კვირის დასაწყისში ამერიკამ ვენესუელას ტერიტორიულ წყლებში არსებულ ყველა სანქცირებულ ნავთობის ტანკერზე სრული ბლოკადა გამოაცხადა. დამატებით, ვაშინგტონმა რეგიონში სამხედრო ხომალდები და ქვედანაყოფები მოაბილიზა. ტრამპის თქმით, ამერიკა ცდილობს ვენესუელას შემოსავლის მთავარი წყაროების შეზღუდვას ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის შესაჩერებლად.
ოთხშაბათს, ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი, მისივე მოთხნოვით ტელეფონით ესაუბრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის. პეკინის განცხადებით იგი ეწინააღმდეგება „ცალმხრივ ჩაგვრას” და მხარს უჭერს ტერიტორიული სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების შენარჩუნებას. სატელეფონო საუბარში ვანგ ი არ მოიხსენიებს შეერთებულ შტატებს ან ტრამპს, თუმცა მინისტრის მიხედვით ჩინეთი ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის აღნიშნულ დარღვევას. ხუთშაბათს, რეგულარულ ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე, თუ რა როლს ითამაშებდა ჩინეთი მიმდინარე კონფლიქტში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით პეკინი მხარს უჭერს ვენესუელას მოთხოვნას უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის შესახებ. თუმცა, ვანგ იმ არ ისაუბრა სამომავლოდ ვენესუელას დახმარების გეგმაზე.
პეკინი დიდი ძალისხმევით ცდილობს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან, ა.შ.შ.-სთან თანამშრომლობას. ხანგრძლივი სავაჭრო ომის შემდეგ, ოქტომბერში ტრამპმა და სი ძინპინმა მიაღწიეს კონსენსუსს პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისად, ბრიფინგზე ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობებზე დასმულ კითხვაზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განცხადება არ გააკეთა.
აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორის, ტომ ჰარპერის მიხედვით, ჩინეთისთვის მომგებიანია ვენესუელასთან თანამშრომლობა, შესაბამისად წამგებიანია ამერიკის დომინირება ლათინურ ამერიკაში, სადაც ჩინეთი ბოლო 25 წელი ავრცელებს ინტერესებს. კარაკასი და პეკინი ჰუგო ჩავესის მმართველობის პერიოდიდან მხარს უჭერენ მულტიპოლარულ საერთაშორისო წესრიგს, რაც ფართოდ გავრცელდა პეკინში პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ზრდასთან ერთად. ჩინეთი ვენესუელას ნედლი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყიდველია, რაც ჩინეთის იმპორტის 4%-ს შეადგენს. დამატებით, ჩინეთი და ვენესუელა ეკონომიკურად თანამშრომლობენ ნავთობის სანაცვლოდ სესხების შეთანხმების ფარგლებში. მოსკოვში სი ძინპინთან შეხვედრისას მადურომ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის სამომავლოდ სავაჭრო და ენერგო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია ვენესუელას ნავთობი. პეკინი ბოლო დროს ცდილობს ბუნებრივი რესურსების დივერსიფიკაციას, იაფი პროდუქტების წარმოებაში პირველობის შესანარჩუნებლად და ცენტრალური აზიის ნავთობისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას. ვენესუელას წინააღმდეგ ტრამპის სამხედრო მუქარის მიზანი შესაძლოა ჩინეთის ინტერესების შემცირებაა. ამასთანავე, ბუნდოვანია ჩინეთის პოზიცია ამერიკის ქვეყნებში ა.შ.შ.-ის პოლიტიკის მიმართ. ჩინეთის კავშირი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან პოლიტიკური მიზნების გავრცელებას უკავშირდება. პეკინის ძალისხმევით გასულ წლებში ელ სალვადორმა, დომინიკის რესპუბლიკამ და ჰონდურასმა უარყვეს ტაივანის სუვერენიტეტი. ჩინეთს რეგიონში ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებს და ერიდება მათთან ფორმალური ალიანსების ჩამოყალიბებას. შესაძლოა, კრიზისის შემთხვევაში, აღნიშნულმა დამოკიდებულებამ, გაართულოს ურთიერთობები ჩინეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის.
ავტორი: მარიამ სანაძე




