ჩინეთმა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციამ (ASEAN) სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევის კოდექსის შემუშავების მიმართულებით პროგრესს მიაღწიეს, თუმცა საბოლოო შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. საკითხი განიხილეს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, სადაც 2026 წლის 15–17 ნოემბერს ASEAN-ის 49-ე სამიტი და პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრები იმართება. მას ჩინეთისა და სხვა პარტნიორების წარმომადგენლებიც ესწრებიან. ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია ტერეზა ლაზაროს განცხადებით, დოკუმენტის პუნქტების დაახლოებით 80 პროცენტზე წინასწარი თანხმობა არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ არ არის გადაწყვეტილი.
15 ნოემბერს ლაზარომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ოთხი ძირითადი საკითხიდან მხარეებმა შეთანხმებას მხოლოდ ერთზე მიაღწიეს. კერძოდ, განისაზღვრა ახალი კოდექსის კავშირი 2002 წელს მიღებულ ქცევის დეკლარაციასთან (DOC). შეთანხმების თანახმად, დეკლარაცია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევის უფრო კონკრეტულ წესებსა და თანამშრომლობის მექანიზმებს განსაზღვრავს.
თავის მხრივ, ჩინეთის პრემიერ–მინისტრმა ლი ციანმა სამიტზე განაცხადა, რომ პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქცევის კოდექსზე მოლაპარაკებების დროულ დასრულებას უჭერს მხარს. მისი თქმით, შეთანხმება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის. ჩინეთის პრემიერმა მხარეებს არსებული უთანხმოებების დიალოგისა და კონსულტაციების გზით მოგვარებისკენ მოუწოდა და რეგიონულ საკითხებში გარე ჩარევის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ყველაზე რთულ საკითხად რჩება, ექნება თუ არა შეთანხმებას იურიდიულად სავალდებულო ძალა, სად გავრცელდება მისი მოქმედება და რა ადგილი დაეთმობა მესამე სახელმწიფოებთან სამხედრო თუ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩინელი მკვლევარი ბაო იინანი განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს გეოგრაფიულ ფარგლებს: პარაცელის კუნძულების საკითხზე ჩინეთისა და ვიეტნამის პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
სადავო ზღვის აკვატორიაში ჩინეთის პრეტენზიები ფილიპინების, ვიეტნამის, მალაიზიის, ბრუნეისა და ინდონეზიის საზღვაო ინტერესებთან იკვეთება. ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ჩინეთისა და ფილიპინების გემებს შორის ინციდენტები. მანილა კოდექსის საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობას ითხოვს, პეკინი კი აცხადებს, რომ მისი მოქმედებები კანონიერია. 2016 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებამ ჩინეთის ფართო ისტორიულ საზღვაო უფლებებზე პრეტენზიებს სამართლებრივი საფუძველი არ დაუდასტურა, თუმცა ჩინეთი ამ გადაწყვეტილებას არ აღიარებს.
ფილიპინების თავმჯდომარეობისას ჩინეთსა და ASEAN-ს შორის მოლაპარაკებები ყოველთვიურად იმართებოდა, ჩატარდა ცხრა რაუნდი და მაღალი თანამდებობის პირების ორი შეხვედრა. მიუხედავად ამისა, 2026 წელს კოდექსის დასრულება ვერ მოხერხდა. 2027 წლიდან პროცესს სინგაპური უხელმძღვანელებს. პეკინსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს კვლავ მოუწევთ გარკვეული კომპრომისების მოძებნა, რათა შეთანხმებამ საზღვაო ინციდენტების შემცირებას რეალურად შეუწყოს ხელი.




