18–19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) ლიდერთა 33-ე სამიტი გაიმართება, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უხელმძღვანელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღონისძიების მთავარი თემაა „აზია-წყნარი ოკეანის თანამეგობრობის ჩამოყალიბება საერთო კეთილდღეობისთვის“. სამიტის ფარგლებში სი ძინპინი სიტყვით გამოვა, მონაწილე ლიდერების პატივსაცემად ოფიციალურ მიღებას გამართავს და უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს ჩაატარებს. ამასთან, 17–18 ნოემბერს შენჟენში APEC-ის ბიზნესლიდერთა სამიტიც გაიმართება, რომლის გახსნაზეც ჩინეთის პრეზიდენტი მთავარ მოხსენებას წარადგენს.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა სახელმწიფოების ლიდერები დაესწრებიან. ტაივანს სამიტზე კომპანია Acer-ის დამფუძნებელი სტენ ში წარმოადგენს.
სამიტის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხად ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შესაძლო სამმხრივი შეხვედრა განიხილება. მოლაპარაკებების სავარაუდო თემებს შორისაა ბირთვული შეიარაღების კონტროლი, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, პეკინი ამ საკითხზე სამმხრივ დიალოგს სიფრთხილით ეკიდება, რადგან მისი ბირთვული არსენალი აშშ-ისა და რუსეთის არსენალებთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმობა ჩინეთ–აშშ-ის ურთიერთობების სტაბილურობას, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ჩინეთის ურთიერთობებს იაპონიასა და ფილიპინებთან. პეკინსა და ტოკიოს შორის დაძაბულობა უკავშირდება იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის განცხადებებს ტაივანის უსაფრთხოების შესახებ, ხოლო ჩინეთსა და ფილიპინებს შორის უთანხმოების მთავარ წყაროდ სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ტერიტორიები რჩება.
სამიტის ეკონომიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების გავლენას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო ვაჭრობაზე, მიწოდების ჯაჭვებსა და ინფლაციაზე. ამასთან, განიხილება ციფრული ეკონომიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. APEC-ის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორის, ედუარდო პედროსას შეფასებით, ჩინეთის მიერ აღნიშნული სექტორების შემდგომმა განხილვამ შესაძლოა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია გააძლიეროს.
ჩინეთი APEC-ის სამიტს მესამედ უმასპინძლებს, მანამდე ღონისძიება ქვეყანაში 2001 და 2014 წლებში გაიმართა. შენჟენის შეხვედრა პეკინისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, გააძლიეროს საკუთარი დიპლომატიური და ეკონომიკური როლი რეგიონში და საერთაშორისო პარტნიორებთან მსოფლიოში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილოს.




