ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ახალი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩინეთმა 2020 წელს ფარულად ჩაატარა მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, გამოცდა 2020 წლის 22 ივნისს ჩინეთის სინძიანის რეგიონში მდებარე ლოპ ნურის ბირთვულ პოლიგონზე განხორციელდა. მისი თქმით, ყაზახეთში მდებარე მონიტორინგის სადგურმა 2.75 მაგნიტუდის მიწისქვეშა აფეთქება დააფიქსირა, ბირთვული დეტონაციის ნიშნებით.
ვაშინგტონის შეფასებით, მოვლენა არც სამთო სამუშაოებით და არც მიწისძვრით არ აიხსნება. ოფიციალური განცხადებით ,,ძალიან მცირეა ალბათობა, რომ ეს რამე სხვა იყოს, გარდა აფეთქებისა’’.
თუმცა ბრალდებები სადავოდ რჩება. ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების ორგანიზაციამ (CTBTO), რომელიც გლობალურ მონიტორინგის სისტემას მართავს, დაადასტურა, რომ იმ დღეს ორი მცირე სეისმური მოვლენა დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნა, რომ მონაცემები არასაკმარისია მათი ზუსტი მიზეზის დასადგენად.
სკეპტიციზმი გამოხატეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმაც და აღნიშნეს, რომ სიგნალები ძალიან სუსტია იმისთვის, რომ ბირთვულ გამოცდად ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს.
აშშ-ის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ჩინეთმა შესაძლოა გამოიყენა ე.წ. ,,დეკუპლინგის’’ მეთოდი. ეს არის ტექნიკა, როდესაც მოწყობილობა მიწისქვეშა ღრუში ფეთქდება, რაც სეისმურ ტალღებს ასუსტებს და ბირთვული აქტივობის გამოვლენას ართულებს.
პეკინი ბრალდებებს უარყოფს
ჩინეთმა კატეგორიულად უარყო ბირთვული გამოცდის ჩატარება და ბრალდებებს უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. პეკინი აცხადებს, რომ 1996 წელს ჩატარებული ბოლო ოფიციალური მიწისქვეშა გამოცდის შემდეგ ბირთვულ ტესტებზე ერთპიროვნულ მორატორიუმს იცავს.
ბრალდებები უარყო რუსეთმაც და განაცხადა, რომ არც მოსკოვს და არც პეკინს საიდუმლო ბირთვული გამოცდები არ ჩაუტარებიათ.
დავა გლობალური ბირთვული სტაბილურობისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე დროს წარმოიშვა – 2026 წლის თებერვალში New START-ის ვადის ამოწურვამ სტრატეგიულ არსენალებზე ბოლო შეზღუდვაც მოხსნა და ბირთვული შეიარაღების ზრდის საფრთხე გააძლიერა.
New START (სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება) იყო აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმება, რომელიც ზღუდავდა ქვეყნების სტრატეგიული ბირთვული იარაღის რაოდენობას და ითვალისწინებდა მათი კონტროლის მექანიზმებს. ხელშეკრულებას ხელი 2010 წელს მოეწერა.
ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე დაპირისპირება ბირთვული გამოცდების წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო ნორმების შესუსტებასა და დიდ სახელმწიფოებს შორის უნდობლობის ზრდაზე მიუთითებს.
ავტორი: მარიამ სიმსივე




