიამზიდი, „ლიაონინგი“ და „შანდუნი“.

„ფუძიანი“ სამსახურში ოთხშაბათს, ჰაინანის პროვინციაში, გრანდიოზული ცერემონიით შევიდა, რაც ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაციის უდიდეს მიღწევად ითვლება. ამ მოვლენით ჩინეთი გახდა მეორე ქვეყანა მსოფლიოში – აშშ-ის შემდეგ – რომელიც EMALS ტექნოლოგიით აღჭურვილ ავიამზიდს იყენებს. ეს არის ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩვეულებრივი საწვავით მომუშავე ხომალდი, რაც ხაზს უსვამს ჩინეთის საინჟინრო მიღწევებს.

პრეზიდენტი სი ძინპინი თავად დაესწრო გაშვებისა და დროშის გადაცემის ცერემონიას სანის საზღვაო პორტში. სი ძინპინმა მოინახულა ხომალდი და გაეცნო მონაცემებს მისი შესაძლებლობებისა და მუშაობის შესახებ. სახელმწიფო მედიის ცნობით, მანამდე სი ძინპინმა პირადად მიიღო გადაწყვეტილება ელექტრომაგნიტური კატაპულტის ტექნოლოგიის მიღების შესახებ.

ჩინელი სამხედრო ექსპერტის, ჟანგ ძიუნშეს განცხადებით, „ფუძიანის“ სამხედრო ფლოტში გადაცემა განაპირობებს სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალების სანაპირო დაცვიდან შორ მანძილზე თავდაცვაზე გადასვლას, რითაც ჩინეთი ოფიციალურად შედის სამი ავიამზიდის ეპოქაში. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ფლოტს რამდენიმე ძირითად უპირატესობას ანიჭებს. პირველ რიგში, თვითმფრინავებს სრული საწვავითა და საბრძოლო მასალით შეუძლიათ აფრენა, რაც საბრძოლო მოქმედების რადიუსს ზრდის. ამასთანავე, ავიამზიდიდან თვითმფრინავების გაშვების სიხშირე საგრძნობლად მატულობს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ფუძიანი“ და „შანდუნი“ შეიძლება ერთსა და იმავე პორტში განლაგდნენ სამხრეთ ჩინეთის ზღვის პირისპირ. ეს ხელს შეუწყობს ორმაგი ავიამზიდის ჯგუფის შექმნას და სტრატეგიულად შეაკავებს „თაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრე ძალებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს გემების რაოდენობით მსოფლიოში უმსხვილესი საზღვაო ძალები ჰყავს და „ფუძიანი“ 80,000 ტონის მასით ყველაზე ახლოს დგას აშშ-ის „ნიმიცის კლასის“ ავიამზიდებთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მას სრულ ოპერატიულ მზადყოფნამდე ჯერ კიდევ რთული გზა აქვს გასავლელი. დიზელის საწვავზე მუშაობის გამო, „ფუძიანს“ მოქმედების შეზღუდული რადიუსი აქვს, განსხვავებით აშშ-ის ბირთვული ენერგიის მქონე ავიამზიდებისგან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გემბანის კონფიგურაციის გამო, მისი საჰაერო ოპერაციების მაჩვენებელი შეიძლება მხოლოდ 60% იყოს იმასთან შედარებით, რასაც აშშ-ის  50 წლის ავიამზიდი აჩვენებს. ჩინეთი ამჟამად უკვე აშენებს მეოთხე ავიამზიდს, რომელიც, სავარაუდოდ, ბირთვული ენერგიით იქნება მომუშავე და EMALS ტექნოლოგიასაც გამოიყენებს.

ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი

Scroll to Top