ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმოხილვა

ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა როლსა და ფუნქციას ასრულებს ჩინეთის ზემოხსენებული საბოლოო მიზნების რეალიზებაში, თითოეული ცალკე აღებული ინიციატივა. ამ მიზნით, „სამოქალაქო იდეამ“ მოამზადა ანალიტიკური ბლოგების სერია, სადაც გაანალიზებულია ჩინეთის:

• ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივა

• გლობალური განვითარების ინიციატივა

• გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა

• გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა

ჩინეთის გლობალური პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეფასება მოითხოვს ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ნიუანსური ტერმინოლოგიის სრულყოფილ გაგებას სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის პრიორიტეტების განსაზღვრისას. „ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის პარტნიორობა“ გულისხმობს ჩინეთსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის კავშირისა და ინტერესების გათანაბრების ქვაკუთხედს, თუმცა ყოველთვის არ იძლევა თანაბარი პირობების გარანტიას. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ამყარებს სხვადასხვა სახის პარტნიორობას მის უახლოეს მოკავშირეებთან, როგორიცაა რუსეთი და პაკისტანი, და მსგავსი პარტნიორობის აღსაწერად იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “კოორდინაცია ახალი ეპოქისთვის” (‘coordination for a new era’) და “პარტნიორობა ყველა ამინდის პირობებში” (‘all-weather partnership’). ამ უმაღლესი დონის პარტნიორობის მიღმა, ჩინეთი ასევე ამყარებს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას და სტრატეგიულ და კოოპერატიულ პარტნიორობას, რომელიც მიმართულია ჩინეთსა და პარტნიორ სახელმწიფოს შორის ორმხრივი კავშირების გაძლიერებისკენ. მაგალითად, მის 41 ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, ყაზახეთი მუდმივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს ატარებს, რაც ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის განსაკუთრებით მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს. გარდა ამისა, ჩინეთი ინარჩუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას 23 ქვეყანასთან, მათ შორის კანადასთან, ჯიბუტთან, ნიგერიასთან, სუდანთან და უკრაინასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტნიორობა აღნიშნავს სტრატეგიულ ინტერესებს, განსხვავებები ჩნდება ჩამოთვლილ სტრატეგიულ პარტნიორებსა და საქართველოს შორის ორმხრივი შეთანხმებების განხილვისას, რაც ურთიერთობის დინამიკასა და მასშტაბებს უკავშირდება.

სამოქალაქო იდეას მიერ გამოქვეყნებული ბლოგების სერია დეტალურად განიხილავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გზით, საქართველოს პოზიციონირებას გლობალურ პოლიტიკურ ლანდშაფტში. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ და შევადაროთ საქართველოს შემთხვევა ჩინეთთან კავშირში მყოფ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა გამოვავლინოთ გაბატონებული ტენდენციები. ჩვენი კვლევა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, და პირველ რიგში, მიმოიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის პოლიტიკური ნაწილს, რაც გულისხმობს „ერთი ჩინეთის პრინციპისა“ და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ განცხადებების შესწავლას, როგორც ჩინეთის, ისე მისი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან და მათ შედარებას საქართველოს  ხედვასთან. ერთი ბლოგი დაეთმობა ეკონომიკურ სფეროს, ძირითადად ფოკუსით „სარტყლისა და გზის“ ინიციატივაზე. კვლევა უზრუნველყოფს საქართველოს მონაწილეობის უფრო დეტალურ შესწავლას და ჩინეთის სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მსგავსი ეკონომიკური თანამშრომლობის შედარებას. ხოლო, შემდგომი ბლოგები დაეთმობა საერთაშორისო სფეროს, ხაზს გაუსვამს ჩინეთის მიერ მხარდაჭერილ გლობალურ ინიციატივებს და შეაფასებს საქართველოს ჩართულობას სხვა სახელმწიფოების პოზიციონირებასთან შედარების პარალელურად. საბოლოოდ, ჩვენი ბლოგები მიზნად ისახავს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სრულფასოვან გააზრებასა და გლობალური პოლიტიკის ჭრილში მისი ვრცელი შედეგების კვლევას.