ჩინეთი, რუსეთი და ირანი საერთო საზღვაო სამხედრო წვრთნებს ატარებენ

ჩინეთი რუსეთთან და ირანთან ერთად ინდოეთის ოკეანეში საერთო საზღვაო წვრთნებს ატარებს.  „უსაფრთხოების სარტყელი 2025“ ირანულ პორტთან, ჩაბაჰართან ახლოს იმართება და მიზნად „სამხედრო ნდობისა და  პრაგმატული კოოპერაციის“ გაღრმავებას ისახავს.

წვრთნებს დამკვირვებლებად ესწრებიან აზერბაიჯანის, სამხრეთ აფრიკის, ომანის, ყაზახეთის, პაკისტანის, კატარის, ირანის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და შრი ლანკას წარმომადგენლები.

პროგრამა მოიცავს საზღვაო სამიზნეებზე სიმულაციურ თავდასხმას, ძებნისა და გადარჩენის, ისევე, როგორც დაკავების სიმულაციებს. ჩინეთის თავდაცვის  სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მხრიდან წვრთნებში ჩართული იქნება  „გამანადგურებელი და მომმარაგებელი გემი (a destroyer and a supply ship)“, რომელიც პეკინის მხრიდან სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის ძალისხმევის თვალსაჩინოებაა. გარდა ამისა, სამივე ქვეყნიდან წარმოდგენილია საბრძოლო ხომალდები.

აღსანიშნავია, რომ ირანულმა ჯარმა ამავე არეალში თებერვალშიც ჩაატარა სამხედრო წვრთნები „ნებისმიერი საფრთხის წინაშე თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად“, ხოლო ჩინეთმა გასულ თვეში მსგავსი პროექტი ტასმანიის ზღვაში, ავსტრალიის მახლობლად განახორციელა.

„უსაფრთხოების სარტყელის“ ფარგლებში გათვალისწინებული წვრთნები ჩინეთისთვის განსაკუთრებულ ინტერესებს  ატარებს, ვინაიდან აღნიშნული ქვეყანა თავისი საზღვაო სამხედრო შესაძლებლობების, განსაკუთრებით კი საზღვაო საბრძოლო ძალის დემონტრირებას ცდილობს.

წვრთნებში ამ სამი ქვეყნის ჩართვა, ჩინეთის მხრიდან, ხაზს უსვამს ქვეყნის მიერ მსოფლიოში აშშ-ს გავლენებთან დაპირისპირებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაშინგტონის მხრიდან ისრაელის მიერ ირანის ატომურ ობიექტებზე თავდასხმის შესახებ გაფრთხილებები ისმის.

Scroll to Top