ჩინეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის აფრიკის რქაში გავრცელების საფრთხეზე საუბრობს. ქვეყანა წითელ ზღვაში საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინგის თქმით, ეს საკითხი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ და ჯიბუტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულქადერ ჰუსეინ ომარმა პეკინში შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა გააფრთხილეს საერთაშორისო საზოგადოება, რომ აფრიკის რქა არ უნდა იქცეს გეოპოლიტიკური დაპირისპირების არენად და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ამ რეგიონში არ უნდა გავრცელდეს.
ჩინეთისა და ჯიბუტის ერთობლივი განცხადებით, წითელ ზღვაში დაძაბულობის ზრდა საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას, განსაკუთრებით კი აფრიკის რქის ქვეყნების ეკონომიკურ საქმიანობას. საზღვაო მიმოსვლის შეფერხებამ შესაძლოა გაართულოს საერთაშორისო ვაჭრობა და გაამწვავოს რეგიონში არსებული უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის მეკობრეობა და ტერორიზმი. მხარეებმა მხარი დაუჭირეს წითელი ზღვის სანაპირო სახელმწიფოების ძალისხმევას, უზრუნველყონ საერთაშორისო საზღვაო გზების შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირება. ამასთან, მათ მოუწოდეს შესაბამის მხარეებს, დაიცვან გაეროს წესდების პრინციპები, თავი აარიდონ დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას, არსებული პრობლემები კი დიალოგისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ.
ჩინეთისთვის წითელი ზღვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია, რომლის გავლითაც ჩინური პროდუქცია ევროპულ ბაზარს მიეწოდება. რეგიონში საზღვაო გადაადგილების შეფერხება საფრთხეს შეუქმნიდა როგორც ჩინეთის საექსპორტო ინტერესებს, ისე მის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს. პეკინის ინტერესებს დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს ჯიბუტიში არსებული ჩინეთის სამხედრო მხარდაჭერის ბაზა, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს და, სხვა ამოცანებთან ერთად, ადენის ყურეში მეკობრეობის წინააღმდეგ მოქმედ საზღვაო ძალებს ემსახურება. შანხაის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მკვლევრის, ლი ვეიჯიანის შეფასებით, ჩინეთსა და ჯიბუტის შორის ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის პეკინის ინტერესებს უკავშირდება როგორც ნავიგაციის თავისუფლების, ისე რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.
ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ჰორმუზის სრუტეში არსებული დაძაბულობა და იემენში მოქმედი ჰუსიტების თავდასხმების საფრთხე. ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების გამო, საუდის არაბეთმა ნავთობის ნაწილი ექსპორტზე წითელი ზღვის გავლით გაიტანა. გავრცელებული მონაცემებით, ამ მარშრუტით ნავთობის გადაზიდვის მოცულობა დღეში დაახლოებით 1 მილიონიდან 4.9 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. თუმცა წითელ ზღვაში უსაფრთხოების გაუარესებამ შესაძლოა ამ ალტერნატიულ მარშრუტსაც შეუქმნას საფრთხე. ჩინელი ანალიტიკოსების შეფასებით, არსებული ვითარება ჯერ არ მოითხოვს სავაჭრო გემების პირდაპირ სამხედრო ესკორტირებას, თუმცა პეკინი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ზომების მიღებასაც არ გამორიცხავს.
ჯიბუტიმ დადებითად შეაფასა ჩინეთის ინიციატივები რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, როგორც The Diplomat-ის ანალიზშია აღნიშნული, პეკინისა და ჯიბუტის განცხადება კონკრეტული ახალი ღონისძიებების განსაზღვრაზე მეტად მათი საერთო შეშფოთებისა და სტრატეგიული ინტერესების გამოხატვას ემსახურება.
საბოლოოდ, ჩინეთის პოზიცია აჩვენებს, რომ წითელი ზღვის უსაფრთხოება მისთვის არა მხოლოდ რეგიონული სტაბილურობის, არამედ საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგორესურსების ტრანსპორტირებისა და ევროპასთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნების მნიშვნელოვანი საკითხია.




