დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტი ჯიმი ლაი 2020 წელს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის საფუძველზე დააკავეს, რომელიც ჰონგ-კონგში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტების შემდეგ იქნა მიღებული. ხელისუფლებამ კანონი 2019 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ ქალაქის სტაბილურობის აღსადგენად აუცილებელ ინსტრუმენტად შერაცხა, თუმცა დემოკრატიულმა ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმა ის გააკრიტიკეს, როგორც მომავალში ნებისმიერი ფორმის განსხვავებული აზრის შეზღუდვის ინსტრუმენტი.
ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების არაერთმა ჯგუფმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ათობით პოლიტიკური ოპონენტი კი ემიგრაციაში წავიდა ან დააპატიმრეს. ჯიმი ლაი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის საფუძველზე დაპატიმრებული ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი ფიგურა იყო. 2020 წლიდან მან 1800 დღეზე მეტი გაატარა ციხეში.
მისი დაპატიმრებისას პოლიციის თანამშრომლებმა Apple Daily-ის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. მომდევნო წელს ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის საფუძველზე Apple Daily-ის უფროსი აღმასრულებლებიც დააკავა და გაზეთის აქტივებიდან 2.3 მილიონი დოლარი გაყინა, რამაც საბოლოოდ მისი დახურვა გამოიწვია. გაზეთი, სადაც მთავრობისადმი კრიტიკული სტატიები ქვეყნდებოდა, ჯიმი ლაიმ 1995 წელს, ტიანანმენის აქციის შემდეგ დააარსა.
2022 წელს ჯიმი ლაის თაღლითობის ბრალდებით ხუთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ ორშაბათს კი, ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ, ჰონგ-კონგის სასამართლომ ჯიმი ლაი დამნაშავედ ცნო და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება „შეთქმულებების მოწყობისათვის, რათა წაეხალისებინა უცხო ქვეყნების მთავრობები ჰონგ-კონგის ან ჩინეთის წინააღმდეგ ზომების მიღებაში“.
885-გვერდიან განაჩენში ჯიმი ლაის ბრალი ედებოდა აშშ-სა და სხვა უცხო ქვეყნების ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებისკენ „მუდმივ წაქეზებაში“ „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საბაბით“. პროკურორებმა ხაზი გაუსვეს ჯიმი ლაის ამერიკისადმი მოთხოვნებს ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. აგრეთვე ნახსენები იყო New York Times-ის სტატია, რომელშიც ჯიმი ლაი მხარს უჭერდა მთავრობის წარმომადგენლების შვილებისთვის სტუდენტური ვიზების გაუქმებას, როგორც ჩინეთის დასჯის ერთ-ერთ საშუალებას. პეკინმა ლაის „ანტიჩინური საგარეო ძალების აგენტი და პაიკი“ უწოდა. პროკურორებმა ასევე ხაზი გაუსვეს ლაის საგარეო კონტაქტებს და 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს მის შეხვედრებს აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან და მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ჯიმი ლაის გათავისუფლების საკითხის განხილვა სთხოვა, რაც, სავარაუდოდ, სამხრეთ კორეაში მათი შეხვედრის დროს მოხდა. აგრეთვე დიდმა ბრიტანეთმაც მოითხოვა ჯიმი ლაის დაუყოვნებლივი გათავისუფლება, ვინაიდან იგი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და ორშაბათის გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“ უწოდა. ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა თუ ორგანიზაციებმა ეს განაჩენი ჰონგ-კონგში პრესის თავისუფლების გაუარესების ნათელ მაგალითად მოიხსენიეს. ჰონგ-კონგის პრესის თავისუფლების თანდათანობითი შეზღუდვა გლობალური პრესის თავისუფლების რეიტინგშიც ნათლად აისახა, სადაც მან გასულ წლებში მსოფლიოში 140-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ავტორი: სალომე მარხვაშვილი




