2025 წლის 11 ივლისს, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი.
შეხვედრის მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული მასშტაბური ტარიფები, რამაც გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა გამოიწვია. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ მკაცრად გააკრიტიკა ეს ზომები, მათ “ტიპიური ცალმხრივი ბულინგის ქცევა” უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი ძირს უთხრის თავისუფალ სავაჭრო სისტემას და აფერხებს გლობალური მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობას. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ეს ქმედებები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს განვითარების ლეგიტიმურ უფლებას ართმევს.
მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჰასანმა ხაზი გაუსვა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების აუცილებლობას გარე შოკებისგან უკეთესი დაცვის მიზნით, ვინაიდან ASEAN-ის ქვეყნები აშშ-ის ტარიფებით ყველაზე მეტად დაზარალებულთა შორისაა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს რეგიონის დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდაზე. ASEAN-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ კომუნიკეში დაადასტურეს, რომ ცალმხრივი ტარიფები “კონტრპროდუქტიულია და ზრდის გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკს”.
სავაჭრო საკითხებთან ერთად, აშშ-ჩინეთის დიალოგის დღის წესრიგში მოხვდა სხვა მწვავე გეოპოლიტიკური საკითხებიც. გამოიკვეთა აშშ-ის შეშფოთება უკრაინის ომში რუსეთთან მიმართებით ჩინეთის მხარდაჭერის გამო. აღნიშშნა, რომ ჩინეთი “მზადაა დაეხმაროს მათ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია”. ჩინეთი კი მუდმივად აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს.
ასევე განხილვის თემა იყო ტაივანის საკითხი. აშშ-ის მხრიდან შეშფოთება გამოიწვია ჩინეთის მზარდმა სამხედრო ზეწოლამ კუნძულზე. სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით, ვანგ იმ განაცხადა, რომ ეს ტერიტორია არის რეგიონული ქვეყნების “საერთო სახლი” და არა “მთავარი ძალების სადემონსტრაციო არენა”, რაც ხაზს უსვამს თანამშრომლობისა და მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას. ამასთან, ჩინეთმა მზადყოფნა გამოთქვა გააფართოვოს თანამშრომლობა ASEAN-ის ქვეყნებთან საზღვაო გარემოს დაცვის, ნავიგაციის უსაფრთხოებისა და საზღვაო სამართალდამცავ სფეროებში. თუმცა, რუბიომ აღნიშნა, რომ ბევრი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას ჩინეთის დომინირების გამო და სურს აშშ-სთან თანამშრომლობა.
ASEAN-ის შეხვედრაზე, ვანგ იმ ხაზი გაუსვა ჩინეთის, როგორც “ტურბულენტურ მსოფლიოში ყველაზე სანდო სტაბილიზაციის ძალისა” და ASEAN-ის წევრებისთვის “გამოწვევების დასაძლევად ყველაზე საიმედო პარტნიორის” მნიშვნელობას. მან მოუწოდა მხარეებს, მხარი დაუჭირონ მულტილატერალიზმს და გააძლიერონ თანამშრომლობა ციფრულ ეკონომიკაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მწვანე განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ჩინეთის შეხვედრის შემდეგ არ გამოქვეყნებულა დეტალური ერთობლივი განცხადება, რუბიომ მოლაპარაკებებს “ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური” უწოდა.