2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლის თავზე საქართველო კიდევ უფრო დაშორდა აფხაზეთსა და ოსეთს, რუსეთი – საქართველოს, აფხაზეთი – დამოუკიდებლობას. ალბათ სამხრეთ ოსეთი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ნაიცონალურ პროექტს – გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი, უფრო მიუახლოვდა, ვიდრე დაშორდა. ამასთანავე, 2008 წელმა და თანმდევმა საშინაო და საგარეო პოლიტიკურმა მოვლენებმა, ერთი სიახლე ნამდვილად მოიტანა – კერძოდ, მხარეებმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ კონფლიქტი განგრძობით ხასიათს ატარებს და სტატუს-კვოს კიდევ ერთხელ შესაცვლელად არავინაა მზად.
ნაციონალები, ოცნება და “პაატა”- ანუ რატომ არ იცვლებიან ქართველები?!
საქართველოს გაცხადებული მიზანი იყო და რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; თუმცა, 2008 წლის შემდგომ, საკითხის „ქართულად“ გადაჭრის პერსპექტივა ფრიად ბუნდოვანი გახდა. ომის შემდგომ, სამხრეთ კავკასიაში, ხოლო მოგვიანებითმთიანად პოსტ-საბჭოთა სივრცეში(უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე), ძალთა ბალანსი, რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა. ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების „მოგვარების“ სამხედრო ვარიანტი, ქართველებმა თაროზე შემოდეს; დარჩა ერთადერთი გზა – მშვიდობის მოგება, ანუ საკუთარი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაძლიერება და გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს პირობებში, რაიმე იმგვარის შეთავაზება აფხაზებისა და ოსებისთვის, რაზეც უარის თქმა ფრიად გაჭირდებოდა.
ვერ ვიტყვით, რომ ქართული პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოებისთვის, ეს გზა სრულიად ახალი იყო – 2008 წლამდეც, თბილისს კონფლიქტის დარეგულირების არაერთი სამშვიდობო ინიციატივა ჰქონდა; სამწუხაროდ მოუთმენლობა, რომელიც ყველა საქმის უპირველესი მტერია, ხოლო კონფლიქტებში დამღუპველი – ქართველთა ინიციატივების განუყრელი თანმდევი იყო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ომიდან სულ რამოდენიმე კვირის თავზე, ჩვეული შეუპოვრობით იმუშავა და მალევე, კანონმდებლობისა (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) და მოგვიანებით, პოლიტიკის დოკუმენტების შეიმუშავა. . მრავალი საინტერესო იდეისა და შესაძლებლობის მიუხედავად, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას, სტრატეგიამ ვერ, ან მხოლოდ ნაწილობრივ იმუშავა; რაც ბუნებრივი და გასაგებიც იყო – გარდა იმისა, რომ ქართული ტექსტების ტერმინოლოგია (ოკუპაციის მუდმივი რეფერირება და სხვა), როგორც სოხუმისთვის, ასევე ცხინვალისთვის მიუღებელი იყო, მხარეებს აკლდათ მთავარი – ერთურთის ნდობა.
შესაბამისად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“, ფრიად რთული მემკვიდრეობა ერგო. გარკვეული ოპტიმიზმი, პაატა ზაქარეიშვილის რეინტეგრაციის მინისტრად დანიშვნამ გააჩინა (მოგვიანებით სამინისტროს სახელი გადაერქვა). იგი, კონფლიქტების თემატიკაზე, სამოქალაქო სექტორიდან მრავალი წელი მუშაობდა და გამოირჩეოდა თავისი გამბედავი, ლიბერალური ინიციატივებით. პაატა ზაქარეიშვილისა და როგორც ჩანს, მაშინდელი მმართველი გუნდის, ხედვა შემდეგ დაშვებას ეყრდნობოდა: თუ საქართველო მოახერხებდა ქართულ-რუსული ურთიერთობების შედარებით ნორმალიზაციას და პოლიტიკური დაძაბულობის დაწევას, მაშინ, პარალელურ რეჟიმში, მოხერხდებოდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური თანამშრომლობის წარმართვაც; იგულისხმებოდა, რომ რუსეთი, საერთაშორისო დონეზე ნაკლებად „ხმამაღალი“ და ზოგადად კონსტრუქციული საქართველოს პირობებში, ამ ურთიერთობებს ხელს არ შეუშლიდა; ან ნაკლებად შეუშლიდა. პარადოქსულია, მაგრამ თბილისში თითქმის არ ფიქრობდნენ, იმაზე თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა მოსკოვს ქართულ-აფხაზურ-ოსურ დაახლოებაში? ქართველთა გულუბრყვილობა განსაკუთრებით გასაკვირი ხდება, რუსეთის უზომოდ პრაგმატული და ცინიკური საგარეო პოლიტიკის ფონზე; ვრცლად რუსეთის ინტერესებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
რუსეთის ინტერესების არასწორ ინტერპრეტაციას, არახელსაყრელი საერთაშორისო მოვლენებიც დაემთხვა. საგარეო დონეზე საქართველოს პოლიტიკის ძირითადი მსაზღვრელი, უკრაინაში განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა; ყირიმის ანექსიამ და რუსეთის სამხედრო აქტივობებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, დაძაბა საერთაშორისო კონტექსტი. ხოლო, რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების ფონზე, თბილისი რაიმე სახის მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მოერიდა – გაუგებარი შეიქმნა სავარაუდო რეაქციები მოსკოვიდან, ვაშინგტონიდან, თუ ბრიუსელიდან.
სიახლეების მოწინააღმდეგეთა ბანაკი, შიგნითაც ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ახალ მინისტრს, მრავალი ოპონენტი გამოუჩნდა, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და საკუთრივ ქართული ოცნების მინისტრთა კაბინეტშიც. „კონსერვატორებისთვის“ გაუგებარი იყო, რა შედეგების მოტანა შეეძლო პირდაპირ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან; მაშინ როდესაც პროცესებზე რეალური გავლენის მოხდენა, მათი აზრით, მხოლოდ მოსკოვს შეეძლო, ხოლო დიალოგსა და პირდაპირ კონტაქტებს, შესაძლოა სოხუმისა და ცხინვალისთვის დამატებითი ლეგიტიმაცია შეეძინა.
პარადოქსულია, მაგრამ პირდაპირი ურთიერთობების დამყარების პერსპექტივას, არც სოხუმი და ცხინვალი გამოხმაურებია განსაკუთრებული ენთუზიაზმით; პაატა ზაქარეიშვილის განცხადებების ადრესატები, ძირითად, საკმაოდ თავშეკავებულნი იყვნენ.
საბოლოოდ ქართული ოცნება ფრთხილ, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც, მოზომილ პოლიტიკას დაადგა, რომელიც შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავს: რუსეთის ზომიერ კრიტიკას საერთაშორისო არენაზე, ოკუპაციის თემის აქტუალიზაციას და მის გამყარებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზე, არაღიარების პოლიტიკის აქტიურ გატარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მცირე ნაბიჯებს აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში. ეს შეთავაზებები, საკუთარი არსითა და ფორმით, ხშირ შემთხვევაში იმდენად დაბანსებულია, რომ არც პოლიტიკურ ოპოზიციაში, არც სოხუმში, არც ცხინვალში და ასე განსაჯეთ, არც მოსკოვში, განსაკუთრებულ გაღიზიანებას არ იწვევს. ყველასათვის გასაგებია, რომ ისინი სტატუს-კვოს (ყოველ შემთხვევაში დღეს) – არაფრით ემუქრება.
ალბათ, განსაკუთრებულ ცვლილელებს არც მომავალში უნდა ველოდოთ, მითუმეტეს, რომ ამომრჩეველებს შორის ქართული ოცნების მხარდაჭერა, ექვსი წლის თავზე, მნიშვნელოვნად შემცირდა; კონფლიქტები, მრავალი მოუგვარებელი სოციალური საკითხის ფონზე, ქართველთა ყოველდღიურობაში სულ უფრო მცირე ადგილს იკავებს; აფხაზთა და ოსთა მოსახიბლ ქვეყანამდეც ჯერ შორია და არც საერთაშორისო კონიუქტურა იძლევა განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს.
საბოლოო ჯამში, ქართველებს მუდმივად ეშინიათ გადადგან ნაბიჯი და დაუშვან შეცდომა, რათა ამით არ დააჩქარონ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება/დაკარგვა; თუმცა, მოგვიანებით უფრო დიდ დათმობებზე უწევთ წასვლა. დროა ეს გამოცდილება, ცოდნად ვაქციოთ.
“არაპროგნოზირებადი” რუსეთი
ჩვენ, ქართველების უმეტესობას, არ მოგვწონს რუსეთის მიდგომები, თუმცა ის რასაც რუსეთი, ბოლო ათი წელია აკეთებს თბილისთან, სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში სრულიად ეწერება იმ საგარეო ლოგიკაში, რომელსაც იგი პოსტ-საბჭოთა სივრცეში და უკვე მის მიღმაც, მისდევს. ნატოს და ევროკავშირის არ შეშვება ახალ ტერიტორიებზე და საკუთარი გავლენის აღდგენა, ყველგან, სადაც ამის საშუალებას ადგილობრივი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე იძლევა – არის ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი თანმიმდევრულად და საკმაოდ წარმატებით ატარებს; ამასთანავე, როგორც საქართველოსა და უკრაინის შემთხვევებმა ცხადჰყვეს, ამ გზაზე იგი ნებისმიერ მეთოდს იყენებს – ოკუპაციიდან დაწყებული, ანექსიით დამთავრებული.
პირველ ნაწილში, ანუ საქართველოს “არ გაშვებაში”, რუსეთი ნაწილობრივ წარმატებულია – ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ბუქარესტის სამიტიდან ათი წლის თავზე, კვლავ ბუნდოვანია; ევროკავშირის წევრობაც შორსაა. თუმცა, ერთია დე-იურე და მეორეა ფაქტობრივი სიტუაცია – დღეს საქართველოში ბევრად უფრო მეტი ნატო და ევროკავშირია, ვიდრე 2008 წელს და პირიქით.
უცნაურია, მაგრამ მეტი ნატოსა და ევროკავშირის ფონზე, დღეს საქართველოში მეტი რუსეთიცაა – ეკონომიკური ურთიერთობები, ტურისტების რაოდენობა, კულტურულ-ჰუმანიტარული კონტაქტები, ყველა ეს მიმართულება მზარდია; გაჩნდნენ პოლიტიკური პარტიებიც, მათ შორის საქართველოს პარლამენტშიც, რომელთა რუსეთისადმი დამოკიდებულება უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი.
ზუსტად ამიტომ, რუსეთი არც თბილისთან, არც სოხუმთან და არც ცხინვლათან მიმართებაში მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს. საქართველო, 2008 წლის ომმა, რუსეთს დააშორა, მაგრამ არა იმდენად, რომ იგი საბოლოო დაკარგულად ჩაითვალოს; შესაბამისად, არც ოსეთის და მითუმეტეს აფხაზეთის, ანექსია მალე არ მოხდება, მათი საქართველოზე ზეწოლის პოტენციალი, ჯერ, სრულად, არ ამოწურულა; და თუ რუსეთი, ოდესმე, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებს არ შეეწინაღმდეგება, ეს მხოლოდ საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების კონტექსტში მოხდება.
რა ხდებოდა აფხაზეთში?
2008 წლის ქართულ-რუსული ომის შედეგმა, განსაკუთრებით კი აფხაზეთის რუსეთის მხრიდან აღიარებამ – ადგილობრივ ელიტებში და ზოგადად საზოგადოებაში, დიდი აღფრთოვანება და ენთუზიაზმი გამოიწვია. თითქოსდა საქართველოს საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განუხრელი განვითარება უნდა მოჰყოლოდა. მაშინ ცოტა თუ ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად შეძლებდა აფხაზური ელიტა – სახელმწიფოებრიობის “აწევას”; იყო კი მზაობა კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, კრიმინალთან, კლანურობასთან და სხვა მრავალ, თითქმის ენდემურ, მოვლენასთან, ბრძოლისთვის?! აღარაფერს ვამბობ ისეთ გამოწვევასთან გამკლავებაზე, როგორიც შეიძლება იდგეს საზოგაოების წინაშე, რომლის მხოლოდ მესამედია სახელწიფოებრიობის იდეისადმი ლოიალური – ქართველები და სომხები, როგორც აღიარებამდე, ასევე აღიარების შემდგომ, აფხაზურ პროექტში თავს დიდად ვერ ხედავდნენ; აფხაზებს ამისთვის ბევრი არც არაფერი გაუკეთებიათ, უფრო პირიქით.
მიუხედავად ხელისუფალთა ცვლისა, არსებულმა პოლიტიკურ-საზოგადოებრივმა ელიტებმა, ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევა ვერ დაძლიეს; მეტიც, კრიმინალმა და კორუფციამ, განსაკუთრებით რაულ ხაჯიმბას მმართველობის პირობებში, შეუქცევადი და აღმავალი ხასიათი შეიძინა; ამასთანავე 2014 წელს, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებული ხელშეკრულების ფონზე, საქართველოს დასჯის საბაბითა და აფხაზეთში საკუთარი გავლენის გაზრდის მიზნით, რუსეთმა აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმება გააფორმა.
შედეგად რუსეთის ისედაც უზარმაზარი გავლენა, ამ ათი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად აბსოლუტურ კონტროლში გადაიზარდა; ყოველ შემთხვევაში ყველაფერი აქეთკენ მიდის. მართალია მოვლენათა ამგვარი განვითარება ფრიად აღიზიანებს ადგილობრივებს, თუმცა ეს გაღიზიანება ვერა და ვერ გადაითარგმნა პოზიტიურ ძალისხმევაში – სახელწიფოებრიობის, ინსტიტუტების, ეკონომიკის და სხვა დარგთა მშენებლობაში; რაც ბუნებრივია შეამცირებდა სოხუმის მოწყვლადობას მოსკოვთან მიმართებაში.
თბილისში სწუხან, მრავალი მაღალჩინოსანი აცნობიერებს, რომ საკუთარ სახელწიფოებრივ იდეაში იმედგაცრუებული აფხაზეთის ტრანსფორმაცია სამხრეთ ოსეთად, მხოლოდ და მხოლოდ დროისა და ტექნიკის ამბავია. მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, „აღიარების პარანოია“, ანუ შეცდომების დაშვების შიში – საქართველოს გაბედულ ქმედებებს, აგერ უკვე ოცდახუთი წელია აფერხებს.
რა ხდებოდა სამხრეთ ოსეთში?
საკუთარ შესაძლებლობებს, ჩამოთვლილთა შორის, ყველაზე ადექვატურად ოსები აფასებენ – დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, ცხინვალში ყოველთვის „ორი ოსეთის“ გაერთიანებას ამჯობინებდნენ. ამ ორ იდეას შორის ჭიდილი, დიდხანს მიდიოდა, თუმცა ბოლო დროს, უნიონიზმი დომინანტ პოლიტიკურ ნარატივად იქცა.
2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთიდან წამოსული ფინანსური რესურსების, ჯერ კიდევ გაუგონარი უყაირათობით ხარჯვის ფონზე, ადგილობრივი პოლიტიკური კლანების, გეოგრაფიული მდებარეობისა და არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის პირობებში, დამოუკიდებელ ოსეთზე საუბარი ოსური საზოგადოებაში სულ უფრო ნაკლებ პოპულარული გახდა. სწორედ რუსეთთან გაერთიანების ლოზუნგით, მოიგო საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები დე-ფაქტო პრეზიდენტმა – ანატოლი ბიბილოვმა.
და რადგან, ჯერჯერობით რუსეთი ოსეთის ანექსიას, თითქოსდა არ აპირებს – იძულებითი დამოუკიდებლობა, უახლოეს მომავალში, ერთადერთ პერსპექტივად რჩება.
დასკვნის მაგიერ
ჩვენი საქმეები ვერაა მთლად კარგად, მაგრამ შეიძლებოდა უარესადაც ყოფილიყო; ვისაც არ სჯერა ჩემი, შეუძლია ჩამოვიდეს თბილისში და გაიხედოს აღმოსავლეთით – ყარაბაღის, დასავლეთით – უკრაინის, განსაკუთრებით ურწმუნოებმა კი სამხრეთით – სირიის, მიმართულებით. თუმცა, გვერდებზე ყურებას, ალბათ ჯობია გავაგრძელოთ საუბარი – ჟენევაში, თბილისში, სოხუმში, ცხინვალში და თუ საქმეს წაადგება – მოსკოვში, ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც.