ჩინეთისა და მალაიზიის შეიარაღებული ძალები 2025 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ერთობლივი წვრთნების სერიას განაახლებენ. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამა, სახელწოდებით „მშვიდობა და მეგობრობა-2025“ (“Peace and Friendship-2025”), მალაიზიასა და მის მიმდებარე წყლებში გაიმართება.
აღნიშნული წვრთნების ფარგლებში, ჩინეთსა და მალაიზიას შორის სამხედრო თანამშრომლობის ისტორია 2014 წლიდან იწყება. წვრთნები ძირითადად ერთობლივ ძებნა-გადარჩენასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე იყო ფოკუსირებული.
2018 წელს “Peace and Friendship”-ის რიგით მე-4 ინიციატივაზე წვრთნები გაფართოებული ფორმატით ჩატარდა, სადაც, ჩინეთისა და მალაიზიის გარდა, სწავლებაში ტაილანდიც იყო ჩართული, ხოლო 2023 წელს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა, რადგან ერთობლივ წვრთნებში კამბოჯა, ლაოსი და ვიეტნამიც იღებდნენ მონაწილეობას.
წვრთნები, როგორც წესი, ფოკუსირებულია არასაბრძოლო ოპერაციებზე (Military Operations Other Than War – MOOTW), მაგალითად, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციასა და კონტრტერორიზმზე.
მნიშვნელოვანია, რომ დაანონსებულ რიგით მე-6 “Peace and Friendship”-ის ინიციატივაზე დამკვირვებლებად ASEAN-ის სხვა წევრი სახელმწიფოებიც იქნებიან მიწვეულნი.
ინიციატივის მიზანია ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება, არატრადიციულ უსაფრთხოების საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების უნარის ამაღლება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.