ამერიკას, ვენესუელასა და ჩინეთს შორის მზარდი დაძაბულობა ხაზს უსვამს საერთაშორისო სისტემაში არსებულ “ნაკლებს”. ვენესუელასა და ამერიკას შორის მიმდინარე კრიზისი აჩვენებს, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს დიდი სახელმწიფო, საკუთარი იურისდიქციის მიღმა სანქციების დაწესების კუთხით.
საკამათო საკითხს წარმოადგენს ვაშინგტონის გაფართოებული საზღვაო პოლიტიკა, რომელიც სანქცირებულ ქვეყნებთან დაკავშირებულ ენერგეტიკული რესურსების გადაზიდვებს იღებს სამიზნეში. აშშ საკუთარ ქმედებებს სანქციების პოლიტიკის ლეგიტიმურ ნაწილად მიიჩნევს, მათ შორის, ვენესუელის მახლობლად არსებულ საერთაშორისო წყლებში ნავთობის ტანკერების კონფისკაციას. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ხსენებული ქმედებები მიზნად ისახავს სანქცირებული ნავთობის უკანონო ტრანსპორტირების შეჩერებას. კრიტიკოსები კი, თვლიან, რომ აღნიშნული ზომები კიდევ უფრო ბუნდივანს ხდის კანონის აღსრულებასა და დე ფაქტო საზღვაო იძულების მექანიზმებს შორის ზღვარს, რასაც სერიოზული შედეგები შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო საზღვაო სამართლისთვის.
22 დეკემბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს აშშ-ის ქმედებებს და მის მიერ ჩინეთთან დაკავშირებული ტანკერის კონფისკაციას “საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას” უწოდებს. ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ იგი გაეროს ნებართვის გარეშე გატარებული მსგავსი უნილატერალური ზომების წინააღმდეგია. ამასთანავე, პეკინმა მხარდაჭერა გამოუცხადა ვენესუელას მიმართვას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, სადაც ვაშინგტონის ქმედებებს “უნილატერალური ბულინგი” და ვენესუელის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა.
პეკინისთვის, საკითხის სიმწვავე დაკავშირებულია არა მხოლოდ ვენესუელასთან, არამედ უშუალოდ პრეცედენტთან. ჩინეთის ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები აღნიშნულ შემთხვევას მიიჩნევენ მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკური ზეწოლა სავაჭრო მარშრუტების ფიზიკურ კონტროლში, რაც მომავალში სხვა წყლებთან მიმართებითაც შეიძლება განმეორდეს.
მიუხედავად იმისა, რომ პრეცედენტი უშუალოდ კარიბის ზღვაში მოხდა, მას მოჰყვა დებატები აღმოსავლეთ აზიაშიც. ანალიტიკოსები თვლიან, რომ დღეს ენერგეტიკული რესურსების გადაზიდვების წინააღმდეგ მიღებული ზომები მომავალში სხვა რეგიონებში შეიძლება განმეორდეს.
საყურადღებოა, რომ უკმაყოფილების მიუხედავად, ჩინეთი ამერიკასთან პირდაპირ კონფრონტაციაში არ ერთვება. იგი ცდილობს არაპირდაპირი გზებით ადაპტირდეს არსებულ სიტუაციასთან. კერძოდ, მიმდინარეობს შესყიდვების, დაზღვევის და გადაზიდვების სტრატეგიების ცვლილება. მსგავსი ცვლილებები ხაზს უსვამს ენერგეტიკული რესურსების იმპორტზე დამოკიდებული აქტორების მცდელობას, უზრუნველყონ მიწოდების ჯაჭვების მედეგობა, გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე.
ავტორი: ნია კოხრეიძე




