გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთი რუსეთისთვის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერისთვის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში და გააფრთხილა, რომ პეკინის ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპასა და ინდო-წყნარ ოკეანეში. მომავალ კვირას პეკინში ვიზიტის წინ გაკეთებულ განცხადებაში, ბაერბოკმა დაადანაშაულა ჩინეთი გლობალური უსაფრთხოებისთვის საფუძვლის გამოცლაში, რაც რუსეთის მხარდაჭერასა და ევროპის ძირითად ინტერესებთან დაპირისპირებაში გამოიხატა.
„როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, ჩინეთი ეწინააღმდეგება ჩვენს ძირითად ევროპულ ინტერესებს რუსეთისთვის ეკონომიკური და სამხედრო დახმარებით“, – თქვა ბაერბოკმა. მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე, თავის ჩინელ კოლეგასთან, ვანგ ისთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მთელ რიგ საკითხებს განიხილავს, მათ შორის, უკრაინის ომს.
ბაერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არა მხოლოდ პირდაპირი საფრთხეა ევროპული მშვიდობისთვის, არამედ მას გლობალური მასშტაბის შედეგებიც მოჰყვება. მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი აჩვენებს, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპის უსაფრთხოება აზიის უსაფრთხოებასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კორეა აგზავნის ჯარისკაცებსა და იარაღს რუსეთის მხარდასაჭერად, ხოლო რუსეთი ეხმარება ფხენიანს ბირთვული პროგრამის განვითარებაში. „თუ ჩრდილოეთ კორეა აგზავნის ჯარისკაცებსა და იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთი მხარს უჭერს ფხენიანის ბირთვულ პროგრამას, მაშინ ეს საფრთხეს უქმნის მშვიდობას როგორც აქ, ასევე ინდო-წყნარ ოკეანეში“, – თქვა მან.
ბაერბოკის განცხადების საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა, უარყო ბრალდებები. ”ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება უსაფუძვლო ბრალდებებსა და განტევების ვაცებს, ისევე როგორც პოლიტიკურ მანიპულირებას”, – თქვა ლინმა და გაიმეორა ჩინეთის დიდი ხნის პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩინეთი ამტკიცებს, რომ ნეიტრალურია ომში და აცხადებს, რომ იგი არ უწევს ფუნდამენტურ დახმარებას არცერთ მხარეს, განსხვავებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნებისგან. თუმცა, ჩინეთის მჭიდრო პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კავშირებმა რუსეთთან, აიძულა ნატოს წევრები, პეკინისთვის ომის “გადამწყვეტი გამცემი” ეწოდებინათ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე დიდი ხანია უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია, რომელიც მუდმივად მოუწოდებს პეკინს, უფრო მტკიცე პოზიცია დაიჭიროს რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ. გასულ წელს მიცემულ ინტერვიუში ბაერბოკმა პარალელი გაავლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის და თქვა, რომ რუსეთის გამარჯვება მოტივაციას მისცემს სხვა დიქტატურებს მთელს მსოფლიოში. ”თუ პუტინი ამ ომს მოიგებდა, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი, ჩინეთის პრეზიდენტი?”, განაცხადა ბაერბოკმა 2023 წლის სექტემბერში.
ბაერბოკის ჩინეთში ვიზიტის კვალდაკვალ, გერმანია-ჩინეთის ურთიერთობების მომავალი გზაჯვარედინზეა, რადგან აღნიშნული ქვეყნები ეკონომიკური თანამშრომლობის, გლობალური უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში კონკურენტული პრიორიტეტებით გამოირჩევიან. მათ ამ გამოწვევების დაბალანსება მოუწევთ, რათა ჩინეთ-ევროპის ურთიერთობები მომდევნო წლებში იყოს სტაბილური.