აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე საფონდო ბირჟებზე ფასები დაეცა

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მთავარი საფონდო ბირჟების ღირებულება დაეცა, მიზეზი ტრამპის მხრიდან ჩინეთის იმპორტზე სამნიშნა ტარიფის დაწესების მუქარა იყო. ჩინეთი სტრატეგიული მნიშვნელობის იშვიათი მინერალების მარაგს ფლობს, რაც მის გლობალურ დომინირებასაც განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პეკინის გადაწყვეტილება, გამკაცრებულიყო მინერალების ექსპორტი გამოწვეული იყო აშშ-ის გადაწყვეტილებით, ჩინეთის წინააღმდეგ ახალი საექსპორტო შეზღუდვები შემოიღო.

ჩინეთის მხრიდან დაწესებული ახალი სავაჭრო შეზღუდვები, რომლებიც ნოემბრიდან ამოქმედდება, ზეგავლენას მოახდენს აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ეკონომიკაზე, განსაკუთრებით იაპონიაზე, სამხრეთ კორეასა და ტაივანზე. თითოეული სახელმწიფო ფუნდამენტურ როლს ასრულებს უახლესი ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების პროდუქტის წარმოებაში. ვაშინგტონი ეკონომიკურ ზეწოლას აქტიურად იყენებს გეოპოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტად. შესაბამისად, პეკინის საპასუხოდ ტრამპის გადაწყვეტილებით ჩინურ საქონელზე დამატებითი 100 პროცენტიანი ტარიფი ამოქმედდება, რაც საერთო გადასახადს 130 პროცენტამდე გაზრდის. ფაქტობრივად, აშშ ჩინეთს სავაჭრო ემბარგოს უცხადებს, ვინაიდან ამერიკულ ბაზარზე ჩინური საქონლის შესვლა შეუძლებელი ხდება.

ხანგრძლივი სავაჭრო დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის საფონდო ბირჟებიც დაზარალდა. მას შემდეგ, რაც ამერიკულ ბირჟებზე S&P 500-მა და Nasdaq-მა უმწვავესი ვარდნა განიცადეს, Trust social-ში ტრამპმა დაწერა, რომ „აშშ-ს სურს დაეხმაროს ჩინეთს და არ ავნოს მას. ნუ იდარდებთ, ჩინეთზე ყველაფერი კარგად იქნება.“ ტრამპის კომენტარების შემდეგ კვირა საღამოს ამერიკულ ბირჟებზე სავაჭრო მდგომარეობა გაუმჯობესდა.  პეკინმა კვირას გააფრთხილა შეერთებული შტატები, როგორც ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებული კვირის განცხადება იუწყება: „ჩინეთის პოზიცია უცვლელია. ჩვენ არ გვინდა ტარიფების ომი, მაგრამ არც მის გვეშინია.“

ურთიერთგამომწვევი სავაჭრო შეზღუდვების ტალღა გაანულებს პროგრესს, რომელიც ჩინეთისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის თვეების განმავლობაში გამართული შეხვედრების შედეგად იყო მიღწეული. ამ დროისთვის გაურკვეველია, ტრამპი სავაჭრო ტარიფის მუქარას 1 ნოემბრისთვის ნამდვილად აამოქმედებს, თუ ურთიერთობა დარეგულირდება.

კვირას, ჟურნალისტებთან Air Force One-ზე საუბრისას, ტრამპმა თქვა: „ვნახოთ რა იქნება“, როცა 1 ნოემბრის ვადის შესახებ დაუსვეს კითხვა. Fox News-ის გადაცემაში „The Sunday Briefing“-ში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმსონ გრირმა თქვა, რომ ამერიკისათვის უცნობი იყო ჩინეთის მოტივი და არ ელოდნენ ჩინეთის მხრიდან საექსპორტო შეზღუდვებს, თუმცა, ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, რეგიონალურ და სახელმწიფოებრივ დონეზე ინფორმირება მოხდა.

ამავდროულად, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჩინეთს მოუწოდა გონივრულად იმოქმედონ და ხაზი გაუსვა, რომ პეკინის აგრესიული ქმედებების შემთხვევაში, ამერიკას მეტი შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, მოსალოდნელია საპასუხო რეაქცია, რაც ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური დიპლომატიისა და სტაბილურობის მიღწევის შესაძლებლობას ართულებს.

Scroll to Top