ბაიდენმა ჰონგ კონგის ოფიციალურ პირებზე სანქციები გაახანგრძლივა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომლითაც ხუთი წლით გაახანგრძლივა 2019 წლის „ჰონგ კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის აქტი“. აქტი მოიცავს სანქციებს ჩინეთის ავტორიტეტულ ფიგურებზეც, რაც ჰონგ კონგის ავტონომიურობის, ისევე, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებების შელახვითაა დასაბუთებული.

კანონმდებლობა ყოველწლიური „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ (NDAA) ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს ფინანსებსა და აშშ-ს სამხედრო პოლიტიკას შემდეგი ფისკალური წლის განმავლობაში. გარდა ჰონგ კონგის აქტისა, გახანგრძლივდა „ტიბეტზე ორმხრივი წვდომის“ და „უიღურების ადამიანთა უფლებების პოლიტიკის“ აქტები.

ჰონგ კონგი და პეკინი ამერიკულ სანქციებს გმობენ და ვაშინგტონს აფრთხილებენ, რომ სანქციები თავად აშშ-ს ვნებს, რის არგუმენტადაც აშშ-სა და ჰონგ კონგს შორის სავაჭრო ურთიერთობას ასახელებენ.

ამერიკული სანქციების სიმკაცრეს ზურგს უმაგრებს აშშ დოლარის გავლენა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე – მსგავსი შეზღუდვების სიაში მოხვედრილი პირებისთვის წესდება როგორც ფინანსური, ისე სამოგზაურო შეზღუდვებიც.

ჰონგ კონგის მოქმედმა თავმჯდომარემ უსაფრთხოების საკითხებში, ქერი ლემმა განაცხადა, რომ ის სანქციებს თავს არიდებდა ხელფასის „ქეშით“ (ნაღდი ფული) აღებითა და თავის რეზიდენციაში შენახვით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნოემბერში დამატებითი სანქციები დააანონსა, რაც, ძირითადად, სავიზო შეზღუდვებს შეეხება.

აღნიშნული ზომების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ჰონგ კონგში ოპოზიციის 45 წარმომადგენელი დააკავეს ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით.

საპასუხოდ, ჩინეთიც აწესებს სანქციებს იმ ამერიკელ პირებზე, რომელთა საქმიანობასაც (იგულისხმება ჰონგ კონგთან მუშაობა) იგი ნეგატიურად აფასებს.

Scroll to Top