ჩიპებთან დაკავშირებული დავა ნიდერლანდებსა და ჩინეთს შორის

2024 წლის სექტემბერში ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტრომ კონტროლი აიღო  ნიდერლანდებში არსებულ ჩიპების მწარმოებელ კომპანიაზე, რომელიც 2018 წელს ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა ჩინურმა კომპანიამ -Wingtech Technology-მ შეიძინა. ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიაზე კონტროლის ასაღებად მიმართა საქონლის ხელმისაწვდომობის აქტს და განმარტა, რომ Nexperia-ს ხელმძღვანელობის სერიოზული ხარვეზები „საფრთხის წინაშე აყენებდა ნიდერლანდებისა და ევროპის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცოდნისა და შესაძლებლობების უწყვეტობასა და დაცულობას“.

ნიდერლანდების მთავრობის მიხედვით, Nexperia-ზე კონტროლი გულისხმობს, რომ „ეკონომიკის მინისტრს შეეძლება დაბლოკოს ან გააუქმოს კომპანიის გადაწყვეტილებები იმ შემთხვევაში, თუ ისინი (პოტენციურად) საზიანოა კომპანიის ინტერესებისთვის, მისი მომავალისთვის, როგორც ნიდერლანდური და ევროპული საწარმოსთვის, და/ან ევროპისათვის ამ კრიტიკული ღირებულებათა ჯაჭვის (value chain) შენარჩუნებისთვის“.

როდესაც ვსაუბრობთ Nexperia-სა და მის მფლობელ კომპანია Wingtech Technology-ზე, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა Wingtech შეიყვანა ე.წ. „ერთეულთა სიაში“ (entity list). ეს უკანასკნელი იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდნენ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და ამის გამო, ექვემდებარებიან ექსპორტის კონტროლს. გარდა ამისა, 2023 წელს ბრიტანეთის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების ეგიდით არ დაუშვა, რომ Nexperia-ს შეეძინა უელსში მდებარე ჩიპების მწარმოებელი ქარხანა. ყველაფერი ეს ნათლად ასახავს ზოგად გეოპოლიტიკურ დაძაბულობას ჩინეთსა და დასავლეთს შორის მოწინავე ტექნოლოგიების მიმართულებით.

2024 წელს, მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტრომ Nexperia-ზე კონტროლი აიღო, Wingtech-მა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც გააკრიტიკა სამინისტროს გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ კომპანია „მტკიცედ ეწინააღმდეგება სავაჭრო საკითხების პოლიტიზაციას“ და „გეოპოლიტიკურ მიკერძოებაზე დაფუძნებულ გადაჭარბებულ ჩარევას, ეროვნული უსაფრთხოების უსაფუძვლო საბაბით, ნაცვლად ფაქტებზე დაფუძნებული რისკების შეფასებისა“

გარდა ამისა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმაც განაცხადა, რომ „შესაბამისმა ქვეყნებმა ნამდვილად უნდა დაიცვან საბაზრო პრინციპები და თავი აარიდონ ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების პოლიტიზაციას.“

ეკონომიკის სამინისტროს ზემოხსენებულ ქმედებაზე ჩინეთის პირდაპირი პასუხი იყო Nexperia-ს ჩინურ ქარხნებში წარმოებული ჩიპების ევროპაში ხელახალი ექსპორტის შეწყვეტა. გარდა ამისა, Nexperia-ს ჩინეთში მდებარე ქარხნის განცხადებით, ნიდერლანდებში დაფუძნებულმა ქარხნამ შეაჩერა ჩიპების დასამზადებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის (wafers) მიწოდება ჩინური ქარხნისათვის, რამაც კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა და გააძნელა ნახევარგამტარების დასრულებული ვერსიების წარმოება. ყოველივე ამან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ევროპელ ავტომწარმოებლებში, ვინაიდან ეს ჩიპები ავტომობილების წარმოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში წარმოებული Nexperia-ს ჩიპების დაახლოებით 70% იგზავნება ჩინეთში, საიდანაც ისინი დასრულებული სახით ხელახლა ექსპორტირდება სხვა ქვეყნებში. გასულ თვეში ევროპის ავტომწარმოებლების ასოციაციამ (ACEA) განაცხადა, რომ თუ ჩინეთის მიერ ჩიპებზე დაწესებული აკრძალვა არ გაუქმდებოდა, Nexperia-ს ჩიპების ევროპული მარაგი რამდენიმე კვირაში ამოიწურებოდა. გარდა ამისა, ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Volvo Cars და Volkswagen, დასძინეს, რომ ამ დეფიციტს შესაძლოა მათი ქარხნების დროებითი გაჩერებაც გამოეწვია.

ამ კვირაში ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ნიდერლანდებს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“, ვინაიდან სწორედ მისმა ქმედებებმა გამოიწვია „გლობალური ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვში არეულობა და ქაოსი.“

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჩიპების თემა განხილული იყო დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის გამართულ შეხვედრაზე, გასულ კვირას, სამხრეთ კორეაში. როგორც ცნობილია, აშშ-სა და ჩინეთს შორის მომავალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთი შეამსუბუქებს ავტოინდუსტრიისთვის საჭირო კომპიუტერული ჩიპების ექსპორტის შეზღუდვებს.

Scroll to Top