ჩინეთმა ორ კანადურ ინსტიტუტსა და მის თანამშრომლებს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ორი კანადური ინსტიტუტისა და ოცი კანადელი ინდივიდის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა. შეზღუდვების სამიზნეები „უიღურთა უფლებების ადვოკატირების პროექტი“, „კანადა-ტიბეტის კომიტეტი“ და მათი თანამშრომლები გახდნენ.  ჩინეთის მხრიდან მიღებული ზომები მოიცავს აქტივების გაყინვასა და ჩინეთში შესვლის აკრძალვას.

უიღურთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია ხშირად საუბრობს პეკინის მხრიდან აღნიშნული, მეტწილად მუსლიმური, ეთნიკური უმცირესობების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის, ბანაკებში იძულებით სამუშაოებზე. ჩინეთის მხარე ბრალდებებს უარყოფს.

რაც შეეხება „კანადა-ტიბეტის კომიტეტს“, მისი მიზანი 1950 წელს ჩინეთის მიერ ტიბეტზე კონტროლის მოპოვებისა და მის შედეგად დამყარებულ მმართველობის კვლევაა. აღნიშნული მმართველობის ფორმა ადამიანის უფლებებათა საერთაშორისო ჯგუფებისა და ტიბეტური არეალიდან ძულებით გადაადგილებული პირების მიხედვით, ძალადობრივია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სანქციები 10 დეკემბერს კანადის მიერ დაწესებული შეზღუდვების საპასუხო ზომებად მიიჩნევა. კანადის მხარემ გადაწყვეტილება ჩინეთის მიერ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებათა შელახვით დაასაბუთა და ხაზი გაუსვა როგორც სინძიანსა (უიღურებით დასახლებული რეგიონი ჩინეთში) და ტიბეტში არსებულ პრობლემებს, ისე ფალუნგუნის რელიგიის მიმდევრების მიმართ არსებულ დარღვევებს. კანადის მიერ დაწესებული შეზღუდვები ითვალისწინებდა 8 ყოფილი და მოქმედი ჩინელი ოფიციალური პირის აქტივების გაყინვას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ოტავას ამ ნაბიჯის საპასუხოდ კანადის მხრიდან ადამიანთა უფლებების შელახვის ისტორიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა ხშირად „ავრცელებს ტყუილებს ეგრეთ წოდებულ უფლებების დარღვევებზე ჩინეთში“.

Scroll to Top