ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და უზბეკეთში (02.02- 08.02)

საქართველო

საქართველოს ელჩის შეხვედრა North Star Sinogold-ის ხელმძღვანელთან

3 თებერვალი

3 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა კომპანიის North Star Sinogold გენერალურ დირექტორთან, მენ ჰაიძუნთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების განვითარებისა და პორტული ლოგისტიკის მიმართულებით. ასევე გამოთქვეს მზადყოფნა აღნიშნულ საკითხებზე მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელების შესახებ.

North Star Sinogold სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო

გამოფენებსა და კონფერენციებს ორგანიზებს ლოგისტიკის, ვაჭრობისა და მიწოდების

ჯაჭვების განვითარების სფეროში.

წყარო: Embassy of Georgia to the People`s Republic of China

ჩინელი ტურისტების ინტერესი სამედიცინო სერვისების მიმართ იზრდება

5 თებერვალი

Bm.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში ჩინელი ტურისტების მხრიდან რეპროდუქციული სამედიცინო მომსახურების მიმართ მზარდი ინტერესი ფიქსირდება. ამის შესახებ განაცხადა თათია მამრიკიშვილმა, საინვესტიციო კომპანიის Galt & Taggart კვლევითი დეპარტამენტის სექტორის ხელმძღვანელმა.

მამრიკიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ჩინეთიდან ჩამოსული ვიზიტორების ნაწილი საქართველოს არა მხოლოდ ტურისტული მიზნებით, არამედ სამედიცინო მომსახურების, მათ შორის რეპროდუქციული და ფერტილობის სერვისების მისაღებადაც ირჩევს. ექსპერტთა შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის ახალი მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს.

მამრიკიშვილის განცხადებით, აზიური ბაზრების, განსაკუთრებით ჩინეთის გააქტიურება, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის სექტორის დივერსიფიკაციას, ხოლო თანამედროვე

სამედიცინო ინფრასტრუქტურა და შედარებით ხელმისაწვდომი მომსახურება საქართველოს ამ მიმართულებით კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

წყარო: bm.ge

აზერბაიჯანი

ბაქო ჩინეთ-ტაივანის საკითხში პეკინის პოზიციას უჭერს მხარს

4 თებერვალი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა 4 თებერვალს ჩინურ გამოცემა Global Times-თან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას.

ინტერვიუში ბაირამოვმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთ-ტაივანის საკითხზეც და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ცალსახად უჭერს მხარს პრინციპს ,,ერთი ჩინეთი’’.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის პოზიცია ტაივანის საკითხზე მკაფიო, თანმიმდევრული და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებზეა დაფუძნებული.

,,აზერბაიჯანი არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას. ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გააკრიტიკა ტაივანში 2024 წლის იანვარში ჩატარებული არჩევნები’’, – აღნიშნა ბაირამოვმა.

მინისტრის შეფასებით, სტატუს-კვოს ცვლილებისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის პროვოკაციული ქმედებები და თვითნებური საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები, ზრდის რეგიონული დაძაბულობისა და კონფლიქტის რისკებს და არღვევს საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობას.

ბაირამოვის განცხადებით, ტაივანის საკითხში ჩინეთის მხარდაჭერა გამოხატავს აზერბაიჯანის ერთგულებას სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი, რაც ბაქოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ფუნდამენტად რჩება.

ინტერვიუში მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ჩინეთთან ურთიერთობებს გრძელვადიან და სტრატეგიულ ჭრილში განიხილავს. მისი თქმით, ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეფუძნება მაღალი დონის პოლიტიკურ ნდობასა და ლიდერებს შორის ჩამოყალიბებულ სტაბილურ დიალოგს. აღნიშნული განცხადებები უკავშირდება ბაირამოვის 28-29 იანვარს პეკინში გამართულ შეხვედრას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ი-თან.

მინისტრის შეფასებით, ბაქო-პეკინის პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში, თუმცა პარალელურად ყურადღება ეთმობა კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ გაცვლებსაც, რაც ორმხრივ ურთიერთობებს დამატებით სიღრმეს სძენს.

წყარო: Global Times

სომხეთი

ჩინეთის ელჩი სომხეთში სომხეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობს

6 თებერვალი

ჩინეთის ელჩი სომხეთში, ლი სინვეი, 6 თებერვალს ერევანში, ჩინეთის საელჩოში გამართულ ჩინური ახალი წლის – გაზაფხულის ფესტივალისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა.

ელჩმა სომხეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ,,განვითარების ახალ ეტაპზე’’ გადავიდა.

,,ბოლო ერთი წლის განმავლობაში სომხეთმა და ჩინეთმა პრაქტიკულ მიმართულებებში თანამშრომლობა საგრძნობლად გააღრმავეს,’’- აღნიშნა მან და დასძინა, რომ ორმხრივი ურთიერთობები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დიპლომატიური კონტაქტებით და მოიცავს ინფრასტრუქტურულ, ბიზნესსა და სოციალურ პროექტებსაც.

სიტყვით გამოსვლისას ლი სინვეიმ ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გასულ წელს ჩინეთში ვიზიტს და განაცხადა, რომ თიენძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში სი ძინპინთან შეხვედრის შედეგად სომხეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადდა.

ჩინეთის ელჩმა ასევე ისაუბრა ერთობლივ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალსა და მზის ენერგეტიკულ სადგურებზე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პავილიონის მშენებლობაზე.

მისი თქმით, გაიზარდა ფრენების სიხშირე ურუმჩი-ერევნის მიმართულებით, ხოლო ჩინეთიდან სომხეთში ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 40 პროცენტით გაიზარდა.

ღონისძიება ჩინური ახალი წლისადმი მიძღვნილი კულტურული პროგრამით დასრულდა.

წყარო: Armenpress.am

უზბეკეთი

უზბეკეთი და ჩინეთი შახრიხანის ჰესების კასკადის მოდერნიზაციაზე შეთანხმდნენ

5 თებერვალი

უზბეკეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს შახრიხანის ჰესების კასკადის მოდერნიზაციის შესახებ. დოკუმენტები 5 თებერვალს გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში, უზბეკეთის სახელმწიფო კომპანია Uzbekhydroenergo და ჩინური საინჟინრო კომპანია Sinohydro განახორციელებენ რეკონსტრუქციასა და ტექნიკურ განახლებას, რაც პროექტირებას, მშენებლობას, აღჭურვილობის მიწოდებასა და ექსპლუატაციაში გაშვებას მოიცავს.

პროექტის დასრულების შემდეგ, რეკონსტრუირებული ორი სადგურის ჯამური სიმძლავრე გაიზრდება, ხოლო წლიური ელექტროენერგიის გამომუშავება 13 ათასზე მეტი ოჯახის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.

მოდერნიზაცია წლიურად დაახლოებით 11 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირისა და 27.5 ათასი ტონა ქვანახშირის დაზოგვას უზრუნველყოფს და მიზნად ისახავს ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებასა და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოების ზრდას.

უზბეკეთის ოფიციალური უწყებების შეფასებით, ინიციატივა გააძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გააღრმავებს უზბეკეთ-ჩინეთის თანამშრომლობას სტრატეგიულ სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

წყარო: Yuz.uz

Scroll to Top