ჩინეთში სანქცირებული რუსული ნავთობის იმპორტი იზრდება

რუსეთი აპრილის თვეში  მნიშვნელოვნად ზრდის არქტიკული ნავთობის ექსპორტს ჩინეთში. ჩინეთში რუსული ნავთობი შემცირებული ფასით იყიდება, ხოლო ამისთვის გამოიყენება ის ტანკერები, რომლებზეც აშშ-ის სანქციები არ ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას  ანალიტიკური კომპანია Vortexa და ორი რუსი ნავთობით მოვაჭრე ავრცელებს. რუსული კომპანიები Lukoil-ი და Gazprom Neft-ი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთის საზღვაო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს არქტიკული ნავთობი შეადგენს, რომლის მიწოდება იანვარში აშშ-ის სანქციების გამოცხადების შემდეგ მნიშვნელოვნად შეფერხდა. სანქციებმა ძირითადად არქტიკული ნავთობის ისეთ სატვირთო პარტიებზე იმოქმედა, როგორიცაა ARCO, Novy Port და Varandey, აგრეთვე სანქციები შეეხო სახელმწიფო კომპანიას Gazprom Neft-ს.

შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად, მოვაჭრეები ნავთობს საერთაშორისო წყლებში, სინგაპურსა და მალაიზიასთან ახლოს, გემიდან გემზე გადაზიდვის (STS) მეთოდით ტვირთავენ. გადატვირთვის შემდეგ, სანქციების მიღმა დარჩენილი Very Large Crude Carrier (VLCC) ტიპის ტანკერები საქონელს ჩინეთისკენ გზავნიან.

ლი-ს თქმით, გასულ კვირას ამ გზით სულ მცირე 4 მილიონი ბარელი არქტიკული ნავთობის გადაზიდვა განხორციელდა, ხოლო აპრილის ბოლომდე კიდევ 16 მილიონი ბარელის გაგზავნა იგეგმება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მისი განმარტებით, ჩინეთის მხრიდან არქტიკულ ნავთობზე მოთხოვნა კვლავ იზრდება, თუმცა საბოლოოდ გადმოტვირთული მოცულობა დამოკიდებული იქნება როგორც ლოჯისტიკურ სირთულეებზე, ასევე ჩინელი გადამმუშავებელი საწარმოების ინტერესზე.

Vortexa-ს მონაცემებით, მარტში ჩინეთმა დღიურად დაახლოებით 25,000 ბარელი არქტიკული ნავთობი შეიძინა. ერთი მოვაჭრის თქმით, ასეთი ტიპის გადაზიდვები აუცილებელია, რადგან ჩინურ გადამამუშავებლებს ურჩევნიათ სანქციების მიღმა მყოფი ტანკერებით გადაზიდული ნავთობის შეძენა, რათა თავიდან აირიდონ დამატებითი რისკები და სანქციები. ისინი მზად არიან ამისთვის უფრო მაღალი ფასიც გადაიხადონ.

მაგალითად, Kpler-ის მონაცემებით, არასანქცირებული VLCC ტიპის ტანკერმა Atila-მ მარტში სინგაპურის წყლებში ორი სანქცირებული გემიდან დაახლოებით 2.07 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტვირთა. ეს ნავთობი აპრილში ჩინეთის შანდუნის პროვინციაში, დონგინგის პორტში ჩამოტვირთეს. აღსანიშნავია, რომ Atila-ს მანამდეც იყენებდნენ ირანული ნავთობის გადაზიდვისას მსგავსი ოპერაციებისთვის.

არქტიკული ნავთობის მარაგი აკუმულირდება რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებიდან, სადაც მკაცრი კლიმატური პირობები და მოპოვების ტექნიკური სირთულე უზარმაზარ საინვესტიციო რესურსს მოითხოვს. 

ამჟამად, ნავთობის მიწოდებას რუსეთიდან ჩინეთში დაახლოებით ორი თვე სჭირდება, რადგან ტანკერები სუეცის არხის მეშვეობით გადაადგილდებიან, ხოლო გემიდან გემზე გადატვირთვები ტრანსპორტირების ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის. მოვაჭრეების თქმით, ალტერნატიული — უფრო მოკლე ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტი (NSR) ივლისამდე დაკეტილია.

მოვაჭრეთა ცნობით, არქტიკული ნავთობი, რომელიც ადრე Brent-ზე უფრო ძვირად ფასობდა, ახლა უკვე ფასდაკლებით იყიდება.

ინდოეთი, რომელიც აქამდე არქტიკული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი შემსყიდველი იყო, სანქციების გამო შესყიდვებს ამცირებს. ამასთან, ინდოეთის ხელისუფლებამ ამ თვეში ერთი-ერთი ტანკერის მიერ რუსული ნავთობის გემიდან გემზე გადატვირთვა შეზღუდა.

რუსული არქტიკული ნავთობის სხვა შემსყიდველებს შორისაა სირია, რომელმაც წელს უკვე მიიღო პირველი პარტიები, და მიანმარი.

Scroll to Top