“განათლების პოლიტიკა უსაფრთხოების სამსახურში”

საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონში მდებარე მრავალკულტურული ქვეყანა, გამოირჩევა ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური მრავალფეროვნებით. მოსახლეობის 13.2%-ს შეადგენენ ეთნიკური უმცირესობები, რომელთაგან ყველაზე მსხვილი ჯგუფებია აზერბაიჯანელები და სომხები. ქვეყნის მრავალეროვნულობა და განსხვავებული რელიგიური კონფესიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ არა მხოლოდ საქართველოს შიდა მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ამ ფონზე, საქართველოში დემოკრატიის განვითარების პირობებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მულტიკულტურული საზოგადოების ინტეგრაცია და ინტერკულტურული დიალოგის განვითარებაა. თანამედროვე გამოწვევების ფარგლებში, სამოქალაქო განათლება წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს, რომელიც უწყობს ხელს სამოქალაქო იდენტობის ჩამოყალიბებასა და პატივისცემის კულტურის გაძლიერებას.

უამრავი გამოწვევის ფონზე, საქართველო სრულფასოვანი სამოქალაქო იდენტობის ფორმირების პროცესშია. შესაბამისად, საინტერესოა, სხვადასხვა მეტ-ნაკლებად წარმატებული მაგალითის ფონზე განვიხილოთ, თუ რა გზა გაიარეს დღემდე და როგორ ადაპტირდა უმცირესობათა მონაწილეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოთა საგანმანათლებლო მიდგომები, როგორია სტანდარტის დამდგენი ნორმატიული ჩარჩო, რა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები ამყარებს სახელმწიფოების ვალდებულებებს პატივი სცენ ეროვნული უმცირესობების უფლებებს და ა.შ. ჩვენი ნაშრომი სწორედ ამ საკითხებს ეხება.

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მცდელობას ერთ სივრცეში გაერთიანდეს სამოქალაქო იდენტობის ფორმირების სხვადასხვა დისციპლინაში განხილული თემები (კულტურული, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და სხვა) და მიმოიხილავს მრავალფეროვნების პრაქტიკაში დანერგვას საფრანგეთის, შვეიცარიის, ლიეტუვის და იტალიის განათლების პოლიტიკის მაგალითებზე.

Scroll to Top