30 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინფინგთან სავაჭრო შეთანხმებას „ძალიან მალე“ გააფორმებს. შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო ასევე იმპორტზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმდა ფენტანილის იმპორტზე დაწესებული ტარიფის 20%-დან 10%-ზე შემცირებაზე. ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფების დონე კი 57%-დან 47%-მდე დაეცა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეხვედრის განმავლობაში თაივანის შესახებ მხარეებს არ უსაუბრიათ.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის შემდეგ სავაჭრო გარიგება არ გაფორმებულა, შეხვედრაზე მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი კონსენსუსი ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის, იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების მოგვარებაზე. ჩინეთმა განაცხადა, რომ ერთი წლით უნდა შეჩერდეს საექსპორტო კონტროლის ზომები კრიტიკულ მინერალებზე. ტარიფების შემცირების სანაცვლოდ, ჩინეთის მხარე “უზარმაზარი რაოდენობით” ამერიკულ სოიოს შეიძენს, რაც აშშ-სთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ფერმერები, ჩინეთთან სავაჭრო უთანხმოებების გამო, მილიარდობით დოლარს კარგავდნენ.
ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დიალოგი კონფრონტაციას სჯობს“. მან მოუწოდა ამერიკის მხარეს კომუნიკაციის გაღრმავებისკენ და დაასახელა თანამშრომლობის პოტენციური სფეროები:
- არალეგალურ იმიგრაციასთან და ტელეკომუნიკაციურ თაღლითობასთან ბრძოლა;
- ფულის გათეთრება;
- ხელოვნური ინტელექტი (AI);
- ინფექციურ დაავადებებზე რეაგირება.
შეხვედრის განმავლობაში საუბარი იყო უკრაინის საკითხზეც. ტრამპი და სი ძინფინგი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რათა ხელი შეუწყონ კონფლიქტის დასრულებას.
საბოლოოდ, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ეკისრებათ ერთობლივი პასუხისმგებლობა მსოფლიოს წინაშე არსებული რთული პრობლემების გადასაჭრელად.




