“სამოქალაქო იდეას“ ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი შაიშმელაშვილის ინტერვიუ აქცენტთან
ფარცხალაძე ღიად მოქმედებდა, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტმა ფაქტობრივად, თქვა ის რის შესახებაც ქართული მედიაც საუბრობდა: საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, დააგროვა ქონება: და ამ ყველაფრის საფასური რა არის? რუსებისთვის გასაგებია რასაც მოსთხოვდნენ – ამ ქვეყანაში რუსული განწყობების სხვადასხვა ფორმით წახალისება. და ეს არ არის „ალტ–ინფოსთვის“ ფულის „ქეშად“ ჩამოტანა. მსგავს საქმეს ფარცხალაძეზე დაბალი მასშტაბის ხალხი აკეთებს;
მეორე – როგორ წარმოგიდგენიათ, აშშ–ის სანქციებს რა ეფექტი ექნებოდა, ყველა ქვეყანას, მათ შორის პარტნიორებს რომ გასჩენოდათ კითხვები სანდოობასთან დაკავშირებით?! დიახ, საერთაშორისო გლობალურ წესრიგში აშშ–ის გავლენა დგას, მათ შორის, ამ ნდობაზეც. შემხვედრ კითხვებს არ უსვამენ პირველ რიგში იმის გამო, რომ თუ ეს სისტემა მოიშალა და ნდობის პრობლემა დადგა, შემდეგ ბევრად დიდი პრობლემები თავად ამ სახელმწიფოებს შეექმნებათ. ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში შეიძლება იყოს დასანქცირებული პირი, რომელზეც შესაძლოა, გული ძალიანაც შესტკივათ იქაურ მოქალაქეებს, სასამართლოს და ა.შ. მაგრამ კითხვები არ დასმულა, რადგან არსებობს ასეთი დაუწერელი წესი. მისი ალტერნატივაა სრულიად ჩამოქცეული გლობალური საერთაშორისო წესრიგი, ხოლო შედეგი – „აფეთქებული“ ახლო აღმოსავლეთი, დანგრეული უკრაინა, დაპყრობილი ტაივანი და ა.შ. თუ ვინმეს ასეთ მსოფლიოში ცხოვრება სურს, სხვა ამბავია, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, სისულელეა, მოსთხოვო მტკიცებულება, რომელსაც მას [აშშ–ს] ზოგადად არ სთხოვენ!“.
შაიშმელაშვილის დაკვირვებით, ლილუაშვილი საზოგადოებრივი განწყობებით მანიპულირებს, ესმის რა, რომ მტკიცებულებებზე მითითებით იწვევს უარყოფით ემოციებს საზოგადოებაში აშშ–ს მიმართ: „თუ მეგობრები არიან, რატომ არ გვიზიარებენო“ – ასე „ლაგდება“ საშუალო სტატისტიკური ქართველის თავში, ხოლო „ოცნების“ ამომრჩევლის გონებაში – „ცალ ფეხზე არ ვიდგებით, მაღალი სუვერენიტეტი გვაქვს, გარედან ვერ მოგვახვევენ თავს, ჩვენ გადავწყვეტთ (რაზეც ხშირად ლაპარაკობენ ბოლო პერიოდში)…“.
ამრიგად, შაიშმელაშვილის დასკვნით, ლილუაშვილი ერთის მხრივ, აცნობიერებს, რომ პოლიტიკური გზავნილების თვალსაზრისით „მომგებიან სიტუაციაშია“, ხოლო მეორეს მხრივ, იცის, პრაქტიკაში მსგავსი რამ არ ხდება:
„და საერთოდაც, მეეჭვება, ასეთი წერილი სადმე გაეგზავნათ, დაიცინებოდნენ!“,– დასძენს მკვლევარი.
შაიშმელაშვილი იზიარებს შეფასებებს ერთის მხრივ, საგამოძიებო მოქმედებების დაგვიანების, მეორეს მხრივ, გამოძიების ფორმალურად წარმართვის თაობაზე, დარწმუნებულია რა, რომ „მფარველის არარსებობის“ პირობებში, რამდენიმე გარემოება აუცილებლად მიიქცევდა შესაბამისი უწყებების ყურადღებას, მათ შორისაა ტოტალური ფარული მიყურადება, რის გამოც ხშირად არის სუს–ი კრიტიკის სამიზე:
„თავდაცვის სამინისტროში უამრავი თანამშრომელი მყავდა, დეკლარაციის შევსებისას ლარის ცდომილების გამო რომ დაჯარიმდნენ. იმის თქმა მინდა, რომ თავად სისტემა კორუფციასთან მიმართებით, თუ ეს არ არის გამონაკლისი „ზემოდან“ დაშვებული, ფხიზელია. ბევრი მექანიზმი აქვთ, ფარცხალაძის აქტივობები არ გამოპარვოდათ;
გარდა ამისა, აქ არის საზღვრის კვეთის, ოპერატიული თვალთვალის საკითხები… იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში რუსეთი საფრთხეა, რუსეთის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის ფიგურის გადაადგილება, გარკვეული ტიპის ალარმს აანთებდა. სუს–ს ყველა უწყებაში უზის თავისი კადრი უსაფრთხოების ოფიცრის სახით და ისინი ამას აუცილებლად ჩაინიშნავდნენ. მას არ ექნებოდა ფუფუნება, ევლო თავისუფლად, ბიზნესი წამოეწყო, მაღალი დონის შეხვედრები გაემართა, აქ ინვესტიციები ჩამოეტანა, რომ არა მფარველობა“.
მისთვის სადღეისოდ საკითხი ამგვარად დგას: „რუსები ფარცხალაძეზე დამოუკიდებლად გავიდნენ და კიდევ ერთი აქტორი გააჩინეს მისი სახით? რისი ალბათობაც დაბალი მგონია, რადგან ის მჭიდროდ იყო მიბმული ივანიშვილზე; მეორე – როგორც ჩანს საქართველო რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების ადგილი ხდება. როგორც ჩანს, რუსებისგან იყო მოთხოვნა და ივანიშვილმა გამოყო ფარცხალაძე, როგორც ყველაზე ერთგული, რომელიც ამ საქმეს შეასრულებდა. ეს ალბათობა უფრო მაღალი მგონია“.
შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძის „ქეისი“ ძალიან ბევრი რამის ინდიკატორია და განსაკუთრებით ორი რამის გამოა საგანგაშო:
„მანამდე ჩვენ ვვარაუდობდით, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ზედმეტად შემოჟონა ქართულ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ სხეულში, მაგრამ ამ მასშტაბით სახელმწიფო ინსტიტუტებში ასეთი არაფორმალური გავლენების მქონე პირებზე თუ გავიდოდნენ და ასე იქნებოდნენ ჩანერგილები, ვერ ვუშვებდი;
საგანგაშოა იმიტომ, რომ ნებისმიერი სხვა მოქმედება, მათ შორის, პარლამენტში სუს–ის ანგარიშების წარდგენა უბრალოდ აზრს კარგავს. ჩვენ ფაქტობრივად ვართ ვითარებაში, როდესაც იმას, რასაც რუსეთი მაგალითად, უკრაინაში ისახავდა მიზნად – დემილიტარიზაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა – აქ ტყვიის გასროლის გარეშე ახორციელებს, რადგან ჩვენი არც ერთი კუნთი, არც ჯარის, არც სპეცსამსახურების სახით, უბრალოდ აღარ მუშაობს! თან სპეცსამსახურების თეატრი უხილავია, სადაც ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობს“.
შაიშმელაშვილის ანალიზის მიხედვით, 2008 წლის შემდეგ საქართველო „გადარჩა“ იმის წყალობით, რომ მათ შორის, ახალმა ხელისუფლებამ „რაღაც ეტაპამდე“ არ დაუშვა რუსული გავლენის „შეჟონვა“ სახელმწიფო ინსტიტუტებში. ეს კი თავისთავად ორ რამეს გულისხმობდა: კორუფციის და პირდაპირი მნიშვნელობით სპეცსამსახურების არშეშვებას, რადგან „თუ შედის კორუფცია, იქვე აუცილებლად ჩნდება რუსული სპეცსამსახურიც“.
„არ ვიცი, ამათ პირველი რომელი დაემართათ – სიხარბით ფულს მოკიდეს ხელი და შემდეგ რუსები შემოუშვეს, თუ პირიქით, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ვინაიდან ამ ფრონტზე ვაგებთ, ეს ნიშნავს, რომ ერთ დღესაც რუსეთმა აქ კონვენციური ოპერაციის ჩატარება რომ გადაწყვიტოს… მაგალითად, რატომ ვეჭვობდით, რომ 190 000–იანი დაჯგუფებით ომი არ დაიწყებოდა [უკრაინაში] ? რუსებს მანამდე ჰქონდათ დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც ჩაუვარდათ. ეს გულისხმობდა ადგილობრივი ელიტების მოსყიდვას. ეს ეტაპი, რომელსაც მაფორმირებელი, გნებავთ ჰიბრიდული ომის ერთი ფაზა შეიძლება ვუწოდოთ, რუსეთს საქართველოში წარმატებით აქვს დასრულებული!“
ინტერვიუ სრულად ?